Accessibility links

logo-print
და რახან საქართველო ბესიკის ბაღში დარგული ბოდლერის ბოროტების ყვავილია, დავიწყებ XII საუკუნის სპარსი სუფი პოეტის, ფარიდ-უდ დინ ათარის პოემით „ფრინველთა გაბაასება“. ერთხელ ფრინველებმა გადაწყვიტეს, მეფე აერჩიათ და, რადგან ვერავიზე შეთანხმდნენ, ფრინველთა ზღაპრული მეფის, სიმორღის საძებნელად წავიდნენ. რადგანაც გზა ძნელი და გრძელი იყო, ათასფრინველიან გუნდს გზაში უმეტესობა ჩამოეცალა (მაგალითად, თუთიყუში და ფარშევანგი). დიდი ძებნის მერე კი დარჩენილი 30 მიადგა სიმორღის საბრძანებელს. ხოდა, ტბას რომ მიუახლოვდნენ ამ სიმორღის სანახავად, საკუთარი ანარეკლი დაინახეს. სიმორღი სი-მორღი (ოცდაათი ფრინველი) გამოდგა. მრავალი, მიუხედავად სიმრავლისა, ერთად, (ამ შემთხვევაში მისტიკურ) სხეულად გადაიქცა. ეს ამბავი რატომ გამახსენდა, იმედია, გზადაგზა მიხვდებით.

საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვების ციებ-ცხელებაა. რომელ გამოკითხვას ვენდოთ? ვისი ფულით ფინანსდება გამოკითხვები? გამოკითხვები საქართველოში აქამდეც ტარდებოდა და დიდი აურზაური მათ ჯერ არ გამოუწვევია. ჩემი აზრით, საკითხავი არა ის არის, რამდენად სანდოა ესა თუ ის გამოკითხვა, არამედ ის, თუ როგორ მოხდა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვა ეროვნულ საკითხად იქცა. რატომ მიენიჭა ერთ ჩვეულებრივ კვლევით ინსტრუმენტს ასეთი გადაჭარბებული მნიშვნელობა?

გარდა შედარებით მარტივი მოსაზრებისა, რომ გამოკითხვების შედეგებმა შეიძლება საზოგადოებრივი აზრი მოამზადოს არჩევნების შედეგების მისაღებად ან არმისაღებად, მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამოკითხვა ერთადერთი ინსტრუმენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, თუ „რა უნდა ხალხს“. რატომ დაინტერესდნენ პოლიტიკოსები მაინცდამაინც ახლა მოსახლეობის აზრით, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდად არ ანაღვლებდათ?

ისე მოხდა, რომ საქართველოში პირველად ტარდება კონკურენტული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკის დონეზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ „ტალახის ომი“ აქვთ გაჩაღებული ქართველობის გამყიდველებსა და რუსეთზე გაყიდულებს შორის, მათი საარჩევნო დაპირებები (რომლებსაც რთულია, პროგრამა დაარქვა) გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და, ერთი შეხედვით, მოსახლეობაზეა ორიენტირებული. პოლიტიკური პარტიები ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობის გულის მოგებას. საკითხავი ის არის, როგორ წარმოუდგენიათ მათ ის გული, რომლის მონადირებაც მოუწადინებიათ. საიდან იციან მოსახლეობის სურვილები და მოთხოვნები? როგორია საქართველოს მოსახლეობის „ანთროპოლოგია“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თვალსაზრისით?

სწორედ აქ შემოდის გამოკითხვა, როგორც მოსახლეობის სურვილების შესახებ ცოდნის ერთადერთი (გავიმეორებ: ერთადერთი) ინსტრუმენტი. რატომ ერთადერთი?

საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნად რჩება იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს მმართველთა გუნდი და მოსახლეობა, რომლის წინაშეც მმართველთა გუნდი არც პასუხისმგებელია და არც ანგარიშვალდებული (მმართველი გუნდისათვის ერთადერთი შემაკავებელი ძალა აქამდე ქვეყნის გარეთ, „დასავლეთში“ იყო). მაგალითებისათვის შორს რომ არ წავიდე, გავიხსენებ ბაგრატის ტაძრის ამბავს, ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლისა, რომელიც საპატრიარქოსა და მთავრობის მეგალომანიას ეწირება. საკუთარი მოქალაქეების პროტესტს არც მთავრობამ ათხოვა ყური და არც ეკლესიამ. სამაგიეროდ, ორივე ოპერატიულად გამოეხმაურა იუნესკოს მუქარას, ბაგრატის ტაძრისათვის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნის შესახებ.

რატომ არ უწევს ანგარიშს მოსახლეობას მმართველი გუნდი? არა იმიტომ, რომ, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია, ის განსაკუთრებით ბოროტი ან ცინიკურია. მიზეზი სტრუქტურულია: ქართველი ხალხი, როგორც პოლიტიკური სხეული, მუდმივად არ არსებობს. ის ჩნდება მხოლოდ არჩევნების დროს ან რეფერენდუმებისას, თუ არ ჩავთვლით კიდევ ერთ (ჩვევაში გადასულ) საგანგებო საშუალებას: ქუჩის გამოსვლებს, მიტინგებს, „რევოლუციას“. სხვა დროს მოსახლეობას მისი სახელით მოლაპარაკე პოლიტიკა აღიქვამს უბრალო ბიომასად, რომელიც უნდა დააპურო და ტელევიზორის წინ ცოტა გაართო კიდევაც (ბიოძალაუფლება და ბიოპოლიტიკა ფრანგი ფილოსოფოსის, მიშელ ფუკოს დამკვიდრებული ცნებებია და გულისხმობს ხელისუფლების მიერ მოსახლეობის, როგორც ბიოლოგიური ერთეულის - მაგ. მისი კვებისა და ჯანმრთელობის - კონტროლის საშუალებას). მოსახლეობას და მის „წარმომადგენლებს“ შორის კომუნიკაცია არ არსებობს. უფრო სწორად, კომუნიკაცია ცალმხრივია: პოლიტიკა (უკეთეს შემთხვევაში) ატყობინებს მოსახლეობას საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ (ამის საილუსტრაციოდ გამოგვადგება თუნდაც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოსთან გაფორმებული ცალმხრივი „ხელშეკრულება“. ბევრი ლაპარაკი არ უნდა იმას, რომ პოლიტიკასა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის ეს მოდელი ტოტალიტარული გადმონაშთია. დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში ხალხი, როგორც პოლიტიკური სხეული (ადგილობრივი თვითმმართველობების, სხვადასხვა ასოციაციის, ინტერესთა და ლობისტთა ჯგუფების, პროფესიული კავშირების, მომხმარებელთა და ა.შ. კავშირების ფორმით) ვერ ჩამოყალიბდა (თუ არ ჩავთვლით ეკლესიას,როგორც ერთადერთ წარმატებულ არასამთავრობო კორპორაციას, რომელსაც მთავრობაც და ოპოზიციაც ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევს და მსუყედაც აფინანსებს).

რადგან ხალხი, როგორც პოლიტიკური სხეული, არ არსებობს და მოსახლეობასა და პოლიტიკას შორის შუამავლის ფუნქციას არაფერი ასრულებს, გამოკითხვებით პოლიტიკა ხალხის სურვილის გაგებას კი ვერ ახერხებს, არამედ გამოკითხვების საკუთარი ინტერპრეტაციის მეშვეობით ხალხს თავისთვისვე სასურველ სახეს ანიჭებს: ნაციონალური მოძრაობისათვის ეს არის საბჭოთა კავშირს მონატრებული, მშიერი, იოლად კორუმპირებადი მასა, რომელიც შეიძლება კაცზე თვეში ხუთლარიანი აბონემენტით ოთხი წლის ვადით „დაიქირავო“ (ოჯახის კუთვნილი ათასლარიანი ვაუჩერი ოთხ წელიწადზე დაახლოებით ასე ნაწილდება). რაზეც „ხალხი“ ოცნებობს, 37-მანეთიანი ბილეთებია „კარგსანაშეთში“ და ამ სურვილს თუ აუსრულებ, ის არათუ აგირჩევს, მადლობელიც დაგრჩება.

„ქართული ოცნებაც“ საბჭოთა ნოსტალგიაზე მიგვითითებს (ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ცხოვრება ისეთივე საინტერესო გახადოს, როგორიც საბჭოთა კავშირში იყო). მას ქართველი ხალხი ფაშისტოიდ და ქსენოფობ „ასავალ-დასავლის“ მკითხველად წარმოუდგენია (რაც, ზედაპირულ მართლმადიდებლობასთან შერწყმული, რატომღაც, ქართველობასთან არის გაიგივებული), რომლის გულიც წარსულის ლანდების გაცოცხლებით და მომავალში პროეცირებით უნდა მოიგო.

რაც ორივეს აერთიანებს, ეს არის ხალხისადმი დამოკიდებულება: ერთისთვისაც და მეორისთვისაც ხალხი „ზრუნვის“ საგანია, და არა პოლიტიკური სხეული. ორივესათვის პოლიტიკოსი არის არა ხალხის წარმომადგენელი, არამედ ხალხზე მზრუნველი (კეთილი) ხელისუფალი.

ვერ ვიტყვი, რომ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ზუსტად ვიცი, როგორია ქართველი ხალხი, რომლის სახელითაც დღეს ძაღლი და მამაძაღლი ლაპარაკობს. რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ „ქართველი ხალხი“, როგორც ის წარმოუდგენია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ (და პოლიტიკას ზოგადად) არ არსებობს. ის კონსტრუქტია - მათი წარმოდგენების, უმსჯელობების, ფანტაზიების, პროექციების, ცრურწმენებისა და ინტერპრეტაციებისგან გამოძერწილი გოლემი. ასეთი გოლემი (პოლიტიკურ სხეულად ვერქცეული მოსახლეობა), რომელშიც პარაზიტიზმის და ქსენოფობიის სულის ჩაბერვას ცდილობენ, ძალიან იოლად გადაიქცევა უმართავ მასად, ბრბოდ, დესტრუქციულ ძალად.

ასევე მგონია, რომ ქართველი ხალხი (როგორც პოლიტიკური სხეული და არა როგორც ბიოპოლიტიკის საგანი) „დაიბადება“ არა მორიგი მიტინგის დარბევის ან წარმატებული პუტჩი-გადატრიალება-რევოლუციის შემდეგ, და ქართული სახელმწიფო აშენებულად (ან, გნებავთ, შემდგრად) ჩაითვლება არა რომელიმე აუზის მეხუთედ გახსნის ან მორიგი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პრეზენტაციის დროს, არამედ მაშინ, როდესაც მოსახლეობა პოლიტიკურ სხეულად ჩამოყალიბდება.

როგორ?

თუკი პირველმა კონკურენტულმა არჩევნებმა მოსახლეობის აზრისადმი რაღაც ინტერესი მაინც გამოიწვია, კონკურენტული პოლიტიკური გარემო, ერთპარტიული მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ბუნებრივი მტრის, დასასრული, მოსახლეობის გააქტიურების კატალიზატორი გახდება. შემდეგი ნაბიჯი რაიკომის მდივნების ინსტიტუტზე უარის თქმა და თვითმმართველობის რეფორმაა. დანარჩენს კი პოლიტიკოსებს ვერ მოვთხოვთ. ვერც აბსტრაქტულ ხალხს, „წარმოსახვით ერთობას“. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ყოველი ცალკეული მოქალაქის სურვილსა და უნარზე თავისი წვლილი შეიტანოს „რეს პუბლიკაში“, საერთო საქმეში. სამოქალაქო საზოგადოება (და არა პოლიცია), არა როგორც საბჭოთა ინტელიგენციის მემკვიდრე ენჯეო-ების კონგლომერატი, არამედ როგორც ადგილობრივი თითმმართველობებისა და მოქალაქეების სხვადასხვა სახის გაერთიანებათა ქსლისაგან შემდგარი პოლიტიკური ფორმა, არის ის ერთადერთი ხერხემალი, ან, გნებავთ, საფუძველი, რომელიც შეძლებს სახელმწიფოს ზიდვას. მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაიქცევა „ხალხის ნება“, პოლიტიკური თეორიის ფიქცია, მუდმივმოქმედ ინსტიტუტად, რომელსაც პოლიტიკაზე უშუალო და ყოველდღიური გავლენა ექნება.
შევაჯამებ: მოსახლეობა, რომელიც ვერ ჩამოყალიბდება პოლიტიკურ სხეულად, იოლად გადაიქცევა ბრბოდ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG