Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ვმო-ში – უკან მოტოვებული საკითხი


დღეს ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში, ხელი მოეწერა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებს ადგენს. შეთანხმების გაფორმებით ფაქტობრივად დასრულდა საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების ხანგრძლივი პროცესი, რომლის შედეგადაც რუსეთს საშუალება ეძლევა გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ხოლო საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე უცხოელი მონიტორები განთავსდებიან. საინტერესოა, რა რეაქცია მოჰყვა თბილისისა და მოსკოვის შეთანხმებას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში.
მონიტორებს აგრეთვე ექნებათ საშუალება გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიიღებენ როგორც რუსული, ასევე ქართული მხარისგან...

შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლება ჟენევაში ტელეფონით დაუკავშირდა. ჭიაბერაშვილის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო დერეფნების შესასვლელ-გასასვლელებში საერთაშორისო მონიტორების განთავსებას. მონიტორები დააკვირდებიან იმას, თუ რეალურად როგორ განახორციელებენ ქართველი და რუსი მებაჟეები ჩვეულებრივ საბაჟო პროცედურებს:

„მონიტორებს აგრეთვე ექნებათ საშუალება გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიიღებენ როგორც რუსული, ასევე ქართული მხარისგან. გარდა ამისა, მონიტორები ინფორმაციას მიიღებენ ყველა იმ ელექტრონული მექანიზმის მეშვეობით, რაც კი აღწერილია შეთანხმებაში: ეს არის ელექტრონული ბეჭდები ტვირთებზე, ეს არის ჯი-პი-ეს სისტემა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მონიტორები ანგარიშვალდებული არიან შეთანხმებით განსაზღვრულ მესამე ნეიტრალურ მხარესთან.“

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, შეთანხმებით განსაზვრული მესამე ნეიტრალური მხარე შვეიცარია იქნება, რისთვისაც ხელი მოეწერა მემორანდუმს, ერთი მხრივ, საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობებს, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთისა და შვეიცარიის მთავრობებს შორის. რაც შეეხება შეთანხმებით განსაზღვულ სამ სავაჭრო დერეფანს, მათ შესახებ ჯერ კიდევ ჟენევაში გამგზავრებამდე ილაპარაკა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ:
სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

”პირველი სავაჭრო კორიდორი იწყება მდინარე ფსოუდან და მთავრდება ქალაქ ზუგდიდში. შესაბამისად, მონიტორები განლაგდებიან მდინარე ფსოუზე და გააკონტროლებენ ყველაფერს, რაც შემოვა ამ კორიდორში, ანუ რაც შევა აფხაზეთში. მეორე სავაჭრო კორიდორი იწყება როკის გვირაბის ჩრდილოეთით და მთავრდება ქალაქ გორში. შესაბამისად, ყველა ტვირთი, რაც ამ კორიდორში იმოძრავებს, იქნება გაკონტროლებული. ხოლო მესამე სავაჭრო კორიდორი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი.”

საქართველოს დელეგაციის ინფორმაციით, 9 ნოემბერს შვეიცარიულმა მხარემ ასევე გაცვალა ვერბალური ნოტები ქართულ და რუსულ მხარეებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო მონიტორების ფუნქციებისა და ამოცანების აღწერა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ყველა დოკუმენტს მოეწერა ხელი, ყველა ნოტა გაიცვალა და ყველა შესაბამისი პროცედურა დასრულდა.

„ჩვენ ახლა გადავდივართ თვითონ ამ შეთანხმების იმპლიმენტაციის ეტაპზე, მაგრამ ამისთვის ხდება შემდეგი: პირველი - შეთანხმებაში წერია, რომ შეთანხმება ძალაში შედის იმ დღეს, როცა რუსეთი წევრიანდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ, იმავდროულად, შვეიცარიულმა მხარემ ამ პერიოდამდე უნდა მოახდინოს საერთაშორისო მონიტორების სელექცია, უნდა მოხდეს მხარეებთან ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაცია და ა.შ. მაგრამ ეს უკვე არის სამმხრივი (საქართველო, რუსეთი, შვეიცარია) პროცესი, რომელიც უშუალო ბმაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან აღარ იქნება“, - უთხრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას.
გამოდის, რომ რუსეთი 2008 წლის შემდეგ პირველად დათანხმდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უცხოელი მეთვალყურეების შეშვებაზე...

ქართული მხარის მსგავსად, მოლაპარაკების შედეგით კმაყოფილია რუსეთიც, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე. 8 ნოემბერს აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთ-საქართველოს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგს ეხება, აფხაზეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის:

„დაგეგმილმა საერთაშორისო მონიტორინგმა არავინ უნდა შეიყვანოს შეცდომაში. საქართველო ცდილობს არა მარტო გააკონტროლოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრები, არამედ დაიბრუნოს თავისი იურისდიქცია ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე. ამრიგად, იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის შემცირების პრეცედენტი იქმნება, რომლის გარანტადაც საერთაშორისო არენაზე რუსეთის ფედერაცია გამოდის.“

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების შედეგებით კმაყოფილი არც ცხინვალში არიან. რადიო თავისუფლების მიმომხილველის ოლეგ კუსოვის თქმით, თვითაღიარებულ რესპუბლიკაში განსაკუთრებით არ მოსწონთ საერთაშორისო მეთვალყურეების ჩაყენება როკის გვირაბის სამხრეთ პორტალთან, ანუ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე:
აქამდე ცხინვალში კრემლის მიმართ პრეტენზიები არავის გამოუთქვამს - მადლიერები იყვნენ 2008 წლის აგვისტოს გამო, მაგრამ, როგორც იტყვიან, დრო და განწყობა იცვლება...

„რუსეთ-საქართველოს შეთანხმების თანახმად, მავანი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები უნდა განლაგდნენ სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს, ანუ რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალთან და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გვირაბის სამხრეთ პორტალთან. ფაქტობრივად, გამოდის, რომ რუსეთი 2008 წლის შემდეგ პირველად დათანხმდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უცხოელი მეთვალყურეების შეშვებაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ ოსეთში ძალიან უკმაყოფილონი არიან მოსკოვით, მაგრამ ცდილობენ ამაზე ხმამაღლა არ ილაპარაკონ. აქამდე ცხინვალში კრემლის მიმართ პრეტენზიები არავის გამოუთქვამს - მადლიერები იყვნენ 2008 წლის აგვისტოს გამო, მაგრამ, როგორც იტყვიან, დრო და განწყობა იცვლება.“

რაც შეეხება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღებას. საქართველოს თანხმობის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრთა კომიტეტი, რომლის კონფერენციაც მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვისაა დანიშნული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG