Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხი ”ვისოლის” გაზგასამართი სადგურის წინააღმდეგ


”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” ისნის რაიონის მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ დოდაშვილის მოედანზე ”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” მიერ დაწყებული ავტოგაზგასამართი სადგურის მშენებლობის შეჩერებას. მოსახლეობას აწუხებს გაზგასამართი სადგურის აშენება მჭიდრო დასახლებაში, რადგან მიიჩნევს, რომ ის მათ საფრთხეს უქმნის. გაზგასამართი სადგურის მშენებლობა ქალაქის მერიის შესაბამისი ნებართვით მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ეკოლოგიური სამართლის ცენტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები.

ისანში, დოდაშვილის მოედანზე, იქ, სადაც კომპანია ”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გაზგასამართი სადგური შენდება, ღობეა შემოვლებული. ღობის მიღმა მძიმე ტექნიკის მუშაობის ხმა ისმის, ღობეზე კი გაკრულია აბრა, რომელიც ადასტურებს, რომ მშენებლობისთვის ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურს აქვს გაცემული. თუმცა, როგორც ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრისა” და მოსახლეობის ერთობლივ საპროტესტო აქციაზე ითქვა, მოსახლეობას ეს ნებართვა არ აკმაყოფილებს და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს:

‘მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე’. უკაცრავად და, სად არის კითხვებზე პასუხი? ამით დამთავრებულია ...
ნანა ბოკუჩავა
”ამ სატრანსპორტო კვანძზე ერთი მთვრალი მძღოლის გამოსვლა, ერთი არასწორი შემთხვევა შეიძლება გახდეს მთელი ამ მოსახლეობის უმალ დაღუპვის მიზეზი, ანუ აქ ჩვენ გვაქვს არჩევანი ნელ სიკვდილსა და სწრაფ სიკვდილს შორის, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია ადამიანებს, რომლებიც ასეთ ძველ უბნებში ვცხოვრობთ. იმისათვის, რომ ერთმა კომპანიამ ისარგებლოს, ხდება მოსახლეობის ინტერესისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უგულებელყოფა.”


როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მშენებლობის სიახლოვეს მცხოვრებმა ნანა ბოკუჩავამ გვითხრა, მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიას, ადგილობრივ გამგეობას. ნანა ბოკუჩავას სიტყვებით, ეკონომიკის სამინისტრომ საპასუხო წერილში ახსნა, რომ ეს თემა მათ კომპეტენციას სცდება, წერილობით კითხვაზე კი, ვინ არის მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და რამდენად უსაფრთხო იქნება უკვე მოქმედი გაზგასამართი სადგური ახლომახლო მოსახლეებისთვის, მერიამ ამ შინაარსის პასუხი გასცა:

გაზგასამართი სადგურის მშენებლობა
გაზგასამართი სადგურის მშენებლობა
” ‘მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე’. უკაცრავად და, სად არის კითხვებზე პასუხი? ამით დამთავრებულია”, ამბობს ნანა ბოკუჩავა.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის სიტყვებით, გაზგასამართი სადგურის მშენებლობისას დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, რაც შესაძლოა მძიმე შედეგის მომტანი იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის:

” ჩვენ ვაძლევთ 48 საათიან ვადას ”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას”, რათა შეაჩერონ აღნიშნული გაზგასამართი სადგურის მშენებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეწინააღმდეგება ნორმატიულ აქტებს, კერძოდ, ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებას. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საცხოვრებელი სახლები დაშორებული უნდა იყოს 5 მეტრით, 25 მეტრით დაშორებული უნდა იყოს სკვერები და პარკები და ეს ყველაფერი არის დარღვეული.”

გეუბნებით ვმუშაობთ-მეთქი, მე პირადად არ მაქვს უფლება თქვენ შეგეხოთ და კერძო ბიზნესს შევეხო, არ მაქვს ამის უფლება ...
იოსებ ჯვარშეიშვილი
გაზგასამართი სადგურის მშენებლობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციას ნავთლუღის რაიონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე იოსებ ჯვარშეიშვილიც შემოუერთდა. მან აქციის მონაწილეეებს პირობა მისცა, რომ ზემდგომ უწყებებს საქმის კურსში ჩააყენებს, თუმცა არ შეჰპირებია, რომ პრობლემა მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდება. იოსებ ჯვარშეიშვილის გამოჩენას აქციაზე ხმაური მოჰყვა:

” რატომ არ ახდენთ რეგირებას?“

„გეუბნებით ვმუშაობთ-მეთქი, მე პირადად არ მაქვს უფლება თქვენ შეგეხოთ და კერძო ბიზნესს შევეხო, არ მაქვს ამის უფლება. ჩემზე ზემდგომს ჩავაყენებ საქმის კურსში.”

მუნიციპალიტეტის თავმჯომარემ იოსებ ჯვარშეიშვილმა აქცია მალევე დატოვა. რადიო თავისუფლება ”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ოფისს დაუკავშირდა. იქ შეგვპირდნენ, რომ ვითარებაში გაერკვეოდნენ და ეცდებოდნენ პასუხი გაეცათ, მაგრამ ამ დრომდე პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG