Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ


დროულად მოვინახულოთ თბილისში ადგილები, რომლებიც რაღაცას ნიშნავდა ჩვენთვის. მოვინახულოთ, თორემ მათ ადგილას მალე შეიძლება ბანკი ან აფთიაქი დაგვხვდეს.

ძნელია, აქ “თორმეტი სკამის” დასაწყისი არ გაგახსენდეს: “სამაზრო ქალაქ N-ში იმდენად ბევრი საპარიკმახერო და დამკრძალავი ბიურო იყო, გეგონებოდა, ქალაქელები მხოლოდ იმიტომ იბადებოდნენ, რომ გაეპარსათ, თმა შეეკრიჭათ და მაშინვე მომკვდარიყვნენ”. დაახლოებით მსგავსი რამის თქმა შეიძლება დღევანდელ თბილისთან დაკავშირებით. იმ განსხვავებით, თუ საპარიკმახეროსა და დამკრძალავ ბიუროს ბანკითა და აფთიაქით ჩავანაცვლებთ. თუმცა დიდი განსხვავება ამათ შორის არცაა. ვინც ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. კერძოდ, კლიენტს ორივე დაწესებულებაში: საპარიკმახეროშიც და დამკრძალავ ბიუროშიც “ალამაზებენ”. ბანკის კრედიტ-მენეჯერთან საუბრის შემდეგ კი უფრო ხშირად ხდები აფთიაქის კლიენტი. და კიდევ, იმავე კლიენტს საპარიკმახეროშიც და ბანკშიც ცხვარივით “პარსავენ”. დამკრძალავ ბიუროსა და აფთიაქს შორის მსგავსებაზე კი როცა ვფიქრობ, უნებურად რამდენიმე წლის წინ კოსტავას დაღმართზე დამონტაჟებული ბანერი მახსენდება, რომელზეც ეწერა: “პსპ – ჩემი ოჯახის აფთიაქი”. ეგაა, რომ ბანერზე ამ ამბამდე 20 წლით ადრე გარდაცვლილი სესილია თაყაიშვილი გამოესახათ. იშვიათი იუმორი იყო: აფთიაქების ქსელს მიცვალებული უკეთებდა რეკლამას. მოკლედ, “თორმეტი სკამისა” არ იყოს, თბილისში იმდენად ბევრი ბანკი და აფთიაქია, გეგონება, თბილისელები მხოლოდ იმიტომ იბადებიან, რომ ბანკში კრედიტი აიღონ, გული შეუღონდეთ და მაშინვე აფთიაქში შეირბინონ.

ცოტა გაუგებარია, ამდენი ბანკი და აფთიაქი რა საჭიროა.

უკაცრავად ამ ტრივიალური შეკითხვისთვის, თუმცა აქვე ისიც მაინტერესებს, არის თუ არა ჩვენთან ბევრი ავადმყოფობის მიზეზი უფულობა? ანუ, ფული რომ იყოს, გვეყოლებოდა თუ არა ამდენი სნეული? ცოტა ვერ ვხვდები, ეს ორი – ბანკი და აფთიაქი – ერთმანეთის პარალელურად როგორ მრავლდება. ჩემს წარმოდგენაში, ეს დაწესებულებები ერთმანეთს უნდა გამორიცხავდნენ. თუმცა კი მრავლდებიან მეტასტაზებივით.

მაგრამ მარტო ბანკები და აფთიაქები როდია პრობლემა. ისედაც საშუალოდ ლამაზი თბილისი სახეს სრულიად კარგავს და დღითი დღე კიდევ უფრო მახინჯდება, პლასტმასდება, ჭრელდება. მძიმეა ამ ყველაფრის პერსპექტივაში წარმოდგენა. ანუ, მიაქციეთ ყურადღება, მძიმე იმის წარმოდგენა კი არაა, რომ თბილისს იერსახე ეცვლება, არამედ იმის, რომ ქალაქი დიდხანს დარჩება ისეთად, როგორადაც დღეს იძერწება. ეს ცვლილებები კი სულაც არ მგონია რამე დისციპლინის შედეგი. ეს რაღაც პროპაგანდისტული სიაბანდობაა. ამ სიაბანდობის გამო მოიშალა აპოლოს შენობაზე რუსული წარწერა, კინოს სახლზე ვარსკვლავი მოიხსნა, და ა.შ. ყველაფერს რა ჩამოთვლის. არადა, წარწერა აპოლოზე და ვარსკვლავი კინოს სახლზე თბილისური არქიტექტურის ორგანული ნაწილი უფრო იყო, ვიდრე ქალაქელთა კოლექტიურ ქვეცნობიერში რუსეთისა და საბჭოეთის მიმართ ტრფიალი. მეტიც, თბილისელთა გადაწყვეტილება არც ყოფილა მათი გაქრობა, მხოლოდ ფუნქციონერთა კაპრიზი. ეს იმას გავს, ნაპოლეონის არმიამ სფინქსს ცხვირი რომ მოამტვრია. იმ განსხვავებით, რომ არც აპოლოა სფინქსი და არც ჩვენი ფუნქციონერები არიან ნაპოლეონის ჯარისკაცები. ეს, ვიმეორებ, პროპაგანდისტული სიაბანდობაა. აქვე საკითხავია, რატომ გაქრა რუსთაველის პროსპექტიდან “ლაღიძის წყლები” ან ოფიცერთა სახლის წინ მდგარი ქვის ფიგურა? ნუთუ ესენიც იმპერიალისტური გადმონაშთები იყო? იმას კი არ ვამბობ, მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია-მეთქი, უბრალოდ რაღაცების მოფრთხილება გვმართებს, მგონი. ყველაფერს საბაზრო ეკონომიკის წმიდათაწმიდა თარგზე ხომ არ გამოვჭრით.

ან იქნებ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ტურისტს ეს პლასტმასურობა და სიჭრელე იზიდავს? თუმცა ტურისტს გააჩნია. თბილისში ბოლო დროს მომრავლებული მინის შენობები კი დასავლურის იმიტაციაა მხოლოდ, თანაც უმწეო იმიტაცია. ასე რომ, საკითხავია, ვინ აღფრთოვანდება ამ უსახურობით – იმ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები ხომ არა, რომლებიც ჩვენზე უგვანი და უსახური ქალაქებიდან არიან? დაბოლოს, ნურც სიტყვა “ჭრელი” და “ფერადი” აგვერევა ერთმანეთში. სამწუხაროდ, დღევანდელი თბილისი ჭრელი ქალაქია და არა – ფერადი. ჭრელი კი, მოგეხსენებათ, ფუფლოა.

ან იქნებ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ტურისტს ეს პლასტმასურობა და სიჭრელე იზიდავს?

ან ის მაინც თუ იცის ვინმემ, ყოველ საღამოს რატომ ვისვრით ფოიერვერკს? რას ვზეიმობთ ასე დაუსრულებლად, წაგებულ ომებს თუ დაკარგულ ტერიტორიებს? ან იქნებ ეს ფოიერვერკია დემოკრატიის შუქურა? შეიძლება, რატომაც არა. დემოკრატია თქვენ ლობიოობა ხომ არ გგონიათ? არადა, მოულოდნელად ისე იბუთქებს ხოლმე, გეგონება, ომი დაიწყო. თუმცა აქვე ისიც გახსენდება, რომ ყველა ომი ჩვენ უკვე წავაგეთ, და ეს ფოიერვერკიც სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი სიაბანდობა.

აქვე “სითი პარკით” შევიწროებული ტროტუარებიც უნდა ვახსენოთ. საინტერესოა, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა თავში აზრად ქალაქში ფეხით მოსიარულეთა მანძილის შემცირება? ნუთუ არავინ იფიქრა მოხუცებზე, ბავშვებზე ან ხეიბრებზე? იმის ნაცლად, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქუჩებს ინვალიდებისთვის უფრო მოსახერხებლად ვაქცევდეთ, კიდევ უფრო ვავიწროვებთ? დღეს ტროტუარებზე ისე დაქრიან ავტომანქანები, განსაკუთრებული ყურადღება და სიმარჯვე გმართებს, რომ არ გადაგიარონ. თბილისის ქუჩებში სეირნობა დღეს ექსტრემალური სპორტის სახეობად იქცა. ტროტუარზე აქა-იქ მოულოდნელად ამომხტარ “ჯიპს” რომც გადაურჩე, იმავე ტროტუარზე ხშირად ისეა ჩამწკრივებული ავტომანქანები, რომ, ხეიბარი კი არა, ჯანმრთელი ადამიანი ვერ გაივლი.

ასე რომ, სანამ ტროტუარები საბოლოოდ გადაივსო ავტომანქანებით, შენობები კი ბანკებად და აფთიაქებად გადაკეთდა, ხოლო ფასადები აჭრელდა ან შეიმინა, ყველაფერი მეტალო-პლასტმასით შეიცვალა და მთელი თბილისი გაფუფლოვდა, დროულად მოვინახულოთ ადგილები, რომლებიც რაღაცას ნიშნავდა ჩვენთვის, რასთანაც რაღაც ისეთი გვაკავშირებს, რასაც ვერასდროს ვერაფერი ჩაანაცვლებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG