Accessibility links

logo-print

ხათუნა გოგალაძე: ასათიანის ქუჩაზე ხეები აღარ გაიჩეხება


ასათიანის ქუჩა #10-ში ხეები აღარ გაიჩეხება, განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. ასათიანისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები რამდენიმე ხანია აპროტესტებენ კერძო ინვესტორის ხელში გადასული ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამშენებლო მიზნებიდან გამომდინარე ხეების ჭრას. აქციებს არასამთავრობო სექტორიც უერთდება. მათი ნაწილი საკითხის იურიდიულ შესწავლას აპირებს, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი კი ტერიტორიის გასხვისების სამართლიანობის დასადგენად სასამართლოს მიმართავს.

მარიკა ჩიქოვანი ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდებარე ზაქარიაძის ქუჩაზე ცხოვრობს. ის მოქალაქეთა იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, კარგა ხანია კერძო ინვესტორის სამშენებლო გეგმებიდან გამომდინარე ხეების ჩეხას აპროტესტებს:

„ერთი მხრივ, დანაშაული იყო ამის გაყიდვა და ჩვენ სწორედ ამას ვუჩივით ეკონომიკის სამინისტროს, ვინც ეს ტერიტორია გაასხვისა; მეორე მხრივ, დანაშაულია მოსპობა ამხელა ეკოლოგიური ზონისა, რომელიც მიკროკლიმატს ქმნის და რომლითაც სუნთქავს საბურთალოს რაიონი - და არა მარტო საბურთალოს რაიონი, მთელი ქალაქი - და, მესამე, ირღვევა საქართველოს კანონი მოქალაქეთა საჯარო ინტერესის შესახებ - აბსოლუტურად შელახულია ჩვენი, მოსახლეობის, ინტერესი“.

ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია 2010 წელს ეკონომიკის სამინისტრომ, პირდაპირი მიყიდვის წესით, კერძო ინვესტორს, კომპანია „ბიდი ფროფერტის“ მიჰყიდა. ინვესტორს ამ ტერიტორიაზე 36-სართულიანი საცხოვრებელი კვარტალის - სულ 8 კორპუსის - აშენება აქვს დაგეგმილი. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, მათ მერიის შესაბამისი სამსახურისგან ტეროტორიაზე 37 ხის მოჭრის ნებარვა აქვთ და ის, რაც 8 ივლისს მოიჭრა, ამ ნებართვის ჩარჩოებში ჯდება. ძირითადად განხორციელდა სანიტარული ჭრები, თუმცა, მოქალაქეების განცხადებით, 45 ხეა მოჭრილი - მათგან უმრავლესობა ჯანმრთელი ხეა.

ვესაუბრეთ ინვესტორს კიდევ ერთხელ და ინფორმაცია მივიღეთ, რომ არც ერთი ხე არ მოიჭრება იმ ტერიტორიაზე - ის, რაც მოიჭრა, ეს არის მხოლოდ. თუმცა, როგორც თქვენ იცით, ჩვენ მიერ შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც დილიდანვე მუშაობს იმ ტერიტორიაზე...
არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ წარმომადგენელი ანა გაბრიაძე ამბობს, რომ სწორედ გასხვისების და ხეების მოჭრის სამართლებრივ დეტალებს გამოიკვლევენ. ანა გაბრიაძე ხეების მოჭრისთვის მერიის მიერ გაცემულ ნებართვასაც ეჭვქვეშ აყენებს:

„სანიტარულ ჭრებზე ნებართვაში პირდაპირ წერია, რომ უნდა შეისწავლოს ქალაქის კომისიამ ეს და გასცეს ნებართვა. ისინი (კომპანია) აცხადებენ, რომ ატარებენ სანიტარულ ჭრებს. - რომელი დასკვნის საფუძველზე, ვინ არის ეს შპს „ბოტანიკური ბაღი“ (კომპანია, რომლის დასკვნის თანახმადაც ნებართვა გაიცა)? ახლა ჩვენ ნებართვებს ვითხოვთ და ველოდებით დოკუმენტებს“.

მოსახლეობას, ეკონომიკის სამინისტროს, მერიასა და ინვესტორს შორის შუამავლის როლი გარემოს დაცვის სამინისტრომ იკისრა. მინისტრ ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ინვესტორსა და მათ შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც კომპანია ადასტურებს, რომ ტერიტორიაზე მეტი ხე არ მოიჭრება:

„ვესაუბრეთ ინვესტორს კიდევ ერთხელ და ინფორმაცია მივიღეთ, რომ არც ერთი ხე არ მოიჭრება იმ ტერიტორიაზე - ის, რაც მოიჭრა, ეს არის მხოლოდ. თუმცა, როგორც თქვენ იცით, ჩვენ მიერ შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც დილიდანვე მუშაობს იმ ტერიტორიაზე, რათა შესწავლილი იქნეს მოჭრილი ხეების მართებულობა და გამოკვეთილი იყოს მათი დაავადების ხარისხი“.

გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ინვესტორის მიერ მიცემული ზეპირი პირობის შესრულებისა არ სჯერა არასამთავრობო ორგანიზაცია „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის თავმჯდომარეს ლაშა ჩხარტიშვილს. მისი სიტყვებით, საზოგადოების პროტესტი გაგრძელდება, ასევე გაგრძელდება სამართლებრივი ბრძოლა იურიდიულ დონეზე:

ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება. ასე ძნელია საუბარი, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, სამწუხაროდ, ინვესტორს ფორმალური პროცედურები გავლილი აქვს და აქ გარემოს დაცვის სამინისტროს მასთან მხოლოდ დარწმუნების დონეზე შეეძლო საუბარი...
„სისხლის სამართლის 303-ე მუხლის თანახმად, რომელიც ამბობს, რომ ჯანსაღი ხეების მოჭრა სათანადო ნებართვის გარეშე არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანი არის მაღალი, აქედან გამომდინარე, არა ადმინისტრაციული წესით, არამედ სისხლის სამართლის წესით უნდა იქნეს გამოძიებული და დასჯილი დამნაშავეები, რათა სხვაგან არ განმეორდეს იგივე და, მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით რაიმე გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია“.

რაც შეეხება იურიდიულ ბერკეტებს, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სამართლებრივი ბერკეტები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე სამწუხარო ის არის, რომ დაიკარგა ბუნებრივი რესურსიც და, თუ კომპანიას ნებართვების საკითხი მოგვარებული აქვს, პრობლემა გართულდება:

„ერთია, რომ თუ პრივატიზაციის პროცესში აღმოჩნდება, რომ იყო რაღაც დარღვევა, არაკეთილსინდისიერი გარიგება, ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს ეს ყველაფერი. ან თუ ხეების მოჭრის პროცესში მოხდა რაღაც არაკეთილსინდისიერი გარიგება. მაგრამ ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება. ასე ძნელია საუბარი, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, სამწუხაროდ, ინვესტორს ფორმალური პროცედურები გავლილი აქვს და აქ გარემოს დაცვის სამინისტროს მასთან მხოლოდ დარწმუნების დონეზე შეეძლო საუბარი“.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ექსპერტებიც. მოჭრილი ნარგავების შესასწავლად, საკუთარი ინიციატივით, დაზიანებული მცენარეების ვეგეტატიური ნაწილებიდან ნიმუშები აიღეს მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის „ბიოაგროს“ ექსპერტებმაც. როგორც კომპანიის დირექტორმა კარლო კიკორიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, სინჯების ლაბორატორიული ანალიზის შედეგები ერთ კვირაში იქნება ცნობილი.
ამასობაში, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი სასამართლოს მიმართავს ტერიტორიის გასხვისების კანონიერების დადგენის მოთხოვნით და აქციების გაგრძელებას გეგმავს, ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG