Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ სტატიების სიუხვით არ გამოირჩეოდა, თუმცა რამდენიმე წერილი დაიბეჭდა. მიმოხილვას დავიწყებთ 4 აპრილს ბრიტანეთში გამომავალ “გარდიანში” გამოქვეყნებული წერილით “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული საიდუმლო ფირმების მფლობელებს შორისაა”. სტატიის ავტორი დევიდ ლი წერს: “საქართველოს პრემიერ-მინისტრი სათავეშია მოქცეული იმ ახალი სახელების სიისა, რომელიც ხუთშაბათს ამოტივტივდა და რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული საიდუმლო ოფშორული კომპანიების ხელმძღვანელებს მოიცავს. ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენელი, გავლენიანი პოლიტიკოსი, ამბობს, რომ ფირმების ეს გასაიდუმლოებული თავშესაფარი ბრიტანეთის იმიჯისთვის ლაქაა, კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტები კი პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს სთხოვენ იმოქმედოს”. სტატიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ფირმების მფლობელთა სახელების გაჟონვამ სხვებთან ერთად ზედაპირზე ამოატივტივა პაკისტანის, ინდოეთის, ტაილანდისა და ინდონეზიის გავლენიანი ფიგურები. წერილში ვკითხულობთ, რომ ოფშორული კომპანიების მფლობელთა სახელები საჯაროზე გამოიტანა ვაშინგტონში განთავსებულმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. ბიძინა ივანიშვილის კომპანიის სახელი, ამ ცნობის თანახმად, არის „ბოშერსტონ ოვერსიზ კორპორეიშნი“, რომელიც პანამაში მყოფი აგენტის მეშვეობით საქმიანობს. “გარდიანის” სტატიაში მოტანილია ივანიშვილის პრესმდივნის სიტყვებიც, რომ ბიზნესმენს ყველაფერი კანონთან შესაბამისად აქვს გაკეთებული. “ანგარიშში მოტანილ პერიოდში, 2011-2012 წლებში, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ამ კომპანიასთან არანაირი ინტერესი არ აკავშირებდა … ამდენად, ის არ იყო ვალდებული ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია თავის [ფინანსურ] დეკლარაციაში ჩაერთოო”, - უთქვამს ივანიშვილის პრესმდივანს.

ამავე დღეს და ამავე თემაზე “ნიუ-იორკ ტაიმსმაც” დაწერა. სტატიის სახელწოდებაა “ინფორმაციის გაჟონვა ძირს უთხრის საიდუმლო ოფშორული სამალავების ცნებას და, შესაძლოა, ნერვების აშლასაც იწვევს”. ავტორია ენდრიუ ჰიგინსი. სტატიაში ვკითხულობთ, რომ გავრცელებულ დოკუმენტებში მოხსენიებული პირების სია მოიცავს ესპანელ მდიდარ ქალს, ფილიპინების ყოფილი დიქტატორის ქალიშვილს, ათასობით პირს ევროპაში და ინდივიდებს მის მიღმა, მაგალითად, მონღოლეთში. ჯგუფი ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა მათ საერთოც აქვთ - დიდი ფული და მისი დამალვის სურვილიო, წერს ჟურნალისტი. “მთელ მსოფლიოში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დღეს შიშისგან დაზაფრულები არიანო”, - უთქვამს ჟურნალისტისთვის რიჩარდ მერფის, ბრიტანეთში განთავსებული ორგანიზაციის, “გადასახადების სამართლის ქსელის” მკვლევარს. ეს ორგანიზაცია დიდი ხანია იბრძვის საიმისოდ, რომ აღმოფხვრილ იქნეს ოფშორულ სამალავებში დარეგისტრირებული ქონების გასაიდუმლოება. “დოკუმენტები, რომლებმაც გამოჟონა, მოიცავს 4,000-ზე მეტი ამერიკელის სახელს - როგორც ცნობილ პირებს, ისე რიგით ექიმებს თუ დანტისტებსო”, - ვკითხულობთ წერილში. ენდრიუ ჰიგინსის თქმით, “იმ პირების ვინაობის გამჟღავნება, რომლებიც თავიანთ ფულს ოფშორში ინახავენ, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ გაღიზიანებას გამოიწვევს ხელმომჭირნეობით მოცულ ევროპაში, სადაც მთავრობები ხალხს ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდებენ, მაგრამ, როგორც წესი, თვალს ხუჭავენ შეძლებულ მოქალაქეებზე, რომლებიც გადასახადებს ე.წ. ოფშორული საფინანსო ცენტრების მეშვეობით არიდებენ თავს”. იქვე ვკითხულობთ, რომ იმ პირთა შორის, ვინც ოფშორული საბანკო ანგარიშებით სარგებლობს, არიან რუსეთის ვიცე-პრემიერის, იგორ შუვალოვის, ცოლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი.

5 აპრილს “ეკონომისტის” ვებსაიტზე გამოქვეყნდა წერილი, სათაურით “საქართველო: დემოკრატიის კვლავაც მყიფე მდგომარეობა”. სტატია ასე იწყება: “საქართველოს დემოკრატიამ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ გასულ ოქტომბერში, როცა ქვეყანაში პირველად მოხდა ხელისუფლების კონსტიტუციურად გადაცემა. ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი თვის შემდეგ დადგა დრო ახალი მთავრობის პირველი შეფასება გაკეთდეს. აღადგინა მან დემოკრატია და კანონის უზენაესობა თუ დაღმასვლა აქვს დემოკრატიულ დაპირებებთან მიმართებით?” წერილში რამდენიმე ასპექტია განხილული, მათ შორის, მიმოწერა ევროპის სახალხო პარტიასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. კერძოდ, ნათქვამია, რომ ივანიშვილი - შესაძლოა უცხოელი ლობისტების რჩევის შედეგად - საინტერესოდ გამოეხმაურა სახალხო პარტიის კრიტიკას, თითქოს ახალი ხელისუფლება ოპოზიციაზე, სასამართლოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლით საქართველოს ევროპულ მომავალს კლავს. “ღია წერილში [ივანიშვილმა] განაცხადა, რომ ქართველი ხალხი და მისი მთავრობა ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს იზიარებენ. ივანიშვილის თქმით, მისი მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღწეული დემოკრატიული წარმატების უკუქცევას კი არ ახდენს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ავტოკრატიისკენ სვლით გამოწვეულ პრობლემებთან ცდილობს გამკლავებას”, - წერენ ავტორები და განაგრძობენ: “შინაარსთან ერთად, ამდენადვე მნიშვნელოვანი იყო ფორმა, რომლითაც ივანიშვილმა სათქმელი გამოხატა. მან თავისი განცხადებები სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრს დააყრდნო, უცხოელ კრიტიკოსებს კი მოუწოდა უფრო ახლოდან დააკვირდნენ მოვლენებს, რითაც დისკუსიას ობიექტურობის ის ხარისხი შესძინა, რომელიც საქართველოში პოლიტიკას აკლდა”. “ეკონომისტში” გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე ნახსენებია შვეიცარიის ელჩის წერილი, რომელშიც მან დადებითად შეაფასა ივანიშვილის პასუხი. შემდეგ ავტორები პარლამენტის მუშაობაზე წერენ და, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებიდან გამომდინარე, აცხადებენ, რომ ესეც ქმნის ოპტიმიზმის საფუძველს. “პარლამენტის მიერ ახლახან შემოღებული კონსენსუსის მიღწევის ჩვევა მისასალმებელია, თუმცა მთავარი გამოწვევა იმ საკითხებს უკავშირდება, რომელთა ირგვლივაც ორი პარტია ერთმანეთთან ღრმა უთანხმოებაშია. დაგეგმილი რეფორმები სასამართლო სისტემაში, ნაფიცი მსაჯულების თემა, ადგილობრივი მთავრობების საკითხი ძალიან მწვავე ასპექტებია. ყველა ამ სფეროში ცვლილებების გატარებამ შესაძლოა გააღრმავოს საქართველოს დემოკრატია, თუმცა ამით ერთპარტიული მმართველობაც შეიძლება გაძლიერდეს. ეშმაკი, როგორც ყოველთვის, დეტალებში იმალება”, - წერენ ავტორები.
XS
SM
MD
LG