Accessibility links

logo-print

თბილისში სტიქიით მიყენებულ მატერიალურ ზარალს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, საუბარია დაახლოებით 40 მილიონ ლარზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს 10 მლნ ლარი. როგორც ცნობილი გახდა, მთავრობა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 10 000-ლარიან დახმარებასაც გაუწევს. დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა გამოიყოფა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც. თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ამასთან დაკავშირებით იმართება კონსულტაციები თბილისის მერიასთან. ნავარაუდევია, რომ გარკვეული თანხების მობილიზება მოხდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდანაც.

სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები გამოიყენება ძირითადად ფორსმაჟორული სიტუაციების სალიკვიდაციოდ. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთავრობის 50-მილიონიანი და პრეზიდენტის 500 ათას-ლარიანი სარეზერვო ფონდები. 2015 წლის პირველი მაისის მდგომაროებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ გადარიცხულია 31.3 მილიონი ლარი.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, იმავე პერიოდში გადარიცხული თანხების ოდენობამ 283 ათასი ლარი შეადგინა. თანხები გადაირიცხა შემდეგი მიმართულებებით: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამული დაფინანსება, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ზუსტი თანხების დათვლა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა ხარჯები მოიცავს დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, გზის გაწმენდით სამუშაოებს და ზოოპარკის რეაბილიტაციას.

ცნობისათვის: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, გმირთა მოედნის ავტომაგისტრალთან დაკავშირებულ სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებზე სულ დაიხარჯა დაახლოებით 115 მილიონი ლარი.ეს თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება – 1 500 000 ლარი; ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები – 90.3 მილიონი ლარი; ვერეს ხევზე მშენებარე საქალაქო ავტომაგისტრალიდან (იყალთოს მთის გავლით) საბურთალოს ქუჩამდე (იპოდრომამდე) და ილია ჭავჭავაძის გამზირიდან (ყოფილი მე-9 საავადმყოფოს შესასვლელიდან) ნ. რამიშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზების მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება – 185 000 ლარი; ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ნ. რამიშვილის ქუჩამდე და ვერეს ხევის ახალი ავტომაგისტრალიდან თამარაშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზისა და გვირაბის (იყალთოს მთის გავლით) მოწყობის სამუშაოების განხორციელება – 23 მილიონ ლარამდე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG