Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში, როგორც ჩანს, ზავს იცავენ


მთიან ყარაბაღში, მთლიანობაში, იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც 5 აპრილს მიაღწიეს დაპირისპირებულმა მხარეებმა - აზერბაიჯანმა და მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა. მანამდე სამი დღით ადრე, 2 აპრილს, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მიჩნეულია ყველაზე მასშტაბურ დაპირისპირებად მთიან ყარაბაღში 1994 წელს ზავის ამოქმედების შემდეგ.

მთიან ყარაბაღში სეპარატისტების სამხედრო წარმომადგენლებმა 6 აპრილის დილას განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ღამით, მთლიანობაში, არ დარღვეულა საბრძოლო მოქმედებების ხაზის გასწვრივ. მართალია, იყო სროლის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ მათ არ მოუხდენია გავლენა ზოგად ვითარებაზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო „დაძაბულს, მაგრამ მშვიდს“ უწოდებს ვითარებას ფრონტის ხაზზე. ცნობების თანახმად, სამინისტრომ 6 აპრილს დილით განაცხადა ასევე, რომ სეპარატისტების ძალებმა 115-ჯერ დაარღვიეს ზავი და აზერბაიჯანმა საპასუხო ცეცხლიც გახსნა, მაგრამ ამ ცნობაში ნათელი არ არის, ბრალდებები ეხება 5 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას და მის შემდეგ გასულ დროს თუ 1994 წლის ზავის შემდეგ გავლილ მთელ პერიოდს.

დაპირისპირებულმა მხარეებმა 5 აპრილს მოილაპარაკეს ბრძოლის იმავე დღეს, ადგილობრივი დროით 12 საათზე, შეწყვეტის შესახებ. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოჰანიანის ინფორმაციით, ზავზე შეთანხმებას მიაღწიეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უფროსებმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.

რუსეთი, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებთან ერთად, მიეკუთვნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად შუამავალ ე. წ. მინსკის ჯგუფის წევრ ქვეყნებს და ამ ქვეყნების წარმომადგენლები დღეს ბაქოში შეხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. როგორც იუწყებიან, შუამავლებმა ისაუბრეს „მდგრადი ზავის პირობებში პოლიტიკური პროცესის განახლების მნიშვნელობაზე“. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტიც სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაზე ლაპარაკობს.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აზერბაიჯანი ცალმხრივი წესით წყვეტს მთელ საბრძოლო მოქმედებებს, თუმცა, ერთი პირობით, რომ ძალას არც მოწინააღმდეგე მხარე გამოიყენებს. მათ ცეცხლი უნდა შეწყვიტონ, თავიანთ პოზიციებზე დარჩნენ და არ იმოძრაონ. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვიბრძვით“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა 5 აპრილს ბაქოში, როცა სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა დაჭრილი აზერბაიჯანელი ჯარისკაცები.

მთიან ყარაბაღში დაძაბულ ვითარებას 6 აპრილს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. მან საქართველოც ახსენა. „რუსეთი აცხადებს, რომ თურქეთი მიკერძოებულია. თუ ვეძებთ ვინმეს, ვინც მიკერძოებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში, ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთი! რუსეთს უყვარს მიკერძოებით მოქმედება! მიკერძოებულია უკრაინაში, საქართველოში და ახლა სირიაში“, - განაცხადა ერდოანმა.

თურქეთს, როგორც ცნობილია, დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან მას შემდეგ, რაც სირიასთან საზღვარზე შარშან ნოემბერში ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი.

მთიან ყარაბაღს რაც შეეხება, რუსეთი ამტკიცებს, რომ მხოლოდ მშვიდობიან როლს ასრულებს ამ კონფლიქტთან მიმართებით: „რუსეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის, როლი - იმ ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც დამყარებული გვაქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც - ეს არის კონსტრუქციული როლი. და ჩვენი ყველა აზრი, მიზანი, მისწრაფება, იდეა და გეგმა უკავშირდება ამ ვითარების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარებას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ 6 აპრილს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 6 აპრილს მთავარი თემა იყო ბერლინში სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის, ვიზიტისას. სარქსიანი შეხვდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, რის შემდეგაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა აღიაროს ყარაბაღელი სეპარატისტების უფლება განსაზღვრონ საკუთარი ბედი და საკუთარი მომავალი. მერკელმა კი აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო შუამავლების როლს კონფლიქტის მოსაგვარებლად.

აზერბაიჯანში მდებარე და უმეტესწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი კონფლიქტის წყარო გახდა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში. 1988-94 წლებში გრძელდებოდა ომი, რომელმაც 30 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. მართალია, მთიანი ყარაბაღის კონტექსტში ხშირად ლაპარაკობენ „გაყინულ კონფლიქტზე“, მაგრამ 1994 წლის შემდეგ ბევრჯერ განახლებულა შეტაკებები, რომლებსაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია.

დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ რამდენიმე დღის წინ, 2 აპრილს, ბრძოლის დაწყებაში. ამ დაპირისპირებაში ტანკები, ვერტმრფენები და არტილერიაც იყო ჩართული. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 31 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, ხოლო ყარაბაღელი სამხედროები იუწყებიან მათ რიგებში 29 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. ცნობების თანახმად, არის სამოქალაქო მსხვერპლიც: 10 ადამიანი ორივე მხარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG