Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 20 ოქტომბერი


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში რამდენიმე სტატია დაიბეჭდა საქართველოს შესახებ. წერილების უმრავლესობა კვლავ 1 ოქტომბრის არჩევნებს და მის შედეგებს ეხებოდა.

13 ოქტომბერს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა ელენ ბარის სტატია, სახელწოდებით „საქართველოში ეკლესიის ძალა პრეზიდენტის მეტოქეებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა“. სტატია ასე იწყება: „როცა საქართველოში მაღალი დაძაბულობით გამორჩეული საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა, ქვეყნის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თავის სპეციფიკურ წინასაარჩევნო რიტუალს მიმართა. მისი ორგანიზებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრიალებდა თვითმფრინავი, რომელშიც ხატები და წმინდა ნაწილები იყო მოთავსებული და მღვდლები ქვეყნის მომავლისთვის ლოცულობდნენ. ეს რიტუალი წარმოადგენდა ძველი პრაქტიკის გათანამედროვებულ ვერსიას - პრაქტიკის, რომელსაც მტრის შემოსევების და სხვა სახის განსაცდელის წინ მიმართავდნენ ხოლმე“, - წერს ელენ ბარი და განაგრძობს: „ეს მრავლისმთქმელი ჟესტი იყო საქართველოს ეკლესიის მხრიდან, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა, როგორც წესი, ეს კულისებს მიღმა ხდება. ამ არჩევნებით დასრულდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის რვაწლიანი მმართველობა, ისევე როგორც მათი მხრიდან ამ კონსერვატიულ საზოგადოებაში დასავლური პრაქტიკის დანერგვის ხანდახან აგრესიული მცდელობები. სწორედ ამ სულისკვეთების გამო ბატონ სააკაშვილის მთავრობას დროდადრო კონფლიქტი ექმნებოდა ეკლესიასთან - კონკურენციის ძალიან მაღალი დონით გამორჩეული ამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი, ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა“.

12 ოქტომბერს ჟურნალ „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნდა ჯეიმი კირჩიკის სტატია, რომლის სახელწოდებაც შეიძლება ასე ითარგმნოს: „დიდი მოულოდნელობა“. კირჩიკი წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები პოლიტიკური პარტიების შესახებ გამოკითხვების ავტორი ამერიკული ორგანიზაციებისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, და დასძენს, ამ ორგანიზაციებს და მათ მკვლევრებს სწორი შეკითხვები უნდა დაესვათო. „იმის მიუხედავად, ეს ციხის სკანდალის გამო მოხდა, უკმაყოფილების გამომწვევი ფაქტორების კომბინაციის თუ, როგორც ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, პოპულარობის ფართომასშტაბიანი ვარდნის, რომელიც გამოკითხვებში „შიშის კლიმატის“ გამო არ აისახებოდა, სააკაშვილის პარტიამ არჩევნებში წააგო, რამაც დიდად გააკვირვა საერთაშორისო მედია, დასავლეთის მთავრობები და ორივე მხარის მიერ დაქირავებული უამრავი პოლიტიკური მრჩეველი“.

14 ოქტომბერს ბრიტანულ „გარდიანში“ დაიბეჭდა ლუკ ჰარდინგის წერილი, სახელწოდებით „წერილი თბილისიდან: საქართველო დემოკრატიას ითვისებს, მაგრამ საკუთარ წარსულს ანგრევს“. სტატიაში ვკითხულობთ: „იყო დრო, როცა საქართველოს დედაქალაქი ხალხს თავისი სანახევროდ დანგრეული, ძველი ნაგებობებით ხიბლავდა. ახლა კი ამ შენობებს ქვეყნის მოდერნიზატორი პრეზიდენტი აქრობს“. წერილზე მუშაობის პროცესში ჰარდინგს უსაუბრია ამჟამად თბილისში მცხოვრებ ბრიტანელ მწერალთან, პიტერ ნასმიტთან, რომელსაც უთქვამს, რომ ძველი შენობების ნგრევის პროცესი 2007 წლის შემდეგ დაჩქარდა და რომ ამ ეტაპისთვის ძველ თბილისში ნაგებობების უკვე მესამედია დანგრეული. კერძოდ, მწერლის სიტყვებით, ძველ თბილისს „ანგრევენ და მას დისნეის მსგავსი მისივე ვერსიით ცვლიან ... ეს თბილისის აზიური ნაწილია. ჩვენ ვკარგავთ დაკიდულ ხის აივნებს. მათ ანგრევენ და სრულიად ახლებურ სტილში აშენებენ. ეს გულისმომკვლელი პროცესია“.

12 ოქტომბერს ჟურნალ „ნეიშენალ ინტერესტში“ გამოქვეყნდა სერგეი მარკედონოვის წერილი - „ახლა რა ელის საქართველოს?“ წერილის ავტორი იმის შესახებ საუბრობს, თუ ახალი მთავრობის პირობებში რა ცვლილებებია მოსალოდნელი სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკაში. „ივანიშვილის კოალიციაში არიან პოლიტიკოსები და საჯარო პირები, რომლებიც სისტემატურად უარყოფდნენ კონფრონტაციას სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. უნდა ველოდეთ ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ რეგიონების მიმართ თბილისის მიერ გატარებულ ოფიციალურ პოლიტიკაში?“ - იკითხავს მარკედონოვი წერილის დასაწყისში. შემდეგ ავტორი მიმოიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს - მათ შორის, „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ ამ რეგიონებთან მიმართებით გაატარებს ახალ კონცეფციას - „ყველაფერი, აღიარების გარდა“. წერილის ბოლოსკენ მარკედონოვი დაასკვნის, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ წამოყენებული ახალი ინიციატივები, საერთო ჯამში, მართლაც უხსნის გზას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შესახებ დისკუსიაში უფრო მეტი ბალანსის, ნიუანსის თუ პრაგმატიზმის გაჩენას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ეს პოლიტიკა რამდენად წარმატებული თუ სიცოცხლისუნარიანი იქნება. „ეს ცარიელ დეკლარაციად რომ არ დარჩეს, საჭიროა უარი ეთქვას დიდ მოლოდინებს და იმედებს იმის შესახებ, რომ ეს ხანგრძლივი პრობლემები მოკლე ვადაში გადაიჭრება“.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG