Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსეფ ლატიფი


იუსეფ ლატიფი
იუსეფ ლატიფი
ერთი კვირის წინ ამერიკელ ჯაზმენ აჰმედ აბდულ-მალიკსა და დასავლურ და აღმოსავლურ მუსიკალურ კულტურათა დიალოგზე მოგახსენეთ. მათი გასაუბრება იმდენად ჰარმონიული, ტკბილხმოვანი და სასმენად საამო გამოდგა, რომ ორიენტალურ გზას არც დღეს გადავუხვევ და კიდევ ერთ არტისტს – იუსეფ ლატიფს - გავიხსენებ, რომლის ნამოქმედარი ჯაზისა და აღმოსავლური სასულე მუსიკალური ტრადიციების ჯადოსნურ ნაზავს წარმოადგენს.



ამერიკელი კომპოზიტორი, ტენორსაქსოფონისტი და ფლეიტისტი იუსეფ ლატიფი - იგივე უილიამ ემანუელ ჰადლსტონი - 1920 წლის 9 ოქტომბერს ტენესის შტატის ქალაქ ჩატანუგაში დაიბადა. 5 წლის გახლდათ, როცა ოჯახი საცხოვრებლად დეტროიტში გადავიდა, სადაც მალე ისეთ მუსიკოსებს დაუმეგობრდა, როგორებიც იყვნენ: ვიბრაფონისტი მილტ ჯექსონი, კონტრაბასისტი პოლ ჩემბერსი, დრამერი ელვინ ჯოუნსი და გიტარისტი კენი ბარელი. მათთან ერთად გატარებულმა დეტროიტულმა ჯემსეიშენებმა უდიდესი გამოცდილება შესძინა და 18 წლის ასაკში იმდენად დახვეწილი ხელწერით გამოირჩეოდა, რომ თავად დიზი გილესპიმ საკუთარ ბენდში ტენორსაქსოფონისტად აიყვანა. თუმცა მესაყვირესთან დიდხანს არ გაჩერებულა, კვლავ დეტროიტში დაბრუნდა, რათა ადგილობრივ მუსიკალურ კოლეჯში ფლეიტაზე დაკვრის ხელოვნებას დაუფლებოდა.



სწავლის პარალელურად, უილიამს ისლამისადმი რელიგიური მგრძნობელობა გაუმძაფრდა - რამდენიმე კოლეგის მსგავსად, რჯული შეიცვალა და სადებიუტო სოლოალბომებზე იუსეფ ლატიფის გვარ-სახელით მოევლინა მსმენელს. კრიტიკოსები ერთხმად ალაპარაკდნენ ახალგაზრდა მუსიკოსის ყველასგან გამორჩეული ჟღერადობისა თუ საშემსრულებლო ვირტუოზობის შესახებ, თუმცა პირველი ჩანაწერების მთავარი ღირსება ჯაზურ სტრუქტურაზე მორგებული ფლეიტის აღმოსავლური აქცენტი გახლდათ. ამ მხრივ კი, 1957 წლის ორ დიდებულ ალბომს გამოვყოფდი: „Prayer To the East“ და „The Sounds of Yusef“, რომლებიც ამერიკული ჯაზის ისტორიაში სვინგისა და არაბული მუსიკალური ტრადიციების ერთ-ერთ პირველ სინთეზადაა აღიარებული. მეტიც, მათ მაილს დევისის “Kind of Blues” ადარებენ, როგორც ყველაზე გავლენიან ნამუშევარს, რომელმაც ჯაზის მომავალ განვითარებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.



იუსეფ ლატიფს მაინცდამაინც გულზე არ ეხატება, როცა ჯაზმენად მოიხსენიებენ. ფიქრობს, რომ მის მუსიკაში ყველაფერია: ბლუზი, გოსპელი, სვინგი, ბებოპი, ფრი-ჯაზი, კლასიკური ევროპული ტრადიციები და მსოფლიოს ხალხთა ფოლკი. რომელიმე მათგანის ჩარჩოში მოქცევას ვერ ეგუება, ხოლო თავის დაკრულს „ავტოფსიქოდელიურს“ უწოდებს, რაც, მისივე განმარტებით, არტისტის შთაგონების, თეორიული ცოდნისა და შინაგანი სულიერი სამყაროს ერთობის შედეგად ქმნილ მუსიკას გულისხმობს. ჰოდა, მისი ბგერაც ასევე მდიდარი და მრავამხრივია, ხოლო სასცენო არსენალი ისეთი მრავალფეროვანი საკრავებისგან შედგება, როგორებიცაა: ტენორსაქსოფონი, ფლეიტა, ავღანური სიმებიანი „რებაბი“, ინდური სასულე „შაჰნაი“, ეგვიპტური კლარნეტი „არღული“ და ათასგვარი ჩინური ფლეიტა. იუსეფ ლატიფის წყალობით, ჯაზისთვის სრულიად არატრადიციული კლასიკური ჰობოიც კი აღმოსავლური სტვირისმაგვარი გამყინავი ფრაზებით მეტყველებს ხოლმე. ზემოთქმულის საილუსტრაციოდ, გარდა კლასიკური, 50-60-იანი წლების დროინდელი პროექტებისა, 2005 წლის ერთ დისკსაც გირჩევდით, რომელიც ჯაზური იმპროვიზაციულობისა და ნატიფი ორიენტალური ლირიზმის შერწყმის დიდებულ მაგალითს წარმოადგენს. მას „Influence“ ჰქვია და 85 წლის მუსიკოსის ახალგაზრდა ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის ნაყოფია. ძმებს – ფლუგელჰორნისტ სტეფან და კლარნეტისტ ლაიონელ ბელმონდოს ვგულისხმობ, რომლებიც მშვენივრად გაუმკლავდნენ ლატიფის რიტმულ თუ ჰარმონიულ ხრიკებს და მისი ლაკონიური, ძუნწი, მაგრამ, ამავე დროს, ულამაზესი აღმოსავლური პასაჟების დიდებული დეკორირება მოახდინეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG