Accessibility links

logo-print

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შემდეგ პროკურატურამ ქონება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიასა და მის ოჯახის წევრებსაც დაუყადაღა. ჯანაშიას ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად აგვისტოში წაუყენეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასა და მისი ოჯახის წევრებს პროკურატურამ ქონება დაუყადაღა. როგორც მისი ადვოკატი ბექა ბასილია ამბობს, დაყადაღებულია თემურ ჯანაშიას შვილების, ყოფილი ცოლისა და დედის ქონება - ასევე მისი 560-ლარიანი საპენსიო ანგარიში.

23 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ჯანაშიამ დაყადაღებულ ქონებაზე ისაუბრა:

„ეს ქონება მანამ იყო შეძენილი, სანამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად დავიწყებდი მუშაობას. მე შემიძლია ეს ნებისმიერ სასამართლოს დავუსაბუთო. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ იტყვის, რომ ეს სამსახურიდან მოპარულია“.

თემურ ჯანაშია სახელმწიფო დავის სპეციალური სამსახურის უფროსი 2010-დან 2013 წლამდე იყო. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში. ეს ბრალდება პროკურატურამ მას ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად 2014 წლის 13 აგვისტოს წაუყენა - სახელმწიფო მათ ბიუჯეტის კუთვნილი რვა მილიონ რვაასი ათასამდე ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

ქონების მითვისება-გაფლანგვის მუხლი არსებობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს წარდგენილი. მაგრამ მას ედავებიან არა მითვისებას, არამედ ქონების გაფლანგვას, ანუ არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან...

პროკურატურამ 19 სექტემბერს უკვე დააყადაღა მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლე სანდრა რულოვსის, დედის, ბებიისა და შვილის საკუთრებაში არსებული ქონებაც. ამ ამბავს ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა კი, ოთარ კახიძემ, თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონება უკანონოდ დაყადაღდა:

„ქონების მითვისება-გაფლანგვის მუხლი არსებობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს წარდგენილი. მაგრამ მას ედავებიან არა მითვისებას, არამედ ქონების გაფლანგვას, ანუ არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება იქნებოდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ თანხით შეიძინა ყვარელში მიწის ნაკვეთი, ან ამ თანხით შეიძინა მიხეილ სააკაშვილის ბებიამ ტოიოტა რავ ოთხი, ამ შემთხვევაში ყადაღა კანონიერი და გამართლებული იქნებოდა“.

ამ შემთხვევაში სახეზე არც ერთი არ არის. ქონებას ვერ ჩმოართმევენ, რადგან ჯანაშიას ეს ქონება არასაბიუჯეტო თანხებით მანამ აქვს შეძენილი, სანამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად დაინიშნებოდა...

იმავე აზრისაა თემურ ჯანაშიას ადვოკატი, ბექა ბასილიაც. მისი თქმით, ყადაღის დასადებად სამიდან ერთ-ერთი პირობაა საჭირო: ქონება შესაძლო ჩამორთმევას უნდა ექვემდებარებოდეს, უნდა იყოს კორუფციული გზით მიღებული, ან დაკავშირებული უნდა იყოს ტერორიზმსა და ფულის გათეთრებასთან:

„ამ შემთხვევაში სახეზე არც ერთი არ არის. ქონებას ვერ ჩმოართმევენ, რადგან ჯანაშიას ეს ქონება არასაბიუჯეტო თანხებით მანამ აქვს შეძენილი, სანამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად დაინიშნებოდა - ამასთან, ქონების ნაწილი ჯერ კიდევ 2000-იან წლებში აქვს ნაყიდი. ერთი ბინა მის ყოფილ მეუღლს გათამაშებაში აქვს მოგებული. გარდა ამისა, ყადაღა დადებული აქვს ჯანაშიას საპენსიო ანგარიშს“.

პროკურატურას თემურ ჯანაშიას საქმეზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ კი ამის შესახებ 23 სექტემბერს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრალდებულის ოჯახის წევრთა ქონების დაყადაღებას დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება:

„თუ ბიუჯეტს ზიანი მიადგა, მაშინ სახელმწიფო ორგანოს აქვს ამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამისთვის შესაძლებელია ყადაღა იყოს გამოყენებული. მაგრამ ეს მხოლოდ ბრალდებულის პირად ან თანასაკუთრებაში არსებულ ქონებას შეიძლება შეეხოს. დაკავშირებული პირების ქონების დასაყადაღებლად კანონმდებლობა ითხოვს იმის დადასტურებას, რომ დაკავშირებული პირის სახელზე არსებული ქონება ბრალდებულის დანაშაულებრივი მოქმედების შედეგადაა მიღებული“.

თემურ ჯანაშიას ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ მიიღო. როგორც ადვოკატი ბექა ბასილია ამბობს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის მას შიდა სახელმწიფოებრივი რესურსი აღარ დარჩა, ამიტომაც ისღა დარჩენია საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაელოდოს.

XS
SM
MD
LG