Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურბან ბაირამი საქართველოში


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
15 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში მუსლიმები თავიანთი ორი მთავარი რელიგიური დღესასწაულიდან ერთ-ერთს, ყურბან ბაირამს, აღნიშნავენ. ყურბან ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. ამ დღეს მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლისა თუ ცხვრის ხორცს თანაბრად ანაწილებს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში. მუსლიმები ყურბან ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც რამადანის დასასრული აღინიშნება. ამ დღესასწაულზე მუსლიმები დაკლული შინაური ცხოველის ხორცს ღატაკებს ურიგებენ. 15 ოქტომბერს მეიდანზე მდგარ მეჩეთთან ხალხი დილიდან შეიკრიბა. ამალია ალიევაც მათ შორისაა.

„ეს ჩვენი ყველაზე კარგი, ნამდვილი დღესასწაულია, ამ დღეს სახლში ფლავს ვხარშავთ, ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს, იმას ამზადებს, მაგრამ მთავარი წესია, რომ ცხვარს ან საქონელს კლავენ, ასე ვთქვათ, მსხვერპლად სწირავენ ალაჰს და ხორცს სხვებს უნაწილებენ. ეს ჩვენი ყველაზე, ყველაზე კარგი დღესასწაულია“, - გვეუბნება ამალია ალიევა.

მეჩეთში დილის ლოცვა დასრულებულია, თუმცა დღესასწაული გრძელდება. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ვაგიფ აკბეროვი ყურბან ბაირამის არსს გვიხსნის. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლობიდან მოდის. უშვილო აბრაამს ღვთის წინაშე პირობა დაუდვია, რომ თუ შვილი ეყოლებოდა, საყვარელ არსებას შესწირავდა. მართლაც, გაუჩნდა აბრაამს შვილი და, დაპირებისამებრ, ღმერთს შესწირა აქლემი, ცხვარი და ძროხა. მაგრამ სიზმარში ნახა, რომ პირობა მანამ არ იქნებოდა შესრულებული, სანამ ღმერთს შვილს არ შესწირავდა. წაიყვანა კიდეც შვილი სამსხვერპლოზე, მაგრამ როცა ალაჰმა ეს დაიანახა, აბრაამის ერთგულებაში დარწმუნდა, ზვარაკი გამოგზავნა და სთხოვა, შვილის ნაცვლად მისთვის ზვარაკი შეეწირა. ვაგიფ აკბეროვის განმარტებით, ეს დღესასწაული ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება და მისი მთავარი არსი ქველმოქმედებასა და გაჭირვებული ხალხის დახმარებაშია:

ყურბან ბაირამის მადლი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს. მინდა ხმა მივაწვდინო ჩვენს ძმებს აფხაზებს და ოსებს, ტაო-კლარჯეთსა და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს და მივულოცო ეს დღე...
ჯემალ პაქსაძე
„აუცილებელია, რომ ამ დღეს ოჯახში დაიკლას ან ცხვარი, ან საქონელი, ან აქლემი, ხორცი კი სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ადამიანებს უნაწილდება. ხვალ და ზეგაც ჩვენ სწორედ ასეთ ხალხს დავეხმარებით. ასევე ამ დღეებში ნათესავებს ვინახულებთ, ავადმყოფებს მოვეხმარებით“...

15 ოქტომბერს მუსლიმებს მათი წმინდა დღესასწაული ბათუმის მეჩეთიდან მიულოცა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთიმ ჯემალ პაქსაძემ:

„ყურბან ბაირამის მადლი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს. მინდა ხმა მივაწვდინო ჩვენს ძმებს აფხაზებს და ოსებს, ტაო-კლარჯეთსა და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს და მივულოცო ეს დღე და ვუთხრა, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, რომ აუცილებლად ვიქნებით ერთად“.

ყურბან ბაირამს საქართველოში შეხვდა აზერბაიჯანის მოქალაქე აქიმ ქარიმოვი, რომელსაც თბილისის მეჩეთში შევხვდით. ის გვეუბნება, რომ საკლავის დაკვლის აუცილებელი პირობაა, ის იყოს ჯანმრთელი. ცხვარი 6 თვეზე ნაკლების არ უნდა იყოს, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი - ორ წელზე ნაკლებისა. ხორცის ორი მესამედი შინ რჩება, დანარჩენს კი უპოვარ ხალხს უწილადებენ.

არც ერთ შემთხვევაში არც ერთი კონკრეტული პირი, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე დანაშაულს სჩადიოდა, არ დასჯილა და სწორედ ეს არის უმთავრესი მიზეზი, რატომაც გადაედო ეს ტენდენცია ერთი სოფლიდან მეორეს. დადებითი ფაქტია, რომ პრემიერი ივანიშვილი რამდენიმე დღის წინ შეხვდა მუსლიმ მოსახლეობას...
ბექა მინდიაშვილი
საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს დღესასწაული პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც მიულოცა. „ეს არის დიდი სიხარულის დღე, ეს არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. დღეს თქვენ, ყველანი, ხარობთ და მეც მთელი გულით ვხარობ თქვენთან ერთად, ვუერთდები თქვენს ზეიმს“ , - ნათქვამის ივანიშვილის მილოცვაში. „ რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სახელმწიფოს სიმდიდრეა. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელშიც თანაბრად არის დაცული ყველა რელიგიის წარმომადგენლის უფლება და აღმსარებლობის თავისუფლება. გისურვებთ ეს დღე იყოს თითოეული თქვენგანისა და მთელი საქართველოსთვის კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი", - ამ სიტყვებით კი ყურბან ბაირამი საქართველოს მუსლიმებს პაატა ზაქარეიშვილმა მიულოცა.

არის თუ არა ნამდვილად თანაბრად დაცული ყველა რელიგიის წარმომადგენლისა და, კონკრეტულად კი, მუსლიმთა უფლებები საქართველოში? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს მიმართა. მისი თქმით, თუ ბოლო დროს საქართველოს რამდენიმე რეგიონში რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე განვითარებულ მოვლენებს გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმების პრობლემები მკაფიოა. ეს შეეხება სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის გახმაურებულ ამბავს, ასევე სამთაწყაროში, ნიგზვიანსა და წინწყაროში მუსლიმთა უფლებების დარღვევის ფაქტებს:

„არც ერთ შემთხვევაში არც ერთი კონკრეტული პირი, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე დანაშაულს სჩადიოდა, არ დასჯილა და სწორედ ეს არის უმთავრესი მიზეზი, რატომაც გადაედო ეს ტენდენცია ერთი სოფლიდან მეორეს. დადებითი ფაქტია, რომ პრემიერი ივანიშვილი რამდენიმე დღის წინ შეხვდა მუსლიმ მოსახლეობას, მათ შორის, ჭელელ მუსლიმებს, დაჰპირდა, რომ ბევრი საკითხი გამოსწორდება, მაგრამ ჩვენ ასეთი ბევრი დაპირება მოგვისმენია, თუმცა ამ მხრივ წინ ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა“.

იმავე კითხვით რადიო თავისუფლებამ ვაგიფ აკბეროვსაც მიმართა. ის ფიქრობს, რომ მრავალკონფესიურ ქვეყანაში, დიდ ოჯახში რელიგიურ ნიადაგზე პრობლემები ყოველთვის ჩნდება, მთავარია, ეს არ იყოს გადაუჭრელი პრობლემები.

ბექა მინდიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე პოზიცია გადამწყვეტი ფაქტორია, რათა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს აღუდგეთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და ისინი ხელისუფლებას მხოლოდ ყურბან ბაირამის ან მათი სხვა დღესასწაულის დროს არ ახსენდებოდეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG