Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იასირ არაფატის ნეშტს, შესაძლოა, ავტოფსია ჩაუტარონ


პალესტინელთა თვითმმართველობის განცხადებით, ის გასცემს ნებართვას, ექსჰუმაცია გაუკეთონ მათი ყოფილი ლიდერის, იასირ არაფატის ნეშტს, რათა ჩატარდეს ექსპერტიზა 2004 წელს მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მზად არის ექსპერტიზის ჩატარებას მხარი დაუჭიროს.

არაფატის ქვრივმა სუჰამ ისურვა ექსჰუმაცია და ავტოფსია მას მერე, რაც შვეიცარიის ერთ-ერთმა ლაბორატორიამ დაადგინა რადიაქტიური ნივთიერების კვალი იმ საგნებზე, რომლებსაც არაფატი მოიხმარდა სიცოცხლის ბოლო დღეებში.

პოლონიუმი მის სხეულში იყო თუ არა, ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. თუმცა საჭიროა ეს შესაძლებლობა უფრო ღრმად იყოს გამოძიებული ...
ფრანსუა ბოშური

ლოზანაში მდებარე ატომური ფიზიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ფრანსუა ბოშურმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გამოკვლევით პოლონიუმის მოულოდნელად მაღალი კვალი იქნა აღმოჩენილი: „ყველაზე მაღალი რადიაცია შეინიშნებოდა ბატონ არაფატის საცვლებზე, მის რუსულ ქუდზე, როცა პარიზში ჩავიდა ან როცა რამალა დატოვა, და მის კბილის ჯაგრისზე. კბილის ჯაგრისზე რადიაცია დანარჩენ გარემოზე მაღალი იყო.“

თუმცა ბოშურმა იქვე დასძინა, რომ უფრო მეტი ცდის ჩატარებაა აუცილებელი იმის ზუსტად დასადგენად, არაფატის სხეულზე იყო ეს პოლონიუმი თუ ის გარემოდან ბუნებრივი გზით მოხვდა მის ნივთებზე: „პოლონიუმი მის სხეულში იყო თუ არა, ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. თუმცა საჭიროა ეს შესაძლებლობა უფრო ღრმად იყოს გამოძიებული. იმ ზომებით, რომლებიც ჩვენ გავატარეთ, ვერ გამოვიტანთ მყარ დასკვნას, რომ ის პოლონიუმით იყო მოწამლული. გამოკვლევის შემდეგ გაიზარდა შესაძლებლობა, რომ საქმე გვაქვს პოლონიუმით დაბინძურებასთან, მაგრამ, ამ კვლევაზე დაყრდნობით, დაზუსტებით ამას ვერ ვიტყვით.“

პოლონიუმით რუსეთის ყოფილი აგენტი და შემდგომში კრემლის მწვავე კრიტიკოსი ალექსანდრ ლიტვინენკო მოწამლეს 2006 წელს. მან ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში რადიაქტიური ნივთიერებით დაბინძურებული ჩაი დალია და დაიღუპა.

არაფატი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. პალესტინელთა ოფიციალური პირების ნაწილი მისი სიკვდილის დღეებში აცხადებდა, რომ ის ისრაელის მიერ იყო მოწამლული, თუმცა 2005 წელს პალესტინელთა ავტონომიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ, რომელიც ბოლომდე არ მიუყვანიათ, სიკვდილის მიზეზებიდან გამორიცხა კიბო, შიდსი და მოწამვლა.

პალესტინელთა ყოფილი ლიდერი პარიზის შემოგარენში, სამხედრო საავადმყოფოში გარდაიცვალა 2004 წლის ნოემბერში. ფრანგმა ექიმებმა სიკვდილის უშუალო მიზეზად ტვინში სისხლის ჩაქცევა დაასახელეს. სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე არაფატი მოულოდნელად და მძიმედ გახდა ავად, დასავლეთის სანაპიროზე მდებარე თავის რეზიდენციაში.
XS
SM
MD
LG