Accessibility links

logo-print
მეგობრის რჩევით, რამდენიმე დღის წინ ქართული ფილმი ვნახე, სახელწოდებით “66-ე სახლი”. ფილმის ხაგრძლივობა სულ 32 წუთია. მაგრამ ესაა შიშისა და დაძაბულობის 32 წუთი! ისე, ხანგრძლივობას რა მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე დონეს და ხარისხს ეხება? მოგეხსენებათ, 1910 წელს გადაღებული “ფრანკენშტაინის” პირველი ვერსია სულ 12 წუთი გრძელდება. ეს რარიტეტი აქ ტყუილად არ გვიხსენებია, “66-ე სახლი” ჰორორის ჟანრის კლასიკური ნიმუშების გვერდით დგას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილმს ორი რეჟისორი ჰყავს: ბოლქვაძე ბონდო და ბოლქვაძე გიორგი. ეს, სავარაუდოდ, ძმებ დარდენების ან ტავიანების ტიპის თანამშრომლობაა. საგულისხმოა ისიც, რომ მთავარ როლებსაც თვითონ ძმები ასრულებენ. როგორც ჩარლი ჩაპლინი თამაშობდა საკუთარ ფილმებში.

მთავარი ისაა, რომ მცირე დროში ძმები ბოლქვაძეები წარმოუდგენელს ახერხებენ. დღეს თითქმის შეუძლებელია “ჰორორის” ჟანრის ფილმებით განებივრებული მაყურებელი რამით ააღელვო. “66-ე სახლი” კი გულგრილს არავის დატოვებს. ფილმის ყურებისას ჩვენ გვეშინია, ვღელავთ, ვიძაბებით, მაგრამ ეკრანს თვალს ვერ ვაშორებთ! რაც, რეჟისორების გარდა, მსახიობების დამსახურებაცაა. ესენი არიან: უკვე ხსენებული ბოლქვაძე ბონდო, ბოლქვაძე გიორგი და ბოლქვაძე მარადი.

ნემისმიერი “ჰოსტელი”, “ხერხი” და “ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით” ბავშვის ლუღლუღია ამ ფილმთან შედარებით. “66-ე სახლში” ჩინებულადაა გამოყენებული სასპენსი. ისედაც საშიში ატმოსფერო კიდევ უფრო საშიშის აუტანელ მოლოდინში გვამყოფებს. იმის მიუხედავად, რომ წინასწარ ხვდები, რომ რაღაც საშინელება მოხდება, მომხდარი მაინც აჭარბებს ყოველგვარ მოლოდინს. ხელის კამერა კი ისეთ განწყობას ქმნის, რომ რაღაც მომენტში გგონია, დოკუმენტურ მასალას უყურებ და არა მხატვრულ კინოს. ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ოპერატორიც გვარად ბოლქვაძეა. ოღონდ ამ შემთხვევაში - ბოლქვაძე მაიკო.

ფილმს მეტისმეტად ჩახლართული სიუჟეტი და სრულიად მოულოდნელი ფინალი აქვს. ახალგაზრდა პოეტი, სახელად იაგო, რომელიც ახალ პოემაზე მუშაობს, ქირაობს სახლს... და აი, აქედან თავბრუდამხვევი და დაუვიწყარი ამბები იწყება! დიდი თავგადასავლების შემდეგ, იაგო სახლში პოულობს საათს, რომლის მეშვეობითაც წარსულში დაბრუნება გადაუწყვეტია. აქ მისი მეგობარი დავითი საოცრად მნიშვნელოვან რჩევას აძლევს: “თუ წარსულში დაბრუნებას აპირებ, შეეცადე, შენს თავს არ გადაეყარო!” საერთოდაც, ცალკე კვლევის საგანია გმირების სახელები: იაგო, დავითი, დიეგო.

ფილმში მუშავდება კეთილისა და ბოროტის ბრძოლის მარადიული თემა - კლასიკური სქემით: “ჯალათი-მსხვერპლი”. ჯალათის როლში აქ წარმოდგენილია მონსტრი, სახელად პანუვრუსი, რომელიც, მისივე თქმით, არის ყველაფრის “თავი და ბოლო”. ის კი დაუზუსტებელია, მსხვერპლი ვინაა. რადგან პირველსა და მეორეს შორის ზღვარი აქ სრულიად მოშლილია. მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. ამ ჟანრს ხომ არა მარტო საკუთარი ფორმულა, როგორ წესი, საკუთარი სიუჟეტური მოდელიც კი არა აქვს. მოკლედ, დრამატურგიულად აქ ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ის მაწუხებს, რომ შემთხვევით ბავშვებმა არ ნახონ ეს ფილმი და პანუვრუსი ფრედი კრიუგერივით ღამის კოშმარად არ ექცეთ.

დაბოლოს, ამ ყოველმხრივ ბოლქვაძისეულ პროდუქციაში მხოლოდ საუნდტრეკია სხვისი. ფილმისთვის ორიგინალური მუსიკა კანადელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა ლეონარდ კოენმა დაწერა. ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტკორექტულობის ამბავია. დავიჯერო, ამ ყოველმხრივ ნიჭიერ ბოლქვაძეებში ერთი მუსიკოსი ვერ მოიძებნა? სავარაუდოდ, ამით ბოლქვაძეები მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ჩვენ, ქართველები, ჩაკეტილი ხალხი არ ვართ.

მოკლედ, ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო. თუ გინდა, რომ მიიღო სრულიად დაუვიწყარი შთაბეჭდილება, დაუთმე შენი ცხოვრების 32 წუთი ფილმს “66-ე სახლი”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG