Accessibility links

logo-print
ნიდერლანდების საელჩო თბილისში 22-23 მაისს ჰოლანდიური წყლის მენეჯმენტის დღეებს აწყობს. იმის გამო, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიის 40% ზღვის დონის დაბლა მდებარეობს, წყლის მართვას იქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჰოლანდიას წყალდიდობისგან დამცავი უნიკალური და საკმაოდ ძვირად ღირებული სისტემა აქვს, თუმცა, როგორც ჰოლანდიელი სპეციალისტები ამბობენ, მათ ურჩევნიათ დიდი ფინანსები საფრთხის პრევენციისათვის დახარჯონ, ვიდრე უფრო მეტი ფული გადაიხადონ სტიქიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად. საკუთარ გამოცდილებას ამ სფეროში ჰოლანდიელები უკვე წლებია საქართველოსაც უზიარებენ და ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსებით არაერთი პროექტიც განხორციელდა. ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფს საშუალება ჰქონდა თავად ეხილა, თუ როგორ იცავენ ჰოლანდიელები საკუთარ ქვეყანას წყალდიდობისაგან.

წყალი არის ის, რაც ჰოლანდიაში ჩასულებს ყველგან გხვდებათ.
წყალზე დგას ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამიც.
ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილიც საუკუნეების წინ სწორედ წყლის დაშრობის შედეგად იქცა დასახლებებად, დატბორვის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება. ეს საფრთხე ჰოლანდიელ ხალხს უფრო ფხიზელს ხდის, წყლის მართვას კი - უფრო ეფექტურს. ისინი მუდმივად იცავენ თავს წყლისგან და ასევე მუდმივად ზრუნავენ წყალზე, მის სისუფთავეზე. ჰოლანდიელებს საამისოდ უნიკალური დამცავი სისტემები აქვთ. ეს ის სფეროა, რითაც მათ მთელ მსოფლიოში შეუძლიათ თავი მოიწონონ.

თუ ნავით ამსტერდამის არხებს გაუყვებით, - არხი კი სულ 165-ია, - აუცილებლად შეხვდებით არხების გამწმენდ ჯგუფებს, რომლებიც წყლის სიღრმიდან წყალში ჩაყრილ ველოსიპედებსა და სხვა ათას ნივთს იღებენ და ნავში აგროვებენ. რა არ ამოაქვს სპეციალურ ამწეს წყლის სიღრმიდან ყოველდღიურად! ბრიგადის მეთაური გვეუბნება, რომ უკვე მეოთხედი საუკუნეა ამ საქმეს აკეთებს.

- 25 წელია ამ საქმეს აკეთებთ და არ მოგწყინდათ?

- არა, რატომ! ყველა დღე ახალი დღეა, ყოველდღე სხვადასხვა რამეს პოულობ წყალში - ხან ჩავარდნილ ნავს, ხან ველოსიპედს..

ამ საქმის მთავარი დანიშნულება დედაქალაქის არხების სისუფთავის შენარჩუნებაა.

ეს დიდი ფულია, მაგრამ თუ შენი ქვეყანა დაიტბორება, ეს კიდევ უფრო ძვირი დაგიჯდება. ეს ბარიერი ქალაქ როტრდამს და მის პორტს, სულ მილიონ-ნახევარი ადამიანის სიცოცხლეს იცავს...
ჩრდილოეთის ზღვიდან წამოსული შტორმი ხანდახან ისე ძლიერია, რომ მას განსაკუთრებით მძლავრი კონსტრუქცია თუ შეაჩერებს - სწორედ ისეთი, როგორიც იცავს ქალაქ როტრდამს და მის მიმდებარე ტერიტორიას.
წყლის მართვის საინფორმაციო ცენტრის ტექნიკური მენეჯერი პეტერ პერსუნი ამბობს, რომ ეს უზარმაზარი სისტემა 50 მილიონი ევრო დაჯდა:

”ეს დიდი ფულია, მაგრამ თუ შენი ქვეყანა დაიტბორება, ეს კიდევ უფრო ძვირი დაგიჯდება. ეს ბარიერი ქალაქ როტრდამს და მის პორტს, სულ მილიონ-ნახევარი ადამიანის სიცოცხლეს იცავს. ის მხოლოდ მაშინ იკეტება, როდესაც ძლიერ ქარიშხალს და ზღვის დონის მომატებას ველოდებით. კომპიუტერული სისტემა წყვეტს და არა ადამიანები, როდის უნდა ჩაიკეტოს სისტემა. ასე რომ, როცა სისტემა საფრთხეს იგრძნობს, მექანიზმი ამუშავდება. ბარიერი სიგრძეში ეიფელის კოშკისხელაა, მაგრამ ორჯერ მძიმე. ორჯერ იმაზე ძლიერი გავაკეთეთ, ვიდრე საჭირო იყო. ეს გასაგებიცაა, ჩვენი ქვეყნის 40% ხომ ზღვის დონის დაბლაა. ასე რომ, თუ დიუენებით, ნაპირსამაგრებით და მსგავსი სისტემებით თავს არ დავიცავთ, ეს 40% დაიტბორება”.

როცა საფრთხე უახლოვდება, კონსტრუქციის ორი ნაწილი ირთვება, ერთმანეთის მიმართულებით იძვრის და, როგორც ორი ხელი, ერთმანეთს ისე უერთდება. ბარიერის ნაწილი წყალში ეშვება და ამგვარად კეტავს მოვარდნილ წყალს.

როტერდამის წყლის სისტემა

როტერდამის წყლის სისტემა

წყლისგან თავდაცვის სისტემების მოდელები წყლის მუზეუმშია თავმოყრილი. იქ სკოლის მოსწავლეები პირველივე კლასიდან დაჰყავთ ექსკურსიაზე და უხსნიან, თუ რა საფრთხის წინაშე დგას მათი ქვეყანა და როგორ იცავს ის თავს. მუზეუმის ერთ-ერთ კუთხეში, მეტი თვალსაჩინოებისათვის, წყლის სატუმბი სპეციალური მოწყობილობაც დაუდგამთ.

”წყალი განუწყვეტლივ უნდა ვტუმბო. თუ შევწყვეტ ამის კეთებას, მაშინ გაცურვა მომიწევს. ეს ნიშნავს, რომ დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე განუწყვეტლივ ვტუმბავთ წყალს, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ქვეყანა არ დაიტბორება”.

ჰოლანდიის წყლის მართვის სისტემა რამდენიმე სიტყვით რომ დავახასიათოთ, ასე გამოყურება: სატუმბი სადგურები პოლდერებში
(პოლდერი - ჰოლანდიაში ჩრდილოეთის ზღვის დაბლობი სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ზღვის დონეზე დაბლაა და ჯებირით არის დაცული წყლით დაფარვისაგან) წყლის დონეს აკონტროლებენ. ისინი აგროვებენ ჭარბ წყალს მდინარეების სისტემაში. ეს სისტემა შემდეგ სპეციალური სადრენაჟე მოწყობილობებით წყალს ზღვაში გადაისვრის. მდინარე ამსტელი და ამსტერდამის არხები ამ მდინარეთა სისტემის ნაწილია.

ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელიც ზღვის დონის სიმაღლეზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მთელი ის რვაასი წელი, რაც ეს ქალაქი არსებობს, წყალთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვიწევს...
ამსტერდამის არხებში არაერთი სპეციალური ჩამკეტი ბარიერი ვნახეთ. ეს ბარიერებიც წყალდიდობის დროს იკეტება და ქალაქს იცავს.

მარტენ აუბოტერი ორგანიზაცია Waternet -ის წარმომადგენელია. ეს ორგანიზაცია ამსტერდამის წყლის სისტემის მენეჯმენტს ახორციელებს და ასევე ზრუნავს წყლის სისუფთავეზე.

”ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელიც ზღვის დონის სიმაღლეზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მთელი ის რვაასი წელი, რაც ეს ქალაქი არსებობს, წყალთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვიწევს. ამსტერდამის უკან პოლდერების დიდი ნაწილი კი საერთოდაც ზღვის დონეზე 7 მეტრით დაბლაა. ამ ქალაქის დამაარსებლებმა ყველაფერი მიწის აღდგენით დაიწყეს. ეს წყალი, რასაც ახლა ხედავთ, - წყალი კი აქ ბევრია, - სწორედ ამ პოლდერებიდან არის ამოტუმბული. ამსტერდამის წყლის სისტემა, ეს არხები გამოიყენება იმისთვის, რომ ამოტუმბული წყალი ჩრდილოეთის ზღვაში გადაისროლოს. ჩვენ სრულყოფილი წყლის მართვის სისტემა გვაქვს, ასევე თავდაცვის სისტემა, რომელიც ქარიშხლის დროს წყლის მაღალ დონეს უმკლავდება”, გვეუბნება მარტენ აუბოტერი.

რას ნიშნავს თქვენთვის წყალი? - ვეკითხებით.

”წყალი ჩვენთვის ცხოვრების არსია, რადგან ის ყველგანაა. მასთან ურთიერთობას დიდი დრო და ენერგია მიაქვს, მაგრამ, ამავე დროს, სასიამოვნოცაა. თან ლამაზია წყალში ცხოვრება, ხალხს მოსწონს ეს, წყალი საუკეთესო სატრასპორტო საშუალებაა. ასე რომ, წყალი ჰოლანდიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას აქვს კარგი და ცუდი მხარეები, მაგრამ ამ უკანასკნელს ჩვენი სისტემებით ვუმკლავდებით”.

ამ სისტემის ნაწილია გასაბერი დამბა რამსპოლში - დამცავი ბარიერი.

შტორმისგან დაცვის სისტემა როტერდამში

შტორმისგან დაცვის სისტემა როტერდამში

”როცა წყლის დონე დასაშვებზე 50 სანტიმეტრით მატულობს, ჩვენ ამ ბალონს ვბერავთ. ეს არის 80 მეტრის სიგრძის და ათი მეტრი სიგანის გასაბერი დამბა, რომელშიც ჯერ ჰაერს ვუშვებთ, შემდეგ შლიუზებს ვხსნით, რომ მასში წყალი შევიდეს. საბოლოოდ, მასში 50% ჰაერია, 50% - წყალი. ჩვენ, ასე ვთქვათ, წყალს ვაჯიბრებთ წყალთან. ამ დამბას შტორმის დროს ვიყენებთ - სტატისტიკურად ერთხელ წელიწადში და ერთხელაც ისე, გამოცდის დროს.
ბოლოს 2007 წელს გამოგვადგა ძალიან, როცა ნამდვილი ქარიშხალი დაგვატყდა თავს”, - გვიხსნის კაიმპე სინემა.

შემდეგი გაჩერება ზანდვურთის ნაკრძალია. აქ წყალი ბუნებრივი გზით, მიწის ქვეშ იფილტრება. ზანდვურთის ნაკრძალის მთავარი მეტყევე ჰერალდ შხოლტერი ამბობს, რომ სწორედ ამ ნაკრძალში გადის წყალი გაწმენდის ყველა საჭირო პროცედურას.

”აი, აქ წყალი ჩადის ქვიშაში 10-დან 15 მეტრის სიღრმეში და შემდეგ ბუნებრივად გაწმენდილი ამოდის მიწის ზედაპირზე, მერე ეს წყალი ხვდება არხებში, ორი-სამი თვის შემდეგ კი - წყალსაცავში. იქ თავმოყრილ წყალი იფილტრება და სანიტარულად მოწმდება”.

ამ ბუნებრივ ნაკრძალში გაწმენდილი წყლით მარაგდება ამსტემდამსა და მის შემოგარენში მცხოვრები მილიონობით ადამიანი. წყალი იმდენად სუფთაა, გვეუბნება მეტყევე, რომ დედაქალაქში ონკანიდან წყლის დალევა აბსოლუტურად უსაფრთხოა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG