Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არეულობა არასრულწლოვან პატიმართა დაწესებულებაში


სასჯელაღსრულების სამინისტროს არასრულწლოვანთა #11 დაწესებულებაში 8 აგვისტოს ღამით პატიმრებმა, არასათანადო მოპყრობისა და ბოლო დროს ამოქმედებული ახალი შეზღუდვების გამო, პროტესტი გამოხატეს. ინციდენტში დაწესებულების ბინადარი 122 მსჯავრდებულიდან უმრავლესობა მონაწილეობდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საყოფაცხოვრებო ნივთები. დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები რუსთავის მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე დაწესებულებებში გადაიყვანეს. ამ დაწესებულებებში ისინი სრულწლოვანი პატიმრებისგან იზოლირებულად განთავსდნენ. ამ დროისათვის არასრულწლოვანთა 11 დაწესებულებაში მხოლოდ 15 მსჯავრდებული რჩება. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ავჭალის არასრულწლოვანთა სასჯლაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები 9 აგვისტოს, ღამის 2 საათზე მივიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად სახალხო დამცველის აპარატია ერთადერთი უწყება, რომელსაც ინციდენტის დეტალებსა და გარემოებებზე ღიად შეუძლია საუბარი. საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის თანახმად, გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ არასრულწლოვანები საკუთარ პროტესტს, რომელსაც, ფაქტობრივად, ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა, ბოლო დროს დაწესებულებაში ამოქმედებულ შეზღუდვებს, არასათანადო მოპყრობის შემთხვევებსა და ახალ სარეჟიმო მოთხოვნებს უკავშირებდნენ.

”ახლა მე ვერ გეტყვით ნამდვილად, რომ ჩემი სიმპათია შეიძლება გამოიწვიოს პროტესტის ამ ფორმამ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ აქვთ გარკვეული მოთხოვნები, რომელთაც, მე ვფიქრობ, ისინი სავსებით სამართლიანად აყენებენ. საუბარია გარკვეულ შეზღუდვებზე, რომელთაც ადრე არ ჰქონდა ადგილი და ბოლო დროს შემოვიდა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მათი ახლობლები როდესაც მოდიან დაწესებულებაში, მათ შეურაცხმყოფელად ჩხრეკენ, იყო ასევე საუბარი გარკვეულ შეზღუდვებზე ამანათებთან მიმართებაში. რამდენიმე არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა ისაუბრა ასევე, რომ მათ მიმართ დამოკიდებულება ბოლო პერიოდში გარკვეულწილად იყო უხეში.”

მე ყოველკვირა ვნახულობდი. პრობლემა არაფერზე არ მქონია. რომ გითხრა, რომ ბავშვიც რამეს უჩიოდა-მეთქი, არა. ნორმალურ პირობებში იყო ...
ერთ-ერთი არასრულწლოვანი პატიმრის დედა

გიორგი ტუღუში აღნიშნავს იმასაც, რომ რამდენიმე მსჯავრდებულმა მასთან საუბარში უფლებათა დარღვევების იმ ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთაც წარსულში ჰქონდა ადგილი. სახალხო დამცველი მასალებს სწავლობს და სათანადო რეაგირებასაც მოახდენს. ამ ეტაპზე კი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე, ზოგადად, ინციდენტის შემდეგ მძიმე სურათია. საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციურად გამოუსადეგარია და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, დაზიანებულია საწოლები, ფანჯრები, ლეიბები, რომელთაც ცალკეულ შემთხვევაში მსჯავრდებულებმა ცეცხლიც კი მოუკიდეს. საბოლოოდ ინციდენტი სპეცრაზმის დახმარების გარეშე, შიდა რესურსებით ჩაწყნარდა. არ არიან დაშავებულები.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე არასრულწლოვანის წინააღმდეგაა აღძრული, თუმცა რამდენია ეს რამდენიმე, ჯერჯერობით არ ზუსტდება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ინციდენტზე მხოლოდ ოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა. განცხადების თანახმად, უკანასკნელ პერიოდში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფარგლებში, ნომერ მეთერთმეტე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში გატარდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და სარეაბილიტაციო რეფორმები, დაინერგა ევროპული სტანდარტები და მიდგომები. მაგრამ მიუხედავად ამისა, - ვკითხულობთ განცხადებაში, - 8 აგვისტოს ზოგიერთი არასრულოწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ინსპირირებული იქნა დადგენილი დღის წესრიგის უხეში დარღვევა, რამაც ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის დაზიანება გამოიწვია.

არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ არეულობის შესახებ პატიმრების მშობლებმა გვიან, ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, შეიტყვეს.

”მე ყოველკვირა ვნახულობდი. პრობლემა არაფერზე არ მქონია. რომ გითხრა, რომ ბავშვიც რამეს უჩიოდა-მეთქი, არა. ნორმალურ პირობებში იყო, ვიზუალურადაც ხომ ვხედავდი. კვირაში ერთხელ ვნახულობდი, არაფერს უჩიოდა“, გვითხრა ერთ-ერთი არასრულწლოვანი პატიმრის დედამ.

არ ვიცი, ეს კონკრეტული ინციდენტი რას მოჰყვა, მაგრამ, ალბათ, ამის მიზეზი ისევ და ისევ მსჯავრდებულების მიმართ დამოკიდებულებაში უნდა ვეძებოთ ...
ხათუნა ჯაპავა

მომხდარი მოულოდნელი აღმოჩნდა ასევე ბავშვთა ფსიქოთერაპევტ მაია ცირამუასთვის, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაცია ” წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის” სახელით, აქტიურად იყო ჩართული არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში ბოლო დროს მიმდინარე რეფორმებში. იგი ამბობს, რომ რეფორმებით სისტემის ჰუმანიზაცია ხდება.

” რა თქმა უნდა, ბავშვის უფლებების დაცვასა და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომაა, რაც დაინერგა ეს ორი წელია. ძალიან გასაოცარია, რომ ამ ფონზე ასეთი რაღაც მოხდა. ყოველ შემთხვევაში, იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო, საბჭოთა მემკვიდრეობა რაც მივიღეთ, ეს რაც დღეს ხდებოდა, იყო ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი. 6 წელია ჩვენი ორგანიზაცია შედიოდა ამ დაწესებულებაში და არც ერთი ფაქტი არ მახსენდება ძალადობრივი დამოკიდებულების ბავშვების მიმართ”, ამბობს მაია ცირამუა.

სასჯელაღსრულების მეთერთმეტე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ხათუნა ჯაპავა კი აღნიშნავს, რომ პროგრესული რეფორმები და კარგი საყოფაცხოვრებო პირობები ზოგადად პატიმრობის ნორმალური გარემოსთვის საკმარისი არ არის:

”პროტესტს, უპირველეს ყოვლისა, იწვევს მსჯავრდებულისადმი შეურაცხმყოფელი მიდგომა, დამოკიდებულება. არ ვიცი, ეს კონკრეტული ინციდენტი რას მოჰყვა, მაგრამ, ალბათ, ამის მიზეზი ისევ და ისევ მსჯავრდებულების მიმართ დამოკიდებულებაში უნდა ვეძებოთ - რამდენად კანონიერად, მართლზომიერად ხდება, ხორციელდება მათ მიმართ პატიმრობის აღსრულება.”

ხათუნა ჯაპავას, ინციდენტზე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის სიმწირის გამო, მომხდარის ობიექტურად შეფასება უჭირს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კი იმავე ზემოხსენებული განცხადებით გვპირდება, რომ გამოძიების დასრულებისთანავე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება.
XS
SM
MD
LG