Accessibility links

logo-print
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: თუკი თავიდანვე დავთმეთ მილიმეტრი, ხვალ სანტიმეტრს წაგვართმევს ხელისუფლება-მეთქი. ვფიქრობ, ახლავე უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება სამ საკითხს.

დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად, საქართველოს საპატრიარქო ეწინააღმდეგება სახალხო დამცველად თამარ გურჩიანის კანდიდატურას. როგორც გაირკვა, საპატრიარქოსთვის ცალსახად მიუღებელია გურჩიანის პოზიცია სექსუალური უმცირესობების დაცვის შესახებ. პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი პირდაპირ აცხადებს: “საპატრიარქოსთვის ყველა ის ადამიანი მიუღებელია, ვინც სექსუალურ უმცირესობების პროპაგანდა-რეკლამირებით იქნება დაკავებული”. ჯერ ერთი, რა იცის ბოტკოველმა, მომავალში ვინ რისი პროპაგანდით იქნება დაკავებული. და მეორე, რაც შეეხება ადიამიანის უფლებების დაცვას, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ყველას უფლება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა! ნუთუ საპატრიარქოსთვის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ადამიანები არ არიან? ნუთუ ამ ხალხს საპატრიარქო არაადამიანებად თვლის?

მოგვიანებით გავრცელებულ ცნობაში იგივე ბოტკოველი ამბობს, რომ გურჩიანს არ იცნობს და ამიტომ მასზე ვერაფერს იტყვის. სამაგიეროდ, თვალში მოსდის დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურები. არადა, ეს ის ლორთქიფანიძეა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა: მამათმავლობა უნდა იყოს დასჯადი. რჯულის კანონში ასე წერია. რჯულის კანონი კი ჩემთვის კონსტიტუციაზე მაღლა დგასო. გელა ნიკოლაიშვილზე კი რა უნდა ითქვას, იგი გაზეთ “ასავალ-დასავალის” მეგობარია. გაზეთისა, რომელიც თითქმის ყოველ გვერდზე ძალადობას ქადაგებს.

ყველაზე მეტად აქ ტენდენციაა თვალში საცემი. მაგალითად, ამავე ხაზის გაგრძელება მგონია რამდენიმე დღის წინ მალხაზ გულაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ციხიდან. ნუთუ არ არის ეს კარტ-ბლანშის მიცემა ქართველ რეაქციონერთათვის და მოფაშისტო ელემენტთათვის?

აქვე უკვე მერამდენედ უნდა ვახსენო თბილისის ზოოპარკი. როგორც ვიცი, საქართველოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ცხოველები უყვარს. რამდენი აღარ ითქვა და დაიწერა მის ფარშევანგებსა და პინგვინებზე. მაინტერესებს, რამდენად უყვარს მას ცხოველები და არა, მიაქციეთ ყურადღება, “თავისი ცხოველები”. მაინტერესებს, აქაც კლანური მიდგომა გაიმარჯვებს თუ არა, ანუ გამოარჩევს თუ არა იგი საკუთარ ჩიტებსა და ცხოველებს სხვათაგან? აქ არ ვითხოვ თბილისის ზოოპარკის ბინადრთა გალიებისა და ვოლიერების დემიენ ჰერსტისა და ჯეფ კუნსის ნამუშევრებით შელამაზებას. პირველ ყოვლისა, მათი თბილისის ცენტრიდან სადმე მშვიდ ადგილას გადაყვანაა საჭირო. სასწრაფოდ უნდა გავარიდოთ ისინი სმოგსა და ხმაურს.

ერთხელ გურამ დოჩანაშვილმა ასეთი ამბავი მიამბო. მისი ერთი ნაცნობი მთელი ცხოვრება დიდი უჟმური და ბაიყუში ვინმე ყოფილა. ახლა კი ერთბაშად გამოცოცხლებულს ერთი სული აქვს, შინ როდის მივა, რომ თავის ძაღლთან იყოსო. ადვილი დასაჯერებელია, რომ ცხოველს გაუკეთილშობილებია ის კაცი. დიახ, რაც უფრო მეტად გვეყვარება ცხოველები, მით უფრო ჰუმანურები გავხდებით. არ იქნება ჩვენში ამდენი აგრესია და დაუნდობლობა. ვიმეორებ, სანამ ცხოველთა უფლებებს არ დავიცავთ, მანამდე ადამიანის უფლებებსაც არად ჩავაგდებთ.

დაბოლოს, სამ ნოემბერს გუდიაშვილის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ჩანს, მოედნის ინვესტორს არ ანაღვლებს ხელისუფლების ცვლა და განარძობს შენობების დემონტაჟს. ახლავე თუ არ გავაჩერეთ იგი, ხვალ უკვე დასაცავი იქ არაფერი იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება მანიფესტი. დიახ, ადამიანებთან და ცხოველებთან ერთად შენობებსაც აქვთ უფლებები.

უკაცრავად ავტოციტირებისთვის, მაგრამ აქ ერთი ჩემი რომანიდან მახსენდება ციტატა: “1. რაც იწყება კარგად - მთავრდება ცუდად; 2. რაც იწყება ცუდად - მთავრდება საშინლად; 3. რაც იწყება საშინლად - არასდროს მთავრდება”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG