Accessibility links

logo-print

ზაზა სოფრომაძის მეორედ დაკავების მიზეზი უცნობია


ზაზა სოფრომაძე

ზაზა სოფრომაძე

დღეს, 27 ივლისს, გამთენიისას, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, რეგიონალური მდივანი ზაზა სოფრომაძე დააკავეს. ”დემოკრატიული მოძრაობის” განცხადების თანახმად, დაახლოებით 4 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ათეული პოლიციელი ზაზა სოფრომაძის ბინაში შეიჭრა და იგი ახსნა-განმარტების გარეშე აიყვანა. პოლიციელთა რაოდენობა საგანგებო პრესკონფერენციაზე კიდევ უფრო დააკონკრეტა მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ზაზა სოფრომაძის ბინაში 10-ზე მეტი პოლიციელი შეიჭრა. ”დემოკრატიულ მოძრაობაში”, ზაზა სოფრომაძის დაკავების უკანონობის გარდა, მის მიმართ დარღვეულ საპროცესო ნორმებზეც ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ 6-7 საათის შემდეგ გახდა ცნობილი, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ზაზა სოფრომაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს.

“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, რეგიონალური მდივანი ზაზა სოფრომაძე პრობაციონერია და პოლიციაში პირველივე შეტყობინებისთანავე გამოცხადდებოდა. შესაბამისად, რა საჭირო იყო ხმაურიანი სპეცოპერაცია?! - ეს არის შეკითხვა, რომელსაც ”დემოკრატიულ მოძრაობაში” - და, შეიძლება ითქვას, არამარტო იქ - სვამენ და, იმავდროულად, პასუხობენ კიდეც:

”ადამიანი ყოველდღე ოფისში დადის და პირდაპირ ეთერებში ზის. თუ დაკითხვა სჭირდებათ და მოწმის სახით რაიმეზე დაბარება, ერთ ზარზე მივიდოდა, მაგრამ ვცხოვრობთ 37 წელში, ნეობოლშევიკურ საქართველოში, სადაც, 37 წლის მსგავსად, ენკავედე რო ადგებოდა ღამე ხალხს სახლში და ატერორებდა ოჯახს, ზუსტად ასევე იქცევიან ესენი”, გვითხრა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ.

მისი ძველი მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ვიღაცები დაუბარებიათ, წაუყვანიათ ასევე წუხელვე და მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენო ...

უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი შეკითხვა კი ზაზა სოფრომაძის დაკავებისა თუ პროკურატურაში დაბარების მიზეზებს უკავშირდება. პასუხი კითხვაზე, რატომ დაინტერესდა გამოძიება ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელით, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს არა აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ საქმე შესაძლოა ზაზა სოფრომაძის ძველ საქმიანობას უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ 2004-2006 წლებში ზაზა სოფრომაძე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორი იყო. 2006 წელს ფინანსურმა პოლიციამ იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო დააკავა. მექრთამეობის ბრალდებით მაშინ ამავე ფონდის 6 თანამშრომელი და 4 ექიმი დააკავეს. ზაზა სოფრომაძემ საპატიმროში 7 თვე გაატარა. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ცალკეული გარემოებები აფიქრებინებს, რომ ზაზა სოფრომაძე ისევ ძველ საქმეზე იკითხება:

”მისი ძველი მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ვიღაცები დაუბარებიათ, წაუყვანიათ ასევე წუხელვე და მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენო, თითქოს ეს ქრთამს იღებდაო. რა ვიცი, იმდროინდელი თანამშრომლები რახან დაიბარეს, როგორც ჩანს, ცდილობენ, რომ რაღაცა შეთხზან იმ პერიოდის საქმეზე.”
ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ხელისუფლებას ჩვენი პარტიის და ჩვენი ძალის ეშინია ...

”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი ზაზა სოფრომაძის დაკავებას ”დემოკრატიულ მოძრაობაზე” არჩევნებამდე 2 თვით ადრე ხელისუფლების ზეწოლის გამოვლინებად აფასებს და პოლიტიკურ სპექტრს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

”ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ხელისუფლებას ჩვენი პარტიის და ჩვენი ძალის ეშინია. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ხელისუფლებას და ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა საქართველოში, რომ მართლაც ჩვენმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. დღევანდელი ეს ფაქტი ერთ-ერთი სერიოზული ზეწოლის ფაქტი გახლავთ. სწორედ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეშინდეს და გაუჩნდეს შიშის ფაქტორი, ხელისუფლება ახერხებს ფართომასშტაბიანი ფრონტით ებრძოლოს რეალურ ოპოზიციურ ძალებს.”

ნინო ბურჯანაძის თქმით, წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისიდან ხელისუფლება პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წევრებზე ტერორის დაწყებას აპირებდა. ზაზა სოფრომაძის დაკავებას იგი სწორედ ამ პროცესის კონტექსტში განიხილავს. რაც შეეხება უშუალოდ დაკავებულის დაკითხვის პროცესს, ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ზაზა სოფრომაძემ ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა და გელა ნიკოლაიშვილმაც, თითქმის ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, პროკურატურის შენობა დატოვა.
XS
SM
MD
LG