Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო!


8 ივნისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს, საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. საპარლამენტო არჩევნები და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. პოლიტიკურ პარტიებს წინ საკუთარი ამომრჩევლის მისამხრობად 4 თვე აქვთ.

8 ოქტომბერი - საპარლამენტო არჩევნების თარიღი. 8 ივნისი - წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი და შემდგომი ოთხი დაძაბული თვე მზადება არჩევნებისათვის. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სწორედ 8 ივნისიდან ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული ის შეზღუდვებიც, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებისა და საჯარო მოხელეების, ასევე თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. საარჩევნო კანონმდებლობით, წინასაარჩევნო პერიოდში აკრძალულია საკუთარი საარჩევნო კამპანიისათვის ადმინისტრაციული რესურსის, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. ამის თაობაზე განცხადება ბათუმში გარემოს დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე მყოფმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა. მან თქვა, რომ „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში იზღუდება“, ხოლო დღეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო შეაფასა როგორც „გაუმჯობესებული“.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„კონტრასიგნაცია გაკეთდა და 8 ივნისიდან საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი წესები შედის ძალაში, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“.

გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა, ახალი განკარგულება კი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე 3 ივნისს გამოსცა. მთავრობის მეთაურს მასზე ხელმოსაწერად, კანონით, 10 დღის ვადა ჰქონდა.

წინასაარჩევნო პროცესში ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი უფლებებით ისარგებლებს, განაცხადა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ. მის პათოსს მმართველი გუნდის სხვა წევრებიც იზიარებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი ოპონენტებს წინასაარჩევნო პერიოდში „სწორად მოქცევისაკენ“ მოუწოდა.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ ჯერჯერობით ის მინისტრის პოსტზე ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას, ხოლო როდესაც საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, როგორც ეს კანონით არის დადგენილი, შვებულებით ისარგებლებს.

„არ ვიყენებთ არანაირ ადმინისტრაციულ რესურსს. საქართველოში შემუშავებულია არაერთი მექანიზმი, რომელიც ამის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. ტყუილ ბრალდებებს ვერ მივიღებთ, ხოლო თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტი ექნება, ამას, ცხადია, რეაგირება მოჰყვება“, - ეს განცხადება მედიასთან ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი უკვე ჩივიან არათანაბარ საარჩევნო გარემოზე. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, შუალედურმა არჩევნებმაც დაადასტურა, რომ პარტიებს დაძაბული ბრძოლა ელით:

გიორგი ცაგარეიშვილი
გიორგი ცაგარეიშვილი

„საარჩევნო გარემო არის საკმაოდ რთული, დაძაბული და ეს შუალედურმა არჩევნებმაც დაადასტურა. გარდა ამისა, ყველა ფინანსური საშუალება და გზა კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების მიერ და არცთუ ისე ბევრ ადამიანს აქვს სურვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიას რამე თანხა შემოსწიროს“.

„თანასწორობა იმ მარტივი მიზეზით ვერ იქნება, რომ ზოგი პარტია ძალიან მდიდარია, ზოგიც ძალიან ღარიბი“, - თქვა რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმაც და შენიშნა, რომ ამ მხრივ სამართლიანობა ვერ გვექნება, თუმცა, მისი თქმით, ეს არ იქნება ორპარტიული არჩევნები, არამედ - მრავალპარტიული, ამ თვალსაზრისით კი ეს არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ევროპულ არჩევნებად.

წინასაარჩევნო ბრძოლისთვის მზად არიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, თუმცა, როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, სერგო რატიანი, შენიშნავს, საარჩევნო გარემო საქართველოში - არც მეტი, არც ნაკლები - ასე გამოიყურება:

„ძალადობა, სასამართლოს დაქვემდებარება, მედიის დაქვემდებარება და საარჩევნო კანონის თავის თავზე მორგება. ამაზე უფრო ცუდი სასტარტო პირობების შექმნა წინასაარჩევნოდ მართლა ძნელი წარმოსადგენია“.

უკმაყოფილოა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომლის პოლიტიკური ძალა, როგორც გაირკვა, არჩევნებზე ხუთ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის და კახა კუკავას პარტია ”თავისუფალ საქართველოსთან", კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ”თავისუფლებასთან”, აკაკი ასათიანის ”ტრადიციონალისტთა კავშირთან”, გოჩა ჯოჯუას "ახალ ქრისტიან-დემოკრატებსა" და გია ბერძენაძის ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობასთან” ერთად იბრძოლებს ადგილებისათვის პარლამენტში.

„ჩვენ, როგორც კვალიფიციური სუბიექტი, ვითხოვდით წევრს ცესკოში და უარი გვითხრეს. ჩვენ ჩამოგვერთმევა საარჩევნო ნომერი, გვართმევენ უფასო საეთერო დროსაც - საათში 1 წუთი უნდა გვქონოდა და ახლა გვექნება 25 წამი. ყველაფერი წაგვართვა ხელისუფლებამ და მოერგო სააკაშვილის მიერ მიღებულ საარჩევნო კოდექსს“.

გარკვეული გამონაკლისები შეიძლება იყოს, მაგალითად, შენობები გამოიყენონ პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგრამ ასეთ დროს არადისკრიმინაციული უნდა იყოს ეს მიდგომა და ამ შენობის გამოყენების უფლება ყველაზე თანაბრად უნდა განაწილდეს...
ლევან ნატროშვილი

არჩევნების ჩასატარებლად მზად არის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა 8 ივნისს, დღეისათვის ცესკოში 27 პარტიის განაცხადია შესული და მათგან რეგისტრაცია ხუთს აქვს გავლილი. რაც შეეხება მოქმედი თანამდებობის პირებს, ანა მიქელაძის განმარტებით, არსებული კანონმდებლობით, მინისტრებს, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, შეუძლიათ თანამდებობა დატოვონ არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 თვისა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეიდან პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ. კანონით აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა).

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს სწორედ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უკავშირდება:

ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

„არ უნდა გამოიყენონ სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობები, ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური ქონება რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. გარკვეული გამონაკლისები შეიძლება იყოს, მაგალითად, შენობები გამოიყენონ პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგრამ ასეთ დროს არადისკრიმინაციული უნდა იყოს ეს მიდგომა და ამ შენობის გამოყენების უფლება ყველაზე თანაბრად უნდა განაწილდეს“.

ასევე, არ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ, - გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელმა კოტე კანდელაკმაც.

„კანონში არსებობს შეზღუდვა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ორი თვით ადრე შეცვალოს ბიუჯეტი, მაგალითად, და ახალი სოციალური პროგრამები დააფინანსოს“.

კანონით დადგენილი წესები მედიამაც უნდა დაიცვას. კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი, ”მაუწყებლობის შესახებ“ კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ”საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად. არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან მაუწყებლებმა საარჩევნო სუბიექტებისათვის უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოყონ. უფასო სარეკლამო დროით ყველა ის პარტია ისარგებლებს, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG