Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა, 2013, 30 მარტი


მთელი განვლილი კვირის განმავლობაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება კვიპროსისაკენ იყო მიმართული. ჩვენც ამ თემით დავიწყებთ.
კვიპროსში ხუთშაბათს ისევ გაიღო ბანკები, რომლებიც თითქმის ორი კვირა იყო დახურული - მანამდე, სანამ ევროკავშირი უცხოელ დონორებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას საფინანსო კრიზისის მოსაგვარებელ გეგმაზე შესათანხმებლად. შეთანხმება მიღწეულია: იმისათვის, რომ კვიპროსმა 10 მილიარდი ევროს დახმარება მიიღოს ე.წ. სამეულისაგან (ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან), კვიპროსის ბანკებში დიდი წილი უნდა ჩამოეჭრას საბანკო ანაბრებს, რომლებიც 100 000-ს ევროს აღემატება.

ბრიტანეთში გამომავალი „გარდიანის“ შეფასება ცალსახად უარყოფითია:
„ევროპელი ხორცისმჭამელები ისევ დაბრუნდნენ. განცხადება, რომ ევროკრიზისის უმძიმესი ეტაპი უკან მოვიტოვეთ, კიდევ უფრო სასაცილოდ ჟღერს. გარიგება, რომელიც კვიპროსს თავს მოახვია გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამეულმა, „გადარჩენა“ არ არის. ის, პრაქტიკულად, გაანადგურებს კუნძულის ეკონომიკას. საფასურს გაიღებენ რიგითი კვიპროსელები და არა რუსი ოლიგარქები“.

„გარდიანი“ „რუს ოლიგარქებს“ ახსენებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ კვიპროსის ბანკების მეანაბრეებს შორის ბევრი შეძლებული რუსია.
კვიპროსში ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად დამტკიცებულ გეგმას განსხვავებული შეფასება მოჰყვა ნიდერლანდის გაზეთ „ფოლსკრანტში“:
„გონივრულია, რომ ბანკების რისკიანი ქმედების შედეგებმა უკვალოდ არ ჩაიაროს მეანაბრეებისათვის - როცა აქციების და ობლიგაციების მფლობელებმა, ისევე როგორც მდიდარმა მეანაბრეებმა, იციან, რომ შეიძლება ფული დაკარგონ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ პრობლემების დროზე მოსაგვარებლად. მაშინ როცა შეერთებულ შტატებში საშუალო ზომის ბევრი ბანკი გაკოტრდა, ევროპაში მათ გადარჩენაზე ზრუნავენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არ უჩანს ბოლო ევროპაში კრიზისს. კვიპროსის შემთხვევაში პირველად მიმართეს სწორ ზომებს ბანკებთან მიმართებით“.
კვიპროსის ამბებს შორეულ ინდოეთშიც მოჰყვა გამოხმაურება. ინგლისურენოვანი გაზეთი „ჰინდუ“ წერს:

„კვიპროსის ეკონომიკური ძალა შესაძლოა მოკრძალებული იყოს, მაგრამ მისი არაპროპორციულად დიდი საბანკო სექტორის პრობლემები საკმარისად მძიმეა არათუ ევროზონის - მთელი საერთაშორისო საფინანსო სისტემის შესარყევად. გლობალიზაციის შედეგად შეიქმნა ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული საბანკო სისტემა. ამდენად, ისეთ ქვეყანასაც კი, როგორიც ინდოეთია, რთულ გამოწვევას უქმნის კრიზისის შესაძლო გავრცელებისაგან თავის დაცვის ამოცანა, სადაც უნდა იყოს ჩასახული ეს კრიზისი“.

ინდოეთი, როგორც ცნობილია, მიეკუთვნება ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ჯგუფს, რომელსაც BRICS-ს უწოდებენ. განვლილ კვირაში სამხრეთმა აფრიკამ უმასპინძლა სამიტს, რომელშიც მონაწილეობდნენ BRICS-ის ხუთივე წევრის - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის - ლიდერები. საფრანგეთის გაზეთ „ლე მონდის“ შეფასებით, BRICS-ის წევრებს მეტისმეტად განსხვავებული ინტერესები აქვთ საიმისოდ, რომ სტრატეგიული ბლოკის ჩამოყალიბება შეძლონ:

„სამხრეთმა აფრიკამ იცის, რომ ჩინეთი აფრიკაში არ უყვართ, რუსებს ჩინელების ექსპანსიონისტური პოლიტიკის ეშინიათ, ხოლო დელის პეკინთან სტრატეგიული კონკურენცია აქვს. ზოგი მათგანი - მაგალითად, ჩინეთი - წინააღმდეგია იმისა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი, რომლისგანაც ის აქამდე მშვენიერ სარგებელს იღებს. BRICS-ის სახელმწიფოები ეკონომიკური ძალაა, მაგრამ ჯერ არ არის პოლიტიკური ძალა“.

ჩინეთის პრესაში კი დასავლეთის მიმართ კრიტიკას გამოთქვამენ, BRICS-ის საკითხში მისი შეფასებების გამო. შანხაიში გამომავალი გაზეთი „ძიეფან რიბაო“ წერს:

„BRICS-ის სახელმწიფოები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ დასავლეთმა თავისი პროვოკაციებით ვერ შეძლოს მათ შორის განხეთქილების შეტანა. არ უნდა დავუშვათ, რომ, ცალკეულ ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებების გამო, ჩვენი ერთმანეთისაგან დაშორება შეძლონ. ამის მიღწევა შესაძლებელია კომპრომისებით და იმით, რომ სხვებისაგან სწავლობ იმას, რაც უკეთესად კეთდება, რათა საკუთარი ხარვეზები გამოასწორო“.

უცხოეთის პრესაში უყურადღებოდ არ დარჩენილა არც არასამთავრობო ორგანიზაციების მასობრივი შემოწმება, რომელიც რუსეთში ტარდება. შვეციის გაზეთი „სვენსკა დაგბლადეტი“ წერს:

„ერთი მხრივ, რუსებს სურთ, რომ ევროკავშირმა სავიზო რეჟიმი გაუმარტივოს საყიდლებზე წასვლის მსურველ რუს ბიუროკრატებსა და ბიზნესმენებს, მეორე მხრივ, ისინი კუნთებს ათამაშებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებში რეიდების მიზანია დაუცველობის გრძნობის გამძაფრება. თუ მტკიცებულებებია საჭირო, მათი ფაბრიკაცია შეიძლება. პუტინის ქვეყანაში ეს, უმეტესწილად, იოლად გვარდება. თუ ევროპა პასიურობას გამოიჩენს ამ პროვოკაციებზე რეაგირებისას, კრემლი ამას, სამწუხაროდ, მხოლოდ სისუსტედ ჩათვლის“, ვკითხულობთ სტოკჰოლმში გამომავალ „სვენსკა დაგბლადეტში“ რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG