Accessibility links

logo-print

დღეს მსოფლიო ჩემპიონატი ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა და არამხოლოდ ფეხბურთში. ეს უდიდესი მოვლენაა მედიისთვის და, რა თქმა უნდა, ინტერნეტისთვისაც. ამ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფორუმს მსოფლიოში უამრავი დიდი კომპანია და მედიაორგანიზაცია ეხმაურება. ისინი ქირაობენ საუკეთესო ვებდიზაინერებს, ვებპროექტების მენეჯერებს და, საბოლოოდ, ინტერნეტის მომხმარებელს სთავაზობენ რაღაც ისეთს, რაზეც მათ არასდროს უფიქრიათ. ამ ახალგაზრდულ პროგრამაში გიამბობთ რამდენიმე ასეთი პროექტის შესახებ, რომლებიც ინტერნეტტექნოლოგიების ყველაზე ნათელმა გონებებმა შექმნეს და თქვენ მათ შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ პირველი მედიაა, რომელიც უნდა ვახსენო და, ალბათ, საერთოდ პირველი მედიაა, რომელმაც ასეთი დონის ვიზუალიზაციები შემოგვთავაზა მსოფლიო ჩემპიონატზე. პროექტი „The World Ball”, ანუ “მსოფლიოს ბურთი“, გვიამბობს მსოფლიო ჩემპიონატთა ბურთების ისტორიას 1930 წლის „მოდელი თიდან“ 2014 წლის „ბრაზუკამდე“. ინტერაქტიურ პროექტში ყურადღება გამახვილებულია ბურთის ისეთ მახასიათებლებსა და ისტორიებზე, რომლებიც ასე, ერთი შეხედვით, ძნელია შევნიშნოთ. მაგალითად, ვხედავთ, თუ რა გავლენა მოახდინა სატელევიზიო რეპორტაჟმა ბურთის ცვლილებაზე და ა.შ. პროექტი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მოქმედი საგნის, ბურთის, თობაზე აგვიწერს ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რომელსაც შეუძლია თამაში შეცვალოს და სულ სხვა სახე მისცეს. აქ ამ ბურთების ევოლუციის მაგალითზე ვხვდებით, თუ როგორ იცვლება ფეხბურთი წლების განმავლობაში.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, ამჯერად სხვა პროექტით - „როგორ გაიტანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“. ვიზუალიზაცია საშუალებას გვაძლევს დეტალურად განვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების გოლები განას კარში. სურათებზე ჩვენ ვხედავთ ბურთისა და ფეხბურთელების მოძრაობას. ვიზუალიზაცია ნათლად გვიხატავს ტაქტიკურ მონახაზს, რომლის წყალობითაც ამერიკის ნაკრებმა მოახერხა და განა დაამარცხა.

ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროექტი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემოგვთავაზა საიტმა Bookmakers.co.uk, რომელიც, ალბათ, ამ პროექტით, უბრალოდ, კარგი რეკლამის გაკეთებას შეეცადა, თუმცა, მგონი, პროექტის ავტორების შრომა და დამსახურება მაინც არ უნდა დაიკარგოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო მათი დამქირავებელი. "მეთორმეტე გულშემატკივარი" ერთ-ერთი ყველაზე გიჟური სტატისტიკური მონაცემების ნაკრებია ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. პროექტი გვაჩვენებს, თუ როგორი გავლენა აქვს რეალურად მუნდიალს ადამიანებზე და რამდენად მასშტაბურია ეს ფორუმი. პროექტის დახმარებით ვხედავთ გულშემატკივრების ქმედებებს ინტერნეტში და ჩემპიონატზე გამოხმაურებებს ერთ საიტზე. აქ თქვენ ნახავთ, თუ რა არის ყველაზე პოპულარული ტვიტები მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელი ფოტო აიტაცა ინტერნეტმა ყველაზე მეტად, როგორია სხვადასხვა ნაკრებთა ტვიტების სტატისტიკა. სხვათა შორის, აქ ძალიან საინტერესო ფაქტი დავაფიქსირე: ბრაზილიასა და არგენტინას შორის კოსტა რიკის ნაკრებია მეორე გუნდი, რომელსაც მეოთხედფინალების შემდეგ ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე - 26 ტვიტით წამში. ასევე აქ შეგიძლიათ იხილოთ ტვიტების სტატისტიკა ცალკეული ნაკრებებისთვის და წინასწარ წარმოიდგინოთ, თუ რომელი იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი გუნდი ამ მუნდიალიდან.

შემდეგი პროექტი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, „ქუარცისა“ და „გარდიანის“ კოლაბორაციაა. უფრო სწორად, ეს „ქუარცის“ პროქტია, რომელმაც „გარდიანის“ სტატისტიკური მონაცემები გამოიყენა და საოცარი ვიზუალიზაცია შემოგვთავაზა. პროექტი გვიჩვენებს, თუ სად თამაშობენ მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთელები, სად ვითარდებიან და რომელ ქვეყანას არჩევენ საკუთარი ტალანტის გამოსავლენად. ინფოგრაფიკი გვიჩვენებს ფაქტებს, რომელთა დანახვაც ისე არც ისე მარტივია - მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელების 65% საკუთარი ქვეყნის გარეთ თამაშობს. ამ კუთხით ევროპა დომინირებს: ევროპულ კლუბებში ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელების 76% თამაშობს. ინფოგრაფიკი გვიჩვენებს, თუ სად თამაშობენ ყველაზე მეტი ლეგიონერები: მაგალითად, განას, კოტ დ’ივუარს, ბოსნია-ჰერცოგოვინას და ურუგვაის მხოლოდ თითო ფეხბურთელი ჰყავთ საკუთარი ჩემპიონატიდან. ყველაზე მეტი ფეხბურთელი საკუთარი ჩემპიონატიდან რუსეთს ჰყავს, სადაც ერთ ლეგიონერსაც ვერ იპოვით. აქვეა ინგლისიც, სადაც მხოლოდ ერთი ლეგიონერი თამაშობს.

მსოფლიო ჩემპიონატს ბევრი კრიტიკოსიც ჰყავდა, რომლებიც ამბობდნენ, ფეხბურთი უკვე ბიზნესი უფროა, ვიდრე სპორტიო. ბევრი წერილი იწერებოდა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია ბრაზილიაში ღარიბი მოსახლეობა და რა შეუსაბამო ხარჯები გაიღო ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ახლა ამ ყველაფერის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს. შემდეგი პროექტი, რომელზეც უნდა შევჩერდე, გთავაზობთ უბრალოდ რიცხვებს, რომლებიც ადასტურებს, თუ რაოდენ შემოსავლიანი ბიზნესია დღეს მსოფლიო ჩემპიონატი. „ვიზუალ კაპიტალისტის“ პროექტი გვთავაზობს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ფიფა მსოფლიო ჩემპიონატით 4 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს ელოდება. შედარებისთვის იქვეა წინა ჩემპიონატების სტატისტიკაც: 2002 წელს მოგება 1.9 მილიარდი იყო, 2006 წელს - 2.2 მილიარდი, 2010-ში კი მოგებამ 2.3 მილიარდი შეადგინა. როგორც ჩანს, ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ ფინანსურად ყველაზე წარმატებულ ჩემპიონატს, რომელიც თითქმის გააორმაგებს შემოსავლებს ფიფასთვის. ამ მუნდიალის წყალობით, ფიფა მოახერხებს და ყველაზე შემოსავლიანი სპორტული ორგანიზაციების სიაში “NBA”-საც კი გადაასწრებს.

დღეისთვის სულ ესაა, რაზეც მინდოდა მესაუბრა. ინტერნეტში უამრავი საინტერესო პროექტის ნახვა შეიძლება და, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება, თუ ასეთ პროექტებს ტვიტერსა ან ფეისბუკზე გამიზიარებთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG