Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში დასავლურმა ონლაინგამოცემებმა რამდენიმე სტატია გამოაქვეყნეს საქართველოზე - რუსეთის მხრიდან განახლებულ მცოცავ აგრესიასა და, ასევე, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, რაც, ზედმეტი პოლიტიკური ჩარევების გამო, საკმაოდ არაერთგვაროვანია.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ყურადღების ცენტრში მოექცა რუსეთის ჯარების მიერ მავთულხლართიანი სასაზღვრო ხაზების გავლება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მახლობლად მდებარე ქართულ სოფლებზე - დვანზე, დიცსა და ხურვალეთზე.

სტატიაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების მოქმედება ახალ ტანჯვას აყენებს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ როგორც ქართველ, ისე ოს მოსახლეობას, კიდევ უფრო აშორებს მეზობლებს ერთმანეთისაგან. ადამიანებს არ შეუძლიათ დაამუშაონ მავთულხლართებს იქით დარჩენილი სავარგულები, ვერ გადიან ახლობლების საფლავებზე, ხოლო შეშინებული ბავშვები ვერ დადიან სკოლებში. „ომის დროს ჩემი სახლი დაიწვა, შემდეგ რუსმა სამხედროებმა გადამიკეტეს მასთან მისასვლელი გზა. მერე თანდათანობით წინ სწევდნენ საზღვარს, რის გამოც მთელი ჩემი მიწები ოკუპირებულ მხარეზე დარჩა. სულ ახლა კი რუსმა სამხედროებმა მითხრეს, რომ ჩემი შვილის სახლიც მავთულხლართის იქით მოექცევა და რამდენიმე დღე მომცეს მის დასაშლელად“, - ამბობს სოფელ დვანის მკვიდრი გივი მაკასარაშვილი გამოცემასთან საუბარში.

საოკუპაციო ზოლთან სოფელ დვანში შექმნილ ვითარებას ყველაზე უფრო ადრე აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი გაეცნო, რომელმაც 20 სექტემბერს პირადად მოინახულა აფორიაქებული სოფლის მოსახლეობა და შეშფოთება გამოთქვა რუსი სამხედროების მიერ უკანონო სასაზღვრო ხაზების კიდევ უფრო გადმოწევის მცდელობის გამო.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულ სამშვიდო მიდგომას ამ კონფლიქტის მიმართ და ორივე მხარეს მოვუწოდებთ მნიშვნელოვან დიალოგში მონაწილეობით მოახერხონ აღნიშნული სიტუაციის მოწესრიგება,“- მოჰყავს აშშ-ის საელჩოს საგანგებო განცხადებიდან ამონარიდი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ საინტერნეტო გამოცემას.

საქართველოში 1990-იანი წლების კონფლიქტის დრამას, აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების მოძიების პრობლემას ეძღვნება საინტერნეტო გამოცემა „იურეიჟა ვიუში“ გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „დაკარგულთა მოძიება ოცი წლის შემდეგაც გრძელდება“.

სტატიაში, კერძოდ, მოთხრობილია კახა ოშორიძის ისტორია. ოცი წლის ახალგაზრდა 1993 წლის 25 სექტემბერს გაუჩინარდა. იგი სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე უფროს ძმასთან ერთად მოხალისედ წასულა ამბოხებული ავტონომიის დედაქალაქის დასაცავად. უფროსი დაბრუნდა, კახა კი გაუჩინარდა. იგი 2000-მდე კაცს შორისაა, რომელთა მოძებნასაც 20 წლის განმავლობაში ცდილობენ ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოება „მოლოდინს“ შვილდაკარგული ქართველი მამა ვლადიმერ დობორჯგინიძე უდგას სათავეში, ორგანიზაციას „აფხაზი დედები მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ კი - ასიდა ლომაია, რომლის ბიძაშვილი, არზამეტი, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„კავკასიაში მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანის საფლავზე გასვლა. ეს დაბადების დღესავით არის“, - ამბობს ასიდა ლომაია. თუმცა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ნელ-ნელა კარგავენ იმედს, რომ იპოვიან საყვარელი ადამიანების გვამებს. „იურეიჟა ვიუს“ თანახმად, მოძიების პროცესი საკმაოდ აქტიური იყო 2006 წლამდე, როდესაც 314 ცხედარი იქნა ამოცნობილი და გადაცემული მათი ოჯახებისათვის. ამ პროცესს ცხედრების გაცვლა ეწოდება. სულ ბოლოს 62 გვამი ამოთხარეს სოხუმის ბაბუშერის აეროდრომზე მდებარე მასობრივი სამარხიდან, სადაც 1994 წლიდან 95 ქართველი ერთად იყო დამარხული. მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ცალმხრივად ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ქართველი და აფხაზი მშობლები ვეღარ ახერხებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას.

ახლა, როცა თბილისსა და სოხუმს შორის სრულიად გაწყვეტილია კავშირი, იმედად საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტიღაა დარჩენილი. კომიტეტი წელიწადში ერთხელ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ორგანიზებას უწევს მხარეთა შეხვედრებს, რომლის დროსაც სამარხების ადგილმდებარეობისა და იქ დამარხულთა შესახებ არსებული ინფორმაციების გაცვლა ხდება, - ნათქვამია საინტერნეტი გამოცემა „იურეიჟა ვიუში“.

გასულ კვირაში უცხოური საინტერნეტო გამოცემების ყურადღების მიღმა არც საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დარჩენილა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდს ქმნის, - იუწყება „იურეიჟა ვიუ“ . საუბარია საქართველოში დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდზე“, რომლის კაპიტალი 6 მილიარდ აშშ დოლარი იქნება. როგორც ფონდის პრეზენტაციაზე ითქვა, დაახლოებით 10 საინვესტიციო ჯგუფი აპირებს ინვესტიციების დაბანდებას სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, წარმოებისა და ბიზნესის სფეროში. „მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფონდი 6 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც, ყოველ წელზე გადაანგარიშებით, უფრო მეტია, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო საქართველოს ეკონომიკამ უცხოეთის პირდაპირი დაფინანსების ფარგლებში“, - ნათქვამია საინტერნეტო გამოცემა „იურეიჟა ვიუს“ სტატიაში, რომელშიც ამ წამოწყების მთავარ საფრთხეზეც არის საუბარი.

როგორც ამბობენ, ეშმაკი წვრილმანებში იმალება. ერთ-ერთი ასეთი წვრილმანი კი, გამოცემის თანახმად, ისაა, რომ საქართველოს „თანაინვესტირების ფონდის“ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ჯერ კიდევ ბევრი უკლია ფონდის ვებსაიტის დასრულებას, არ არსებობს ინფორმაცია პარტნიორებსა და კონტროლის მექანიზმებზე, - წერს გამოცემა და განაგრძობს საფრთხეზე საუბარს:

„ეს არის თავად ბიძინა ივანიშვილის, თანაინვესტირების ერთ-ერთი დამფუძნებლის ფაქტორი - ბიძინა ივანიშვილისა, რომლის მთლიანი ქონება, „ფორბსის“ რეიტინგით, 5.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. კრიტიკოსები შიშობენ, ერთი მხრივ, მთავრობის კაბინეტის, ხოლო, მეორე მხრივ, ფონდის სალაროს მართვა, ინტერესთა ღრმა კონფლიქტით არ დასრულდეს“, - წერს გამოცემა, თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მალე დატოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, ამ საფრთხეს ვერ ხედავს.

მაგრამ საქართველოში ასეთ პრობლემებზე საუბარი არ არის საფუძველს მოკლებული, წერს „იურეიჟა ვიუ“ და იხსენებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ხანას, როდესაც კერძო კომპანიები დაზიანდნენ იმის გამო, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტისა და მწარმოებელთა ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა.

მიხეილ სააკაშვილის დროს ბიზნესზე ზეწოლასა და ელიტურ კორუფციაზე ვრცლად წერდა გასულ კვირაში კიდევ ერთი საინტერნეტო გამოცემა, „ტრანზიშენ ონლაინი.“ სტატიაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევის მონაცემებს ეფუძნება, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მიწის ნაკვეთების მათი კანონიერი მფლობელებისათვის ჩამორთმევასა და სიმბოლურ ფასად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისათვის გადაცემაზეა საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 2007-2010 წლებში საქართველოს მთავრობამ ათეული ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მათზე მდებარე შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად - და, ამასთან, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს გადასცა. კერძოდ, ასეთი მდიდრული საჩუქრის მიმღებთა შორის აღმოჩნდნენ ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას ძმა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მეგის ქარდავას ძმა, ლევან ქარდავა. თუმცა მიხეილ სააკაშვილისაგან ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი საჩუქრად გადასცემია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც, „ტრანზიშენ ონლაინის“ თანახმად, მთავრობისგან ერთ ლარად 144 ათასი კვადრატული მეტრი მიწა და რამდენიმე შენობა-ნაგებობა მიუღია.

სტატიის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების ასეთ ნაბიჯს „ელიტურ კორუფციად“ მიიჩნევენ, ხოლო ასეთი პოლიტიკის პირდაპირ შედეგად - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ იმ 700 დაზარალებული კერძო პირის სარჩელს, რომლებიც ჩამორთმეული უძრავი ქონების კომპენსაციას ითხოვენ. სტრასბურგის სასამართლოს მიერ ამ საქმეებზე დადებითი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში, საქართველოს ახალ მთავრობას ძალიან დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევს, ნათქვამია საინტერნეტო გამოცემა „ტრანზიშენ ონლაინში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
XS
SM
MD
LG