Accessibility links

logo-print
5 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიაში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მმართველი პარტიის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართა. ხელისუფლების გადაბარებაზე მომუშავე ჯგუფის გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბრიდან სამინისტროებსა და მნიშვნელოვან სახელმწიფო დაწესებულებებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმუშავებენ, თუმცა მთავრობის ფორმირებამდე ისინი არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას არ დაიკავებენ. კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების საბოლოო შეცვლამდე რეგულარულად შეხვდებიან ერთმანეთს. მორიგი ასეთი შეხვედრა 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ასევე 8 ოქტომბერს გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის, თუ როგორი შემადგენლობით იმუშავებს ახალი მთავრობა.

სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ თითქმის ერთსაათიან შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარებისკენ გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯი უწოდეს. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხი კონსტრუქციულ ატომოსფეროში იქნა განხილული:

„უახლოეს მომავალში - სავარაუდოდ, ორშაბათს - შედგება კიდევ ერთი შეხვედრა და ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ეს ტრანზიცია კონსტიტუციის ფარგლებში დასრულდეს სწრაფად და მშვიდობიანად ასეთ საქმიან ატმოსფეროში.“

გიგა ბოკერიას გარდა, სამთავრობო ტრანზიციის კონსულტაციებში ხელისუფლების მხრიდან დავით ბაქრაძე, პავლე კუბლაშვილი და გიგი უგულავა მონაწილეობდნენ, „ქართულ ოცნებას“ კი დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი ალასანია წარმოადგენდნენ.
არ დავუშვათ არავითარ შემთხვევაში არანაირი შეფერხება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობაში, საერთაშორისო ურთიერთობებში ...

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა გადაწყდება, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში. ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი მოემზადება მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც იქნება რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმება შედგა“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მივლინებაზე, რათა, როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, განაცხადა, ხელისუფლების გადაბარება ქვეყნისთვის იყოს უმტკივნეულო:

„არ დავუშვათ არავითარ შემთხვევაში არანაირი შეფერხება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ამიტომ ჩვენი წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმ დელეგაციების მუშაობაში, რომლებიც ჟენევის ფორმატში მუშაობენ, ევროკავშირთან მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე. ასე რომ, ფორმალურად, ოფიციალურად მთავრობის დამტკიცებამდე, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველა ძირითად სტრუქტურაში - მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში - მიავლენენ თავიან წარმომადგენლებს, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა და უმტკივნეულო გადაბარება ყველა საქმის.“

თუმცა, დავით უსუფაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთავრობის ფორმირებამდე არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას არ დაიკავებენ. შესაბამისად, მანამდე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე - მათ შორის, კრიმინოგენურ მდგომარეობაზე - პასუხისმგებელი იქნება მოქმედი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სავსებით აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და ყველაფერს აკეთებს კრიმინალისაგან თავისუფალი გარემოს შესანარჩუნებლად:
„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ წარმოადგინონ ისეთი კანდიდატურები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას ...

„სანამ არის მოქმედი მთავრობა, იმუშავებს ყველა სამინისტრო, მათ შორის, იმაშავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ მოხდება არც ერთი სტრუქტურის ჩამოშლა და დემორალიზება, და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი და ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ქვეყანაში არ იყოს კრიმინალი, არ იყოს ძალადობა, არ იყოს არეულობა - ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც ვისაუბრეთ და, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ შორის არსებობს სრული თანხმობა და არავის, ვისაც იმედი აქვს, რომ შეიქმნება რაღაცა ტიპის არეულობა და ხელს მოითბობს ამ არეულობით, არ მივცემთ ამის გაკეთების საშუალებას.“

მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, კოალიციის წარმომადგენელთა მივლინება სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში მომავალი კვირიდან დაიწყება. ამასთან, დავით ბაქრაძის თქმით, კანდიდატების შერჩევაში მოქმედი ხელისუფლება მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ხელი არ შევუშალოთ ამ პროცესს და არც შევუშლით და დავთანხმდებით ნებისმიერ კანდიდატურას, რომელიც იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ წარმოადგინონ ისეთი კანდიდატურები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას და იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ასევე მომავალ კვირაში - უფრო სწორად, კვირის დასაწყისში - გაირკვევა იმ ადამიანთა ვინაობაც, რომლებიც ივანიშვილის მთავრობაში შევლენ. ამის შესახებ განცხადება თავად კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„მინისტრი ყველა შეიცვლება, მოადგილეებიდან შეიძლება ბევრი დარჩეს, უფრო ქვემოთ კი არ ვაპირებთ წასვლას. თუ არ იქნება რამე სპეციალური შემთხვევა, საჯარო მოხელეები ყველანი შეინარჩუნებენ თანამდებობას. ხვალ და ზეგ გვაქვს შეხვედრა შიდა ჯგუფში, სადაც შევაჯერებთ მთავრობის წევრთა ჩემს ვარიანტს და ორშაბათს გავაცნობთ საზოგადოებას“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG