Accessibility links

მიმდინარე კვირაში ევროპული პრესა ბევრს წერდა ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის პოსტზე ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჟან-კლოდ იუნკერის წარდგენისა და მისი კანდიდატურის მიმართ ბრიტანეთის წინააღმდეგობის შესახებ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის აზრით, იუნკერს სურს ევროკავშირის ძალაუფლების გაფართოება ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტის ხარჯზე. ბრიტანეთში გამომავალი „დეილი მეილი“ 29 ივნისის ნომერში წერდა: „ბრიტანეთი განსხვავდება დანარჩენი ევროკავშირისგან. მისი ტრადიციები, კანონები და კულტურა გამორჩეულია. ბატონი იუნკერი, უბრალოდ, არ წარმოადგენს ამ ქვეყანას ან მის ხალხს. ბატონი კამერონის მიერ დაკავებული პოზიცია მას სხვა ლიდერებთან მიმართებით გავლენას ჰმატებს. მათ ახლა უკვე იციან, რომ კამერონს ტკბილი სიტყვებით იოლ კომპრომისზე ვერ დაიყოლიებენ. ამასთან, ეს მას შესაძლებლობას აძლევს იბრძოლოს იმ მასშტაბური რეფორმებისთვის, რომელთა მიღწევაც სურს მანამდე, სანამ 2017 წელს ევროკავშირის დატოვების თაობაზე მის მიერ შეთავაზებული რეფერენდუმი გაიმართება. ამ ქვეყანაში ღრმავდება და ნამდვილ ძალას იკრებს განცდა, რომ თუ ბრიუსელი უარს არ იტყვის კავშირის კიდევ უფრო დაახლოების მუდმივ მოთხოვნებზე, ბრიტანეთი ნამდვილად არჩევს ევროკავშირის დატოვებას“.

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა ერაყში მიმდინარე მოვლენებზეც. „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილმა სუნიტურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ერაყისა და სირიის არაერთი ტერიტორია დაიკავა და გამოაცხადა, რომ შეიქმნა ისლამური სახალიფო. ჟურნალისტები წერდნენ, სუნიტმა ექსტრემისტებმა შესაძლოა შეუქცევადად შეცვალონ ახლო აღმოსავლეთში საზღვრებიო და გამოთქვამდნენ შიშს, რომ ჯიჰადიზმი შეიძლება ევროპაშიც გავრცელდეს. 30 ივნისს ბრიტანეთში გამომავალ მემარცხენე-ლიბერალურ „ინდეპენდენტში“ ექსტრემიზმთან მებრძოლმა აქტივისტმა ღაფარ ჰუსეინიმ გამოაქვეყნა წერილი: „უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ‘ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო’ გახდა პირველი ჯიჰადისტი ჯგუფი, რომელმაც სახალიფოს შექმნა გამოაცხადა. ამით მათ, ფაქტობრივად, საკუთარი თავის გამარჯვებულად დეკლარირება მოახდინეს ჯიჰადისტ და ისლამისტ ჯგუფებს შორის მიმდინარე გლობალურ ბრძოლაში. ამით მათ თავი ერთადერთ მოქმედ ძალად გამოაცხადეს და თან თქვეს, რომ სხვა ჯიჰადისტი ჯგუფები აღარ ფუნქციონირებენ. ამდენად, ახლა ყველა ჯიჰადისტისგან მოელიან ერთგულების გამოცხადებას [ამ ჯგუფის ლიდერის] ალ-ბაღდადის მიმართ. ეს თუ მართლა მოხდა, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფი გადაიქცევა მიზიდულობის ცენტრად, ერთადერთ მნიშვნელოვან ჯიჰადისტურ ორგანიზაციად“.

ევროპის პრესა აქტიურად გამოეხმაურა სამშაბათს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დაკავებას დაკითხვის მიზნით, კორუფციისა და სასამართლოზე ზეწოლის შესახებ ეჭვების საფუძველზე. პოლონეთში გამომავალი „ნიუსვიკ პოლსკა“ 2 ივლისის ნომერში წერდა: „მისი კარიერა ახლა ნამდვილად დასრულებულია. 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ოცნებები წარსულს ჩაბარდა, ვინაიდან ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ, საერთო ჯამში, ექვსი გამოძიებაა დაწყებული... ეს ნიშნავს, რომ სარკოზი აღარ არის პოლიტიკოსი, ის ნელი მოქმედების ბომბია. თუმცა ეს დაპატიმრება მხოლოდ „სარკოს“ არ ეხება. ეს ფაქტი მოწმობს, რომ თავად საფრანგეთია ცუდ მდგომარეობაში. ... ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში თითო-ოროლა რეფორმა თუ გატარდა. და [პრეზიდენტი] ოლანდიც უნდა დავივიწყოთ - გამორიცხულია მან ქვეყნის გაძღოლა უკეთესად შეძლოს. ... ამჟამინდელი მდგომარეობით, საფრანგეთს არც ერთი ნამდვილი პოლიტიკოსი არ ჰყავს“.

დასავლეთის პრესა ბევრს წერდა უკრაინის კრიზისის შესახებაც. ევროპის ბეჭდური მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გერმანიის გააქტიურებამ ამ კრიზისის შუამავლის როლში. სლოვაკეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „სმე“ 4 ივლისის ნომერში წერდა: „ბრიტანელებისა და ფრანგებისთვის უკრაინა შორს მდებარეობს და მათი პოლიტიკოსების ძირითადი მიზანია შეაფერხონ ევროკავშირის სანქციები, რომლებმაც, შესაძლოა, მათ ინტერესებს მოუტანოს ზიანი. მეზობელი პოლონეთი თავიდანვე ჩაერთო, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის მკაცრი განცხადებები არ მოდის შესაბამისობაში უფრო ფრთხილი გერმანელებისა და ფრანგების შეხედულებებთან. ... ამდენად, პრობლემის გასაღებს გერმანია წარმოადგენს. ევროპის ყველა ლიდერიდან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ყველაზე დიდ პატივს კანცლერ მერკელს სცემს. ყველა ამ ქვეყნიდან გერმანია წარმოადგენს რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს და დიდ ძალისხმევას ახმარს ამ კავშირების შენარჩუნებას. ... ის ცდილობს კრიტიკას აარიდოს თავი და საფრანგეთთან ტანდემში მუშაობს კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. იმისათვის, რომ დამაჯერებლობა არ დაკარგოს, გერმანიამ წარმატებას უნდა მიაღწიოს“.

XS
SM
MD
LG