Accessibility links

logo-print
თაზიაშვილების რვასულიანმა ოჯახმა სოფელი ზარდიაანთკარი 4 წლის წინ დატოვა. მას შემდეგ ეს ოჯახი გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობს. დაახლოებით 1 თვის წინ ზარდიაანთკარში ქართული პოლიციის საგუშაგო განთავსდა და თაზიაშვილებსაც სახლის მონახულების საშუალება მიეცათ. მოუვლელი კარ-მიდამო, დაზიანებული სახურავი, გაძარცული ბინა – ასეთი სურათი დახვდა სოფელში ჩასულ ოჯახის უფროსს, დავით თაზიაშვილს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ზარდიაანთკარში დაბრუნებისთვის უსაფრთხოების გარანტია კი შექმნა, მაგრამ აუცილებელია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაც.

„სახურავი გამოსაცვლელია, კარ-ფანჯარა გასაკეთებელია, შიდა რემონტი გასაკეთებელია. უსაფრთხოება უკვე არის, მაგრამ მე როგორ შევიდე გაძარცულ სახლში? საქონელი დავკარგე, ხეხილი გადამხმარია. ათასი რამე დავკარგე. მე თუ პირობები არ შემიქმნეს, არ ვიცი რას გავაკეთებ. არ შევალ. 6 შვილი მყავს, მივუყრი გამგეობას და მაგათ არჩინონ“, – ამბობს დავით თაზიაშვილი.

გორის საბავშვო ბაღებში მცხოვრები ზარდიაანთკარელები დილიდან საკუთარ სოფელში მიდიან და კარ-მიდამოს აწესრიგებენ, საღამოს კი ისევ გორში ბრუნდებიან. რამდენიმე ოჯახი საკუთარ კერას უკვე დაუბრუნდა, ოჯახების ნაწილი კი ხელისუფლებას პირობების გაუმჯობესებას სთხოვს. მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვასილ თევდორაშვილი ამბობს, რომ სოფელში გამნაღმველების ჯგუფმა უკვე იმუშავა, „ენერგოპროჯორჯიამ“ კი სოფლის გამრიცხველიანება დაიწყო.

აგვისტოს ომამდე ზარდიაანთკარში ქართველები და ოსები უპრობლემოდ თანაცხოვრობდნენ, ერთმანეთთან მეგობრობდნენ და უნათესავდებოდნენ, მაგრამ 2008 წელს სოფელში რუსი ჯარისკაცები შევიდნენ და ეთნიკურად ქართულმა ოჯახებმა საკუთარი კარ-მიდამო მიატოვეს. სოფელში ოსები დარჩნენ, ქართველები კი მთავრობამ გორის საბავშვო ბაღებში ჩაასახლა. ერთი თვის წინ სოფლის ცენტრში ქართული პოლიციური საგუშაგო განთავსდა, რამაც ოსური მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. მას შემდეგ ოსური დელეგაცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე ეთნიკურად ოსური მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გარანტიებს და საგუშაგოს უკან, მერეთის მიმართულებით გადაწევას ითხოვს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ ერგნეთის ბოლო შეხვედრისას განაცხადა, რომ რამდენიმე ოსურმა ოჯახმა შიშის გამო სოფელი დატოვა და ამ დრომდე უკან დაბრუნებას ვერ ბედავს:

„ჩვენ გვერდი ვერ ავუარეთ ზარდიაანთკარის ვითარებას. ამ სოფელში ვითარება არც შეცვლილა. ქართული მხარე გვთავაზობს, რომ მზადაა უსაფრთხოების გარანტია მისცეს იქ მცხოვრებ ადამიანებს, მაგრამ ამ შეთავაზების პროცესი თვეზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მინდა გაცნობოთ, რომ უსაფრთხოების გარანტიას კი აძლევენ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იქიდან გავიდნენ, უკან არ დაბრუნებულან, მხედველობაში მყავს ეთნიკურად ოსი მოქალაქეები.“

ქართული მხარე ოსურ მხარეს ამშვიდებს და აცხადებს, რომ პოლიციის საგუშაგო მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების შექმნისთვის განთავსდა და ის საფრთხეს არავის უქმნის. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა ქემოკლიძემ ოსური დელეგაციის ამ საკითხში დარწმუნება 2 კვირის წინ კიდევ ერთხელ სცადა.

„ზარდიაანთკარში ძალიან მშვიდი გარემოა. არანაირი პრობლემა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ზარდიაანთკარის საგუშაგოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვლილა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მხარე აღიარებს, რომ პოსტის ადგილმდებარეობა ეს არის საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული უფლება. სოფელში, გარკვეულწილად, ქართული ოჯახები ბრუნდებიან, მაგრამ რიგი ოჯახებისა მოგვიანებით აპირებს დაბრუნებას“, – გვეუბნება კახა ქემოკლიძე.

გორის საბავშვო ბაღებში მცხოვრები ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ სოფელში დაბრუნება ყველას უნდა, მაგრამ ხელისუფლებამ ამისთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები უნდა შექმნას. ამჟამად სახლების დიდი ნაწილი გაძარცულია, რამდენიმე სახლი კი დამწვარია. პრობლემების მიუხედავად, რამდენიმე ოჯახი სოფელში უკვე დაბრუნდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG