Accessibility links

logo-print

ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამერიკელი მწერალი ქალებიდან საქართველოში ყველაზე პოპულარული სილვია პლათი და მისი შემოქმედებაა.

ამის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თავი და თავი, მაინც მგონია, ერთი არაჩვეულებრივი თარგმანი იყო, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს გამოიცა ,,მერანში“ და მაშინვე ბესთსელერად იქცა.

,,მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკის“ სერიით დასტამბული პლათის ლექსების წიგნი, პრაქტიკულად, მალევე გაქრა მაღაზიის დახლებიდან, ხოლო მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი ბევრმა მაშინ გაიცნო, როგორც მთარგმნელობითი საქმის უკვე ჩამოყალიბებული ოსტატი, რომელსაც შეეძლო თარგმანშიც ისევე ფაქიზად მიეტანა მკითხველის გულისყურამდე ადამიანის სულის არაერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება, როგორც თავისსავე ორიგინალურ პოეზიაში.

საქმე ისაა, რომ ლელა, პირობითად, ,,90-იანელთა თაობის“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია და, დღევანდელზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკვე იმ პერიოდშივე ცხადი იყო, რა მნიშვნელოვანი პოეტი გამოჩნდა ქართულ სალიტერატურო სივრცეში.

ამ ფონზე, თარგმანით ლელა სამნიაშვილის დაინტერესება შეუძლებელია უბრალო მიზეზით ყოფილიყო შეპირობებული.

თვითონ ლელამ ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გვითხრა:

ლელა სამნიაშვილი

ლელა სამნიაშვილი

"ჩემი პირველი თარგმანები პლათისა გავაკეთე ძალიან ადრე, 18-19 წლის ასაკში. ეს ის პერიოდი იყო, როცა მე ვწერდი უკვე ინტენსიურად და უცხო ენათა ინსტიტუტში ვეძებდი უცხოელ ავტორებსაც, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თარგმანითაც ვიყავი უკვე დაინტერესებული. და სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ვინმე სილვია პლათს, რომელიც ჩემთვის, სტილისტურად და სიმბოლიკის თვალსაზრისით, აბსოლუტურად ახალი, გაუგებარი და შოკისმომგვრელი იყო. ძალიან მძიმეც იყო, მაგრამ, ეტყობა, თინეიჯერობის ასაკი მიდრეკილია ტრაგიზმისკენ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, და ამიტომ ძალიან მომეწონა. მერე, როცა ბიოგრაფია წავიკითხე და გავიგე, რომ ჰქონდა ავტობიოგრაფიული რომანი, რა თქმა უნდა, რომანითაც დავინტერესდი ძალიან მალევე. ქართული თარგმანები გამოსცა მერანმა 1999 წელს და ძალიან მოხარული ვარ, რომ დღემდე დადებითი შეფასებები აქვს ამ თარგმანებს, იმიტომ რომ მართლა სტიქიურად ვთარგმნე ეს კრებული და ბევრი რაღაცა შეიძლებოდა, ალბათ, მე თვითონვე გამესწორებინა, დღეს რომ დამეწყო მასზე ხელახალი მუშაობა“.

რაც შეეხება სილვია პლათის რომანს "ზარხუფს“, წიგნი 2014 წელს დასტამბა გამომცემლობა “დიოგენემ“ თავისი ცნობილი ,,ამიერიკელების“ სერიით და ამით პრაქტიკულად ერთადერთ შემთხვევაში დაარღვია სერიის პრინციპი, მისი ეგიდით გამოცემული ყველა თარგმანი პირველი ყოფილიყო.

,,დიოგენეს“ განმარტებით, რომელიც ამ ქართულ გამოცემას საგანგებოდ უძღვის წინ, ,,მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვანი წიგნის პირველი ქართული გამოცემა მცირე ტირაჟით დაიბეჭდა და მკითხველთა დიდი ნაწილისათვის შეუმჩნეველი დარჩა“.

ლელა სამნიაშვილმა კი სილვია პლათის რომანის შესახებ გვითხრა, რომ თვითონ ,,ზარხუფის“ ინგლისური დედანი იმავე ხანებში წაიკითხა, როცა პლათის ლექსების თარგმანები შეასრულა, და აღნიშნა:

ჩემთვის ,,ზარხუფი“ იყო ზუსტად ის წიგნი, რომელმაც ჩემს ძალიან ბევრ კითხვას გასცა პასუხი. და მე სულ ვამბობ იმას, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა გოგომ იმისთვის, რომ უკეთესად გაიცნოს საკუთარი თავი...

,,მერე ძალიან მალე წავიკითხე ეს რომანი, რომელიც მაშინ ასევე ძალიან შოკისმომგვრელი და ახლობელი იყო ჩემთვის. შეიძლება, სწორედ იმავე ასაკის გოგონებზეც არის გათვლილი. რეტროსპექტივაში პლათი იხსენებს თავის ახალგაზრდობას, როცა პირველი იმედგაცრუება დაემართა სამყაროს მიმართ და ეს პრობლემები დაიწყო - ჭიდილი, რასაც ჰქვია, მასა და გარემოს შორის. და, ეტყობა, თინეიჯერი გოგოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ეტაპზე ამის წაკითხვა. თუმცა ეს ვთარგმნე ცოტა უფრო მოგვიანებით, დაახლოებით 23-24 წლის ასაკში, როცა ვიყავი ბერკლიში რაღაცა გაცვლითი პროგრამით და იქ მქონდა ბევრი თავისუფალი დრო იმისთვის, რომ მეკეთებინა, რაც მინდოდა, ლიტერატურასთან კავშირში. ავირჩიე პლათის ეს რომანი და გავაკეთე თარგმანი. ორი-სამი წელი დაგვიანდა მისი გამოცემა საქართველოში, თუმცა პირველად ფონდმა ,,ტასომ“ გამოსცა ქალთა ბიბლიოთეკის ეგიდით და ეს იყო ძალიან მცირეტირაჟიანი გამოცემა, ამიტომ მაინცდამაინც ბევრმა ვერ ნახა და ვერ წაიკითხა“.

თუმცა ვინც წაიკითხა, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლელა სამნიაშვილის ამ არაჩვეულებრივ თარგმანებს მიეცა ბიძგი საქართველოში სილვია პლათის არნახული პოპულარობისათვის. განსაკუთრებით, მთარგმნელზე ოდნავ უმცროსი თაობის რამდენიმე ნიჭიერი პოეტიც დაინტერესდა და მას შემდეგ პლათი ისევე იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, როგორც ჩვენი თანამედროვე რომელიმე ქართველი ავტორი.

სილვია პლათის ერთ-ერთმა დიდმა გულშემატკივარმა, პოეტმა სალომე ბენიძემ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამ ავტორის შესახებ აღნიშნა:

,,მე შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ ავტორთან არ მიგრძნია ისეთი კავშირი, როგორიც ვიგრძენი სილვია პლათთან, ზუსტად მაშინ, როცა მისი ,,ზარხუფი“ წავიკითხე. მანამდე, რა თქმა უნდა, პოეზიას, ასე თუ ისე, ვიცნობდი. რაღაც ჩემ გარშემო პირიქით ხდება ყოველთვის: ჯერ ,,ზარხუფს“ კითხულობენ და მერე ლექსებს. მე, რატომღაც პირიქით დამემართა: ლექსები უკვე წაკითხული მქონდა, როცა ,,ზარხუფი“ წავიკითხე. საერთოდ, ჩემთვის კითხვის პროცესი არის მუდმივად ძიება საკუთარი თავის და იმ კითხვებზე პასუხის, რაც მე თვითონ მაწუხებს. ჩემთვის ,,ზარხუფი“ იყო ზუსტად ის წიგნი, რომელმაც ჩემს ძალიან ბევრ კითხვას გასცა პასუხი. და მე სულ ვამბობ იმას, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა გოგომ იმისთვის, რომ უკეთესად გაიცნოს საკუთარი თავი“.

თუმცა, რასაკვირველია, პლათის წაკითხვა არც მამაკაცებს აწყენდა, რადგან აქ მათ უფრო შეიძლება გაიგონ ბევრი რამ, რაც ქალის სამყაროს სრულიად სხვაგვარად და სიღრმისეულად დაანახვებთ. ამაზე სალომე ბენიძემ აღნიშნა:

სალომე ბენიძე

სალომე ბენიძე

,,ჩემი დაკვირვებით, მამაკაცები დიდად არ კითხულობენ ხოლმე სილვია პლათს, ზოგადად, და ,,ზარხუფი“ ისე არ უყვართ ხოლმე იდეაშივე, თავიდანვე, რომ არც გადაუშლიათ - მათ შორის ის მამაკაცებიც, რომლებიც, ზოგადად ,კითხულობენ ბევრს. თუმცა, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან არასწორი მიდგომაა და აუცილებლად მათაც უნდა წაიკითხონ, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ უკეთესად გაიცნონ ის ქალები, ვისთანაც თვითონ ურთიერთობენ და არ იყოს მათთვის ამ ქალების საქციელი, პრობლემები და შეხედულებები უცხო“.

არ ვიცი, სილვია პლათის მეუღლეს - სხვათა შორის, თვითონაც ბრწყინვალე პოეტს, ტედ ჰიუზს - წაკითხული ჰქონდა თუ არა თავისი ცოლის ეს რომანი, რომელიც 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, გამოიცა, ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით; ან უშველა თუ არა ამ რომანის წაკითხვამ რამე იმ თვალსაზრისით, რაზეც სალომე ბენიძემ მიუთითა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ლიტერატურა არასოდეს გვთავაზობს მზამზარეულ რეცეპტებსა და ფორმულებს არც ცხოვრებისა და არც ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.

პლათის ეს წიგნიც უფრო იმ წინააღმდეგობებს, უფრო ზუსტად, იმ ერთმანეთთან ვერაფრით დასაკავშირებელ პოლარობებს ასახავს, რომელთა შეთავსებაც უწევს ადამიანს თავის უაღრესად რთულ ფსიქიკასა და ცხოვრებაში.

,,ზარხუფი“ ამ გამოცდილებაზეც ჰყვება. ჰყვება ძალიან საინტერესოდ, ათასგვარი ნიუანსით. მთელი ეს ფერადოვნება კი, ლელა სამნიაშვილის ელვარე ნიჭიერების წყალობით, ქართულ თარგმანში ძალზე ოსტატურად, უაღრესად პროფესიულად არის შენარჩუნებული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG