Accessibility links

logo-print

სახელმწიფოს მიერ უყურადღებოდ მიტოვებული ყოფილი მძევლები


დავით გიუნაშვილი

დავით გიუნაშვილი

აგვისტოს ომის შემდეგ თითქმის 4 წელი გავიდა, ხელისუფლებას კი ათეულობით ყოფილი მძევლისა და ტყვედნამყოფის მდგომარეობა აღარც ახსენდება. არადა, იმ ხანებში უამრავმა ადამიანმა ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა მიიღო და სამედიცინო დახმარებას დღესაც საჭიროებს.

დავით გიუნაშვილი აგვისტოს ომის დაწყებამდე ჯავაში ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობაზე სხვა მშენებლებთან ერთად მუშაობდა. აგვისტოს დასაწყისში, როცა ვითარება დაიძაბა, მშენებლებმა იქიდან გამოსვლა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს. გიუნაშვილის თქმით, ამ დროს ჯავაში როკის გვირაბიდან უკვე სამხედრო ტექნიკა შემოდიოდა. 7 აგვისტოს კი, როცა ჯავის საავიაციო დაბომბვა დაიწყო, გიუნაშვილი ყუმბარის ნამსხვრევებით ფეხში დაიჭრა. მაშინ მასპინძელმა ჯავის დატოვება მთების და ტყეების გავლით ურჩია. ქართველმა მშენებლებმა ორი დღე მთა-მთა და ტყე-ტყე იარეს, ბოლოს მდინარე აღმოაჩინეს და მის დინებას გაჰყვნენ. მოულოდნელად ოსურ სოფელ ბეყმარში აღმოჩნდნენ, სადაც ადგილობრივმა შეიარაღებულმა მოხალისეებმა დააკავეს და ავტომატების კონდახებით სცემეს.

„დაიჩოქეო და არ ვიჩოქებდი, მერე ერთმა თავში ჩამცხო კონდახი, მეორემ ჩექმა ჩამარტყა დაჭრილ ფეხში, ისეთი ძალით ჩამარტყა, რომ დეკემბრამდე მქონდა ჩალურჯებული“, – მიამბობს დავითი და თან თავზე ნაიარევს მაჩვენებს.

ბეყმარიდან მძევლები ცხინვალში გადაიყვანეს. დავით გიუნაშვილი დღესაც უემოციოდ ვერ იხსენებს თავისი და თავისი მეგობრების მძევლობის ისტორიას. წამება, არაჰუმანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, გარდაცვლილების მანქანებზე დატვირთვა და დამარხვა, ცხინვალის დასუფთავება, იზოლატორში არაადამიანურ პირობებში ყოფნა - ეს ყველაფერი 18 დღე გრძელდებოდა. გიუნაშვილის თქმით, ყველაზე აგრესიულები ქართველების მიმართ ახალგაზრდა თეთრსახვევიანი მებრძოლები იყვნენ, რომლებიც დაუნდობლად უსწორდებოდნენ ახალგაზრდა მძევლებს.
არავინ არ მიმიღო, არც ერთ საავადმყოფოში ყურადღება არ მომაქციეს. უკვე სიცხეები მქონდა. ფეხი გასივდა, ანთებითი პროცესი იყო დაწყებული ...

„ 3 დღის გარდაცვლილები დაგვატვირთვინეს მანქანებზე. ჩვენთან მყოფ ახალგაზრდებს ზოგი წიხლს ჩაარტყამდა, ძალიან არაადამიანურად იქცეოდნენ. თვითონ ნაგავს ყრიდნენ, მერე ჩვენ გამოგვიყვანდნენ და გვაკრეფინებდნენ. კამერებში ადგილი აღარ იყო. 170 კაცზე მეტი ვიყავით. საჭმელი რა ჰქონდათ - უშაქრო ჩაი და წყალში მოხარშული გრეჩიხა. სასმელ წყალს ლიახვზე ავსებდნენ, სახანძროებით მოჰქონდათ და კასრებში გვისხამდნენ. ახალგაზრდები ყოველდღიურად გაჰყავდათ ქალაქში. უკან რომ ბრუნდებოდნენ, გვამების სუნი ჰქონდათ. მკვდრებს ამარხვინებდნენ. მარტო ქართველები კი არა, ოსებიც დაუმარხავთ. როგორც პლენებს, ისე გვექცეოდნენ“, – ამბობს დავითი.

სულ ბოლოს, 2008 წლის 27 აგვისტოს, 80-მდე ქართველი მძევალი ცხინვალიდან გამოიყვანეს და 13 ოს ჯარისკაცში გაცვალეს. დათოც ამ ნაკადში მოხვდა. დაჭრილი ფეხი უკვე დასიებული ჰქონდა, მაგრამ მისთვის მაშინ დახმარება არავის გაუწევია.

„არავინ არ მიმიღო, არც ერთ საავადმყოფოში ყურადღება არ მომაქციეს. უკვე სიცხეები მქონდა. ფეხი გასივდა, ანთებითი პროცესი იყო დაწყებული. კაციშვილს არ მოუკითხავს ჩვენთვის - განა მარტო ჩემთვის, არავისთვის. გორელები ბევრნი ვიყავით. არ გამიგია, რომ ვიღაცას რაღაცით დახმარებოდნენ“, – აცხადებს დავით გიუნაშვილი.

ყოფილი მძევლის მდგომარეობით მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) გორის ოფისის თანამშრომლები 2010 წლიდან თვითონ ეძებენ ყოფილ მძევლებს და ნატყვევრებს და სამედიცინო და ფსიქოსოციალურ დახმარებას სთავაზობენ. ამ ცენტრის მომსახურებით დავით გიუნაშვილმაც ისარგებლა. მას უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს და მედიკამენტებით დაეხმარნენ. (GCRT) –ის წარმომადგენელი შორენა ყაყიტაშვილი ამბობს, რომ მათი ცენტრი საქართველოში ერთადერთია, რომელიც ასეთ ადამიანებთან სამედიცინო მიმართულებით მუშაობს:

2008 წლის აგისტოს ომის დროს ვინც კი იმყოფებოდა ტყვედ, ყველას საქმე უკვე გაგზავნილია სტრასბურგში და მიმდინარე პერიოდშიც თუ არის ასეთი შემთხვევები, ჩვენ ყველა ადამიანს ვთავაზობთ ასეთ მომსახურებას ...
„ჩვენს ორგანიზაციას ძირითადად ტყვედნამყოფები აკითხავენ. ჩვენი ორგანიზაცია არის უფრო სამედიცინო პროფილის ორგანიზაცია, თუმცა ჩვენ მათ სამართლებრივ დახმარებასაც ვუწევთ. ეს არის კონსულტაცია როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაზე, თუმცა პრიორიტეტი აღებულია მათი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ.“

2009 წელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ყოფილი მძევლებისგან ჩვენებები შეაგროვა და შესაბამისი სარჩელები სტრასბურგის სასამართლოსთვის მოამზადა. იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ წამების მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას სწორედ ასოციაცია ახორციელებს:

„2008 წლის აგისტოს ომის დროს ვინც კი იმყოფებოდა ტყვედ, ყველას საქმე უკვე გაგზავნილია სტრასბურგში და მიმდინარე პერიოდშიც თუ არის ასეთი შემთხვევები, ჩვენ ყველა ადამიანს ვთავაზობთ ასეთ მომსახურებას და ვინც არის თანახმა, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ მათ საადვოკატო მომსახურებას. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. თითოეულ ადამიანს, რომელიც გახდა ამ შემთხვევაში წამების მსხვერპლი, აქვს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც საჭიროებს შესაბამის დახმარებას, ვინაიდან არიან დათრგუნულები და მათი ადამიანური ღირსება ძალიან შელახულია. ამიტომაც ამ ადამიანებთან ჩვენ კომპლექსურად ვმუშაობთ. ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, მათ ძალიან ბევრი სხვა სახის დახმარება სჭირდებათ.“

დავით გიუნაშვილმა ჯერ არ იცის, როდის დაიწყება მისი საქმის განხილვა. მას უფრო მეტად ახლა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება უნდა. ტყვეობის შემდეგ სულ თავის ტკივილები აწუხებს.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვედ იმყოფებოდა 163 ეროვნებით ქართველი სამოქალაქო პირი. განსხვავებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ომბუდსმენის, დავით სანაკოევის, ინფორმაცია. ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სულ 182 ქართველი სამოქალაქო პირი ჰყავდათ დატყვევებული. ამგვარი განსხვავებული მონაცემები იმით არის გამოწვეული, რომ ქართველი ტყვეები ერთ საპატიმროში არ ყოფილან მოთავსებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG