Accessibility links

logo-print
საქართველოში არსებობს აზრი, რომ საზოგადოება ორადაა გაყოფილი: ტრადიციის დამცველებად და მოდერნიზაციის მომხრეებად. პირველები (რომლებსაც ჰგონიათ, რომ ერის უმეტეს და უკეთეს ნაწილს შეადგენენ) თავს ქართველობის და მართლმადიდებლობის მესვეურებად თვლიან და მოდერნიზაციის მომხრეებს ეკლესიის მტრობას და ქართველობის გადაგვარებას აბრალებენ. მეორენი კი პირველებს რეტროგრადობაში, ობსკურანტიზმში, ეთნონაციონალიზმში, ქსენოფობიაში და რასიზმში სდებენ ბრალს. ვფიქრობ, რომ სურათი ასეთი მარტივი არ არის: კავშირი ამ ორ "ბანაკს" შორის უფრო დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, საქართველოს მთავრობა, რომელსაც ეკლესიის მტრობას აბრალებენ ხოლმე, სინამდვილეში ეკლესიას ყოველწლიურად საბიუჯეტო და სპეციალური ფონდებიდან აფინანსებს. პირადად მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც მის მასწავლებელსა და წინამორბედს, ედუარდ შევარდნაძეს, თავისი, საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეკლესიის გამდიდრებასა და პოლიტიკური გავლენის მოპოვებაში.

თავის მხრივ, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ხშირად აბრალებენ ხოლმე ზოგადად სეკულარული, განსაკუთრებით კი დასავლური კულტურის სრულ უარყოფას, სინამდვილეში ამ კულტურის არა მარტო მატერიალური პროდუქტებით სარგებლობს, არამედ ინტელექტუალურითაც. ორ მგალითს მოვიყვან, ერთს საქართველოდან და ერთსაც რუსეთიდან (რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად ინტელექტუალურ წყაროა).

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ერთ-ერთ ქადაგებაში საუბრობს იმაზე, რომ ანტიქრისტე დაიბადება მოსკოვს და პეტერბურგს შუა და მერე თორმეტი წლის ასაკში გადავა ამერიკაში. დეკანოზს საერთოდ მდიდარი ფანტაზია აქვს და სამეცნიერო (რბილად რომ ვთქვათ, სამეცნიერო-პოპულარულ და, სიმართლე რომ არ დავმალოთ, ფსევდოსამეცნიერო) და რელიგიურ დისკურსებს იოლად აერთებს ხოლმე. ამ ქადაგებაში მოყოლილი ისტორია სხვაგვარადაა აწყობილი და რელიგიურ დისკურსს პოპ-კულტურის დისკურსთან აჯვარებს: ის სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველების და ამერიკული მხატვრული ფილმი "ომენის" ნაზავს წარმოადგენს. რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსი მეუფე იობი (აქიაშვილი) კი გვიქადაგებს, რომ "2013 წელს მზეზე მოხდება აფეთქება. მაგნიტური ველი მოიცავს მთელ კაცობრიობას", შემდეგ კი გამოიწვევს საკომუნიკაციო საშუალებების გამორთვას და ადამიანების გაგიჟებას. ეს, მეუფე იობის სიტყვით, "მეცნიერული ახსნაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ემთხვევა მამათა წინასწარმეტყველებებს". დეკანოზი არჩილისა და მეუფე იობის მცდელობა, სამეცნიერო და რელიგიური დისკურსები დააკავშირონ, უფრო სწორად კი რელიგიურ დისკურსს მეცნიერების ავტორიტეტი შესძინონ, იმის მანიშნებელია, რომ მხოლოდ ეკლესიის ტრადიციაზე დაყრდნობა ამ სასულიერო პირებს რატომღაც არასაკმარისად მიაჩნიათ და საჭიროდ თვლიან საკუთარი პოზიციების მეცნიერულ გამყარებას.

შემდეგი მაგალითისათვის რუსეთს მივაკითხოთ. ცოტა ხნის წინ გახმაურდა რუსეთის პატრიარქის, კირილეს საათის ამბავი. მისი უწმინდესობის მაჯაზე ცნობილი ფრანგული (ამჟამად შვეიცარული) ფირმა "ბრეგეტის" საათი შეუნიშნავთ. "ბრეგეტის" ტარება ჯერ კიდევ რევოლუციამდელ რუსეთში ითვლებოდა სოციალური პრესტიჟის ნიშნად. როდესაც ქრონომეტრის ფასი (დაახლოებით 30 000 $) ცნობილი გახდა და ხალხის გაკვირვება გამოიწვია, რად უნდა ნეტავი პატრიარქს ასეთი ძვირი საათიო, სურათებიდან, სადაც პატრიარქ კირილეს ეს საათი ეკეთა, "ბრეგეტის" რეტუშირება სცადეს. მაგრამ პრიალა მაგიდაზე საათის ანარეკლის წაშლა დაავიწყდათ. ესეც რომ გახმაურდა, ძველი სურათები ისევ დააბრუნეს, საპატრიარქოს პრესცენტრს კი მოუწია სპეციალური განცხადების გაკეთება. ამ განცხადებით, პატრიარქს ასეთი ძვირადღირებული საათი იმისათვის სჭირდება, რომ "ეკლესიის საზოგადოებრივი პრესტიჟი გამოხატოს". უცნაური ის არის, რომ ეკლესია პრესტიჟს და ავტორიტეტს არა საკუთარი ტრადიციის, არამედ შვეიცარიელი მესაათეების მეშვეობით იმკვიდრებს.

ეს შემთხვევები სიმპტომატურია. ეკლესიის ავტორიტეტი, რომელიც ზედაპირზე ძლიერად და შეურყევლად გვეჩვენება, შიგნიდან ასეთი მყარი აღარ ჩანს და თავის მხრივ სეკულარულ კულტურას და მის ნიშნებს ეყრდნობა. საკრალური და სეკულარული კულტურები ერთმანეთს ერწყმის და ერთგვარ დიფუზიას განიცდის. საკრალური კულტურის ნიშნებს სეკულარული კულტურა ითავსებს: აქედან მოდის ყოველი ეკლესიის წინ პირჯვრის გადაწერა, პატრიარქის სადღეგრძელო სუფრაზე, მაღაზიათა ქსელი "სამოსელი პირველი", ფსევდორელიგიური ლირიკა და მუსიკა, ზედაპირული რელიგიური სოციალიზაცია ("მამაოსაგან" შვებულებაში წასვლაზე კურთხევის აღება, სარეცხი მანქანების და ტელევიზორების კურთხევა და ა.შ). საკრალური კულტურა კი სეკულარული კულტურის ნიშნებს ითავისებს (აქედან მოდის სასულიერო პირებისათვის ბოლო მოდელის ჯიპების და მობილურების აუცილებლობა). შედეგად ვიღებთ "პოპ-მართლმადიდებლობას", მართლმადიდებლობის ხალხურ ვერსიას, რომლის მატარებლები როგორც სასულიერო, ისე საერო პირები არიან. სწორედ ეს არის დღევანდელი ქართული პოპ-კულტურა (ან ყოველ შემთხვევაში მისი ერთ-ერთი ვერსია).

არ გამიკვირდება, თუკი ეს შეხედულება ბევრს დაუსაბუთებლად და გამაღიზიანებლადაც მოეჩვენება. დასტურად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. "ნეტგაზეთში" ასეთ ახალ ამბავს გადავაწყდი: "პატრიარქის საიუბილეო კონცერტს პარიზში ივანიშვილი და ხელისუფლება აფინანსებენ". პრინციპში, არ არის გასაკვირი, რომ სახელმწიფო პატრიარქის 80 წლის იუბილეს და აღსაყდრების 35 წლისთავს აღნიშნავს. ბოლო-ბოლო საზოგადო პირებს იუბილეებს სახელმწიფო საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული უხდის. პრინციპში, არც ის იქნებოდა გასაკვირი, რომ საიუბილეო კნოცერტზე პატრიარქის მუსიკალური კომპოზიციები შესრულებულიყო (მისი უწმინდესობა მოყვარული კომპოზიტორია). მაგრამ სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ჩატარდეს პატრიარქის საიუბილეო კონცერტი პარიზში (სადაც 200-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება), რომელიც ზოგადად რელიგიურობის და კერძოდ მართლმადიდებლობის ცენტრად ძნელად თუ ჩაითვლება. უფრო სწორად, გაუგებარი იქნებოდა, თუკი რელიგიური და სეკულარული ფასეულობების დიფუზიას (იუბილე, როგორც პატივის მიგების არსებითად სეკულარული ფორმა, პარიზი, როგორც "მოდერნის დედაქალაქი", ბომონდის დაბადების ადგილი და პარალელურად ერთ-ერთი ცენტრი იმისა, რასაც ეკლესია ვითომ ასე ძალიან ებრძვის) ვერ დავინახავდით. ამ შემთხვევაში პატრიარქი არა მარტო და არა იმდენად ქართველი მართლმადიდებლების წინამძღვარია, არამედ ქართველების პოპ-ხატი (pop-icon), რომლის თაყვანისცემა სხვამხრივ შეურიგებელ ადამიანებს აერთიანებს. უფრო პოპულარული პოპ-ხატი საქართველოს დიდი ხანია არ ჰყოლია და, ამდენად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი ეპოქის ტრენდს, ან თუ გნებავთ სულისკვეთებას, ზედმიწევნით გამოხატავს.

რაში მდგომარეობს ეს ტრენდი და რატომ არის საქართველოში პოპულარული კულტურა (ან მისი ერთ-ერთი ფორმა) რელიგიურად შეფერილი? ყოველი საზოგადოება აყალიბებს შეკითხვებს, რომლებსაც ადრე საჭირბოროტოს დაარქმევდნენ. ამ შეკითხვებზე შეიძლება სხვადასხვანაირი პასუხები არსებობდეს (პრინციპში, ნებისმიერი კულტურა შეგვიძლია აღვწეროთ როგორც ასეთი შეკითხვებისა და მათზე გაცემული სხვადასხვა პასუხების ერთობლიობა). სხვადასხვა "ბედნიერების ინდექსები" გვიჩვენებენ, რომ "საშუალო ქართველი" თავისი ყოფით კმაყოფილი არ არის. აქედან რომ გამოვიყვანოთ შეკითხვა, რატომ არ არის "საშუალო ქართველი" ბედნიერი, შეიძლება ბევრი პასუხი მივიღოთ: ა) იმიტომ რომ ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს ბ) მთავრობის ბრალია, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს გ) ოპოზიციის ბრალია, რომელიც მთავრობას არ აცდის საქმის კეთებას დ) ღმერთი გვსჯის გ) ჩინელების (სომხების, იეღოველების, თათრების, რუსების) ბრალია და ა.შ. ყოველი პასუხი ამგვარ შეკითხვაზე კულტურულ (ხანდახან კი ანტიკულტურულ) სივრცეებს ქმნის (მაგ. ბოლო პასუხმა ასეთი ტიპის შეკითხვაზე 30-იან წლებში გერმანია ანტიკულტურულ სივრცედ გადააქცია).

ახლა კი მთლიანად უნდა გადავიდე ვარაუდის სფეროში. ჩემი აზრით, მართლმადიდებლობის პოპ-კულტურული ფორმა, სხვათა შორის, ამ შეკითხვაზე თავისებური პასუხი და რამდენიმე ემოციის პროექციაა: მომავლის შიშისა და კარგი ცხოვრების სურვილის ერთდროულად (ჰიპოტეტურ შეკითხვაზე: "რატომ არ არის "საშუალო ქართველი" ბედნიერი", პასუხის ჩემი ვერსია იქნებოდა: იმიტომ, რომ ცუდად ცხოვრობს და მომავლის ეშინია ანუ ეშინია რამის გაკეთებისა საკუთარი მდგომარეობის გამოსასწორებლად). ამ შიშისაგან თავშესაფრის შემოთავაზება ვერცერთმა სეკულარულმა ინსტანციამ ვერ შეძლო. მარლთმადიდებელი ეკლესია, უფრო სწორად კი მართლმადიდებლობის პოპულარული ფორმა (რომელიც ჩნდება "მიწოდებისა" და მოთხოვნის" გადაკვეთის წერტილში), საკრალიზებული გლამური, ან, თუ გნებავთ, გლამურული საკრალურია. ის არის ხატი, ან თუ გნებავთ სარკე, რომელიც გვიჩვენებს, რა აკლია და რა უნდა რომ ჰქონდეს "საშუალო ქართველს" (ან, ყოველ შემთხვევაში, ქართველების ერთ, არც თუ ისე პარატა ნაწილს): ავტორიტეტი, რომელიც, ერთი მხრივ, ურყევ მეტაფიზიკურ გარანტიებს, მეორე მხრივ კი შემოწირულ, ან, თუ გნებავთ, ნაჩუქარ, არა საკუთარი შრომით მოპოვებულ კეთილდღეობას (სხვანაირად რომ ვთქვათ, დაუმსახურებელი კეთილდღეობის მეტაფიზიკურ ლეგიტიმაციას) ემყარება: კეისრისა და ღვთისა ერთ ჭურჭელში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG