Accessibility links

logo-print
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, გურიაში გახლდათ. (რჩეულ) ჩოხატაურელებთან შეხვედრისას ის, როგორც ჩანს, ადგილის დედამ არ მოასვენა და მსოფლიო პოლიტიკაზე აალაპარაკა. პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური რეზონიორობის დიდოსტატსაც გააკვირვებდა: „ხედავთ, აგერ საბერძნეთში რა ხდება და ხალხი ქუჩებშია გამოსული და ამტვრევს და ლეწავს ყველაფერს. ელემენტარული რაღაცის მოთმენა არ უნდათ... აძლევენ და აძლევენ მილიარდებს და მაგათი საშველი მაინც არ არის... არ ეშველებათ მაინც, იმიტომ, რომ ხალხი არის აგრესიული. გამოდის, ყველაფერს ამტვრევს და არაფრის მოთმენა არ უნდა... თქვენ რომ ესეთი მომთმენები და გვერდში დამდგომები არ იყოთ, აქამდე საბერძნეთი კი არა, სომალივით ვიქნებოდით, მთლად დაქცეული და გაუბედურებული“, - შეაქო ჩოხატაურელები პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორ წარმოუდგენია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იდეალური მოქალაქე? ეს არის ადამიანი, რომელიც ითმენს

გაგეცინათ? კარგი, მოდით ახლა ცოტა ხნით ბაქრაძის პოლიტიკურ ანთროპოლოგიაზე შევჩერდეთ. როგორ წარმოუდგენია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იდეალური მოქალაქე? ეს არის ადამიანი, რომელიც ითმენს: "თქვენ რომ ესე მოთმინებით არ იყოთ, თქვენ რომ ესე გამძლეობით არ იყოთ, თქვენ რომ ჩვენთან ერთად არ იდგეთ და არ გვაცლიდეთ, რომ ვიმუშაოთ და საქმე გავაკეთოთ, არაფერი არ გაკეთდებოდა." იდეალური მოქალაქე პასიურია, საქმის კეთება კი მთავრობის საქმეა. ბერძნებს არაფერი ეშველებათ, იმიტომ რომ "ხალხია აგრესიული" - მოთმენა არ უნდათ და არ აცლიან მთავრობას საქმის კეთებას, მიუხედავად იმისა, რომ "ფულს აძლევენ". ბაქრაძის იდეალი მოქალაქე არ არის, ქვეშევრდომია.

დავით ბაქრაძე არ არის ისეთი საინტერესო პერსონაჟი, რომ მის პოლიტიკურ ანთროპოლოგიაზე ცალკე ღირდეს საუბარი. დასანანია, რომ გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ასე აზროვნებს და საუბრობს. მაგრამ დავით ბაქრაძე საბჭოთა ეპოქის პროდუქტია და ეჭვი მაქვს, ამ მდგომარეობიდან გულზე მიბნეული წითელი ყაყაჩო ვერ გამოიყვანს. პრობლემა (მარტო) დავით ბაქრაძეში არაა.

ბაქრაძის წარმოდგენა მოქალაქეზე - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნორმაა და არა კურიოზი. პოლიტიკური სივრცე დახურულია არა მარტო მთავრობის პოლიტიკური ოპონენტებისათვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც. პოლიტიკურ სივრცეში შემოჭრილი მოქალაქე კურიოზულია, უადგილოა, ხელის შემშლელია. ამიტომაც აქტიურ მოქალაქეს საქართველოში ეჭვის თვალით, ხანდახან კი მტრულადაც უყურებენ.

სამოქალაქო აქტივიზმს მმართველი პარტიის წარმომადგენლები, უფრო კი მათი ჩირლიდერები, "ისტერიკად", "ფარისევლობად", "სიცრუედ" აფასებენ. რატომ აპროტესტებთ ამას და არა იმას? კითხულობენ ისინი და სამოქალაქო აქტივიზმის მიღმა რაღაც სხვა, იდუმალი ინტერესის ამოკითხვას ცდილობენ. სამოქალაქო აქტივიზმი უცნაურად, უადგილოდ, სასაცილოდ, არანორმალურად, სუბვერსიულად, ძირგამომთხრელად აღიქმება: "არ გვინდა პოლიტიზება", "ამას (ცუდი) პოლიტიკური პარტიები გამოიყენებენ", ეს "მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს", "კარგით რა, მეტი საქმე არა გაქვთ"…

აბსურდულია, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფს უსაყვედურო, ამას რატომ აკეთებ და იმას არაო. ჩვეულებრივია, როდესაც ერთ ჯგუფს ძველი არქიტექტურა აინტერესებს, მეორეს უმცირესობები, მესამეს ბუნება, მეოთხეს სოციალურად დაუცველი ადამიანები, მეხუთეს ინკლუზიური განათლება და ა.შ. სწორედ ეს ჯგუფები ახერხებენ მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტების გასაჭირის, სათქმელის, სურვილების არტიკულირებას, გატანას, განხორციელებას.

აზროვნებას, რომელიც მიზანშეწონილად, მისასალმებლად, ნორმალურად მხოლოდ მთავრობის აქტივობას მიიჩნევს, ხოლო არასანქცირებულ აქტივობას სუბვერსიად, - "დასავლეთთან" არაფერი აქვს საერთო (მიუხედავად იმისა, რომ ან პარლამენტის თავმჯდომარეს, ან სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკოსებს რომ ჰკითხო, ყველა ღრმად იქნება დარწმუნებული, რომ "დასავლური" ფასეულობების მატარებელია). დასავლური ყაიდის დემოკრატიების მოქალაქე სწორედაც რომ აქტიური მოქალაქეა. მას შეგნებული აქვს, რომ ქვეყანა დროებით არჩეულ პოლიტიკოსს ან ჩინოვნიკს კი არ ეკუთვნის, რომელიც მისი ჯიბიდან იღებს ხელფასს, არამედ სწორედ მას და მისნაირ მოქალაქეებს.

აქტიური მოქალაქე, უპირველეს ყოვლისა, იმის გარანტია, რომ პოლიტიკური სივრცე ვერასოდეს დაიხურება და ვერავინ შეძლებს მის ოკუპირებას ან მონოპოლიზებას

ასე მოხდა, მაგალითად, გერმანიაში. ოცდაათიოდე წლის წინ რამდენიმე დაუბანელი და დაუვარცხნელი ჰიპი, რომელიც სადმე ხის მოჭრას ან ატომური რეაქტორის მშენებლობას აპროტესტებდა, რომელიმე გაბღენძილ და თვითკმაყოფილ თანამემამულეს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა. დღეს ის ფასეულობები, რომლებსაც მაშინდელი სამოქალაქო აქტივისტები დაცინვის და წინააღმდეგობის მიუხედავად ამკვიდრებდნენ და იცავდნენ, სახელმწიფო პოლიტიკად იქცა. საქართველოში რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არსებობს (მართალია, უფუნქციო, მაგრამ მაინც) აი იმ ჰიპების დამსახურებაა. ამ აქტივისტებმა თავიანთი პარტიაც შექმნეს, რომელიც დღეს სიდიდით მესამეა გერმანიაში და ზრდას აგრძელებს. ინტერნეტ-აქტივისტებმა კი ცოტა ხნის წინ ჩამოაყალიბეს მეკობრეთა პარტია, რომელიც ბერლინის პარლამენტში უკვე შევიდა და ფედერაულურ პარლამენტში 2013 წელს შევა. სამოქალაქო აქტივისტების შანსი ის არის, რომ ისინი თავიანთ დროს წინ უსწრებენ და, შესაბამისად, დიდ კონკურენტებს მათზე უწევთ ორიენტირება და არა პირიქით.

საქართველოში ეს შეგნება მხოლოდ ახლა ჩნდება. აქტიური მოქალაქე, უპირველეს ყოვლისა, იმის გარანტია, რომ პოლიტიკური სივრცე ვერასოდეს დაიხურება და ვერავინ შეძლებს მის ოკუპირებას ან მონოპოლიზებას. ნამდვილი პოლიტიკა სწორედ იქ "კეთდება", სადაც მოქალაქე თავის თავს, ოჯახს, მეგობრებს (ოიკოსს) აკლებს დროს და ამ დროს სოფელს, ქალაქს ქვეყანას (პოლისს) ახმარს. პოლიტიკა ეს არის და არა ის, რასაც, მაგალითად, "ახალი მემარჯვენეები" ან "ქრისტიან-დემოკრატები" აკეთებენ. ასეთი ინტერესთა ჯგუფების გაჩენა ძალიან კარგია, რაც მეტი იქნება - უკეთესი. ეს არის ბირთვი, რომლის გარშემოც შეძლებს კრისტალიზებას სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები. გრანტოფაგი ენჯეოების ეპოქა ისევე მთავრდება, როგორც პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც არავის წარმოადგენენ. ამ მხრივ, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ გუშინდელ (ხანდახან კი გუშინწინდელ) პოლიტიკას აკეთებენ, XXI საუკუნის პოლიტიკა კი აქტიურ მოქალაქეს ეკუთვნის. ისეთს, რომელიც არა გასული საუკუნის მოდერნიზაციით შეიქცევს თავს, არამედ ნამდვილი თანამედროვეობის შექმნას შეძლებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG