Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რკინის კაცი“ 3


„იუვენტუსს“ ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ. 9 წლის ვიყავი, როცა ბიძაჩემმა იუვენტუსის ფორმა მაჩუქა და იმის შემდეგ გუნდის შავ-თეთრი მაისური კვირაში ერთხელ, სათამაშო ტურის დროს, აუცილებლად მაცვია. ფანებს რამდენიმე მნიშვნელოვანი დღე გვაქვს და, რა თქმა უნდა, ასეთი დღეების რიგშია თამაშები მილანურ გუნდებთან. 21 აპრილს „იუვენტუსმა“ ტურინში მილანი მიიღო. არ მეგონა, რამე ამ მოვლენას თუ გადაწონიდა, მაგრამ ფაქტია - გადაწონა. თამაშის წინ სტადიონზე აირონ მენი დაეშვა და “იუვენტუს სტედიუმს” საპატიო წრე დაარტყა.

მართალია, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ „რკინის კაცის“ მესამე ფილმი საქართველოშიც გამოვიდა და აი, ტონი სტარკიც დაბრუნდა. ევენჯერსის შემდეგ ცოტა მოტეხილი, უძილობისა და დეპრესიისგან დატანჯული, თუმცა მაინც ტონი სტარკი - გენიოსი პლეიბოი.



ფილმის დასაწყისში 1999 წელს აღმოჩნდებით - წვეულებაზე, რომელიც მილენიუმის დასასრულის აღსანიშნავად მოეწყო შვეიცარიაში და იქაც, რა თქმა უნდა, იყო ტონი სტარკი, ძველი ტონი სტარკი. სტარკმა მოახერხა და წვეულებაზე ყველაზე ლამაზ ქალთან, ამასთან, ნიჭიერ ბოტანიკოსთან ღამე გაატარა, რომელიც დილითვე მიატოვა. თუმცა ეს სტარკის ერთადერთი გმირობა არ იყო იმ ღამეს, სტარკმა სასტუმროს სახურავზე შეხვედრა დაუთქვა ოლდრიხ კილიანს - მეცნიერს, რომელიც საკუთარი პროექტის შეთავაზებას ცდილობდა მისთვის. შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, არ მივიდა და კილიანიც 21-ე საუკუნეს სახურავზე, სიცივეში, შეხვდა. მოკლედ, ფილმი ისე იწყება, რომ ხვდები, ოდესმე კილიანი შურს იძიებს.

ჩემს ერთ მეგობარს აქვს თეორია, რომ ყველაფერი ყველაზე კარგი 1999 წლიდან იწყება - მაშინ, როცა მეოცე საუკუნე მთავრდებოდა და ყველა კულტურულმა მოძრაობამ რამდენიმე პატარა სივრცეში მოიყარა თავი და არავინ იცოდა, თუ რა მიმართულებით გაგრძელდებოდა ტექნოლოგიური პროგრესი, რაც ადამიანების ფანტაზიას უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევდა. არადა, ნაწილობრივ მართალიცაა: 99-წელს გამოვიდა: „მატრიცა“, „მებრძოლთა კლუბი“, „მეცამეტე სართული“, რედ ჰოთ ჩილი პეპერსმა გამოუშვა Californication და ა.შ. „რკინის კაცის“ მესამე ფილმიც 99-იდან იწყება და თუ ამ მოსაზრებას ვენდობით, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საუკეთესო „აირონ მენია“. თანაც, დროში მოგზაურობაში პირველი სცენის საუნდტრეკიც დაგეხმარებათ, უკვე დავიწყებული ჰიტი, რომლის „აირონ მენში“ გამოჩენამ იმაზე მეტად გამაკვირვა, ვიდრე “ჯანგოს” ყურებისას განგსტა რეპის მოსმენამ.

კილიანი ფილმში მოგვიანებით ბრუნდება, როცა სტარკის ცოლს, პეპერს, საკუთარ ტვინში მოგზაურობას შესთავაზებს. თუმცა ეს ის კილიანი აღარაა, რომელიც რკინის კაცმა 31 დეკემბრის ღამეს სახურავზე გასაყინად გაიმეტა. კილიანი ახლა უკვე მხრებში გაშლილი, ძვირფას პიჯაკში გამოწყობილი, რესპექტაბელური ჯენტლმენის შთამეჭდილებას ტოვებს. აი, ასეთი კილიანის გამოჩენის შემდეგ კი მართლა რაღაც უნდა მოხდეს. სხვათა შორის, ოლდრიხ კილიანის როლზე თავიდან ჯუდ ლოუს მოიაზრებდნენ, მაგრამ არ გამოვიდა და ფილმში გაი პირსმა ითამაშა. თუმცა კილიანი სტარკის მთავარი მეტოქე არაა მანამ, სანამ რკინის კაცი არ გაარკვევს, რომ მანდარინი, ტერორისტი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტსაც კი ემუქრება … კარგით, აღარ დავასპოილერებ, თორემ შეიძლება ასეთი წერილი მივიღო მათგან, ვისაც ჯერ ფილმი არ უნახავს.


რაც შეეხება რობერტ დაუნი ჯუნიორს, უკვე მის გარეშე „აირონ მენი“ წარმოუდგენელია - აი, როგორც ჯეკ ბეღურა ჯონი დეპის გარეშე. საერთოდ, სუპერგმირების როლების შემსრულებლები ხშირად იცვლებიან ხოლმე ან ფიქრობ, რომ რომც შეიცვალონ, დიდი არაფერი დაშავდება. მთავარია, სუპერგმირი დარჩეს სუპერგმირად, მაგრამ არა რკინის კაცის შემთხვევაში. ამის შესახებ თვითონ მსახიობმა ისაუბრა ერთ-ერთ ინტერვიუში და თქვა, რომ თუკი ოდესმე სხვას მოუწევს რკინის კაცის თამაში, ამ მსახიობმა აუცილებლად უნდა იცოდეს დაუნი ჯუნიორის არსებობის შესახებ. ასევე დაამატა, რომ ამ შემთხვევაში სრულად ენდობა მარველის გუნდს.

ინტერვიუ - დაუნი ჯუნიორი საუბრობს



ქართულად: ”ის უნდა იყოს გამბედავი და ჩათვალოს, თითქოს არასდროს ვარსებობდი. მას რეჟისორი და მარველის გუნდიც დაეხმარება, რადგან მათ შეუძლიათ რაღაც დიდებულის გაკეთება, ისეთი რაღაცის გაკეთება, რასაც ვერასდროს წარმოიდგენ. მე ვფიქრობ, რომ ისინი მართლა მაგრები არიან და მათ ვანდობდი ამ საქმეს - იმას, თუ რას გააკეთებენ და ვისთან ერთად".

„აირონ მენის“ მესამე ნაწილი, პირველი ორისგან განსხვავებით, შეინ ბლეკმა გადაიღო. პირველი ორი ფილმის რეჟისორი, ჯონ ფავრო, მესამე ნაწილში მხოლოდ ჰეპი ჰოგანის - სტარკის კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - როლს დასჯერდა. შეიცვალა ვიზუალური ეფექტების შემქმნელთა ჯგუფიც. “Industrial Light and Magic” ამ ფილმში “Digital Domain” და “Weta Digital”-მა ჩაანაცვლეს. ჰოდა, კიდევ ერთი: ეს „აირონ მენის“ პირველი ფილმია, რომელშიც ერთხელაც არ ჩნდება სემუელ ელ ჯექსონის გმირი, ნიკ ფიური. თუმცა ამით „რკინის კაცს“ ბევრი არაფერი აკლდება. არასდროს მომწონდა ნიკ ფიური.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG