Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში ახალგაზრდების რადიკალიზაციაზე იმსჯელეს


ისლამისტ ექსტრმისტთა ჯგუფების მიერ ახალგაზრდების რადიკალიზაცია და გადაბირება მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს გამოწვევა გახდა. 23 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭომ ექსპერტების მოსაზრებები მოისმინა, სადაც მათ აღნიშნეს, რომ ეს პრობლემა მსოფლიო მშვიდობას და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი გაეროში მარგარეთ ბეშირი მოგვითხრობს, რომ ათასობით ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ძალადობრივ დაჯგუფებებში თავგადასავლების და ახალი მსოფლიო წყობის შექმნის დაპირებებით წევრიანდება. მათ ძალაუფლებას და განსაკუთრებული მნიშვნელობის შეძენას პირდებიან. თუმცა რეალობა ბევრად მოღუშულია.

უშიშროების საბჭოს დებატების დროს, აშშ-ის ელჩმა გაეროში სამანტა პაუერმა აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციები, მაგალითად ისეთი როგორიცაა ე.წ. "ისლამურის სახელმწიფო", ახალგაზრდების მიზიდვის მიმართულებით გამუდმებით იხვეწება, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში. ჯგუფი დღეში 90 ათას ტვიტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

„ტერორისტულმა ორგანიზაციებმა გვაჯობეს თანხების ხარჯვაშიც, მოხერხებულობაშიც და ამასთან, მეტად ინოვაციურებიც აღმოჩნდნენ ახალგაზრდების მიზიდვის მიმართულებით.
სამანტა პაუერი

კოლექტიური უსაფრთხოებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის მიზნით, [ამ ჯგუფებს] აუცილებლად უნდა დავეწიოთ.“

ლონდონის რადიკალიზაციის შესწავლის საერთშორისო ცენტრის დირექტორმა პიტერ ნიუმანმა საბჭოს განaცხადა, რომ ერაყსა და სირიაში დაახლოებით 4000-მდე ევროპელი მეომარი წავიდა. მისი თქმით, ეს ახალგაზრდები თავს გარიყულად გრძნობდნენ. "თუ საზოგადოების ნაწილად თავს არ გრძნობ, მაშინ ყველაფრის მიტოვება და ხელის ჩაქნევა ადვილია. მათ ამ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა უადვილდებათ,"- აცხადებს ნიუმანი.

ბევრი ახალგაზრდა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებს უერთდება. ანთროპოლოგი სკოტ ატრანი ცოტა ხნის წინ ერაყში მებრძოლ ახალგაზრდას გაესაუბრა. ის ამბობს, რომ "მათ არაფერი იციან არც ყურანის და არც ჰადითის შესახებ, ისლამის შესახებ მხოლოდ ალ-ყაიდას და "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდის წყალობით გაიგეს."

აფრიკაში არსებულმა სიღარიბემ, უმუშევრობამ და კონფლიქტებმა ახალგაზრდებს "ბოკო-ჰარამის", "ალ-შაბაბის" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისკენ უბიძგა. ისინი ატერორებენ და იტაცებენ მოსახლეობას, მათ შორის მოწაფე გოგონებს ნიგერიიდან. ახალხანს კენიაში, გარისას უნივერსიტეტში 148 მოწაფე მოკლეს.

პეტერ ნიუმანმა უშიშროების საბჭოს მიანიშნა, რომ საზოგადეობას ბევრის გაკეთება შეუძლია, მაგალითად მშობლებს მეტი საარსებო რესურსი უნდა მიეცეთ, უნდა შეიქმნას დე-რადიკალიზაციის პროგრამები, აუცილებელია ინტერნეტშში გავრცელებულ ექსტრემისტულ იდეებთან დაპირისპირება. ამას გარდა, ახალგაზრდების საზოგადოებაში ჩართულობა უფრო აქტიურად უნდა ხდებოდეს.

აპრილში, გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტობა იორდანიას ხვდა წილად. დებატებს 20 წლის იორდანიის სამეფოს პრინცი უძღვებოდა. პრინცმა ჰუსეინ ბინ-აბდულამ დასძინა, რომ მიუხედავად ახალგაზრდების რადიკალიზაციის მიდრეკილებისა, პრობლემის გადაჭრის უნარიც ახალგაზრდებსვე აქვთ. მისივე თქმით, იორდანია მზადაა საერთშორისო კონფერენციას უმასპონძლოს, სადაც მთავარი თემა იქნება ახალგაზრდების როლი ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG