Accessibility links

logo-print

ზაზას აკადემია - ქართული კალათბურთი, NBA-ის სტანდარტებით


ზაზა ფაჩულია (მარცხნიდან მეორე)

ზაზა ფაჩულია (მარცხნიდან მეორე)

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას 50 წლით გადაეცა დიდუბეში (წერეთლის 105 ა) მდებარე სპორტული ბაზა, NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გასახსნელად. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება. რა გეგმები აქვს ზაზას თბილისში და რას შეცვლის ეს აკადემია ქართული კალათბურთისთვის?

ფორტეპიანო, გიტარა, ფეხბურთი... ჯერ ხელოვნებისა და სპორტის ამ სახეობებში სცადა ბედი შვიდი-რვა წლის ზაზამ და მხოლოდ მერეღა გადაწყვიტა ზაზას დედამ, თავადაც ყოფილმა კალათბურთელმა მარინა კოდუამ, შვილის კალათბურთზე მიყვანა. ზაზა სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ყოფილა. როგორც დედამისი გვიყვება, მას არ სურდა, რომ ზაზა სპორტულ ორომტრიალში ჩაბმულიყო და სწავლისთვის დრო აღარ დარჩენოდა. თუმცა ცხრა წლის ზაზა მაინც აღმოჩნდა დიდუბის მანეჟში, საკალათბურთო დარბაზში:

„ყველაფერზე ვატარე, გარდა კალათბურთისა. დავიწყე მუსიკით, გიტარით, მერე ფეხბურთი. ერთი ბალეტზე არ შემიყვანია. ყველგან დამყავდა, მაგრამ ვხვდებოდი და ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი მისი არ იყო. მეოთხე კლასში იყო, რომ იძულებული გავხდი კალათბურთზე მიმეყვანა. მივიყვანე და იქ ვნახე ჩემი მეგობრები, ყოფილი კალათბურთელები. ვფიქრობდი, მივიყვან და ნახოს ერთი, რა შრომა სჭირდება ამ სპორტს და მაშინვე წამოვა-მეთქი. რომ მივიყვანე, მწვრთნელმა ანიშნა ჩემს მეგობრებს, დედა გაიყვანეთო. მე გამოვედი გარეთ და ზაზა დატოვეს და დატოვეს“, - იხსენებს მარინა კოდუა.

მაშინ ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი შვილი საკალათბურთო მწვერვალებს დაიპყრობდა და ზაზა ფაჩულიას ნატყორცნი ბურთები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, NBA-ში, დაითვლებოდა. დიდუბის მანეჟში, უშუქობასა და გაყინულ დარბაზში, ხელთათმანებით დაწყებული ვარჯიში ზაზას მალევე დაუფასდა. 90-იანი წლების მიწურულს ზაზა თურქეთში, საკალათბურთო კლუბ „ულქერში“, გადავიდა. იქიდან კი 2004 წელს, 211-სანტიმეტრიანი, ცენტრ NBA-ში, „ორლანდო მეჯიქში“, აღმოჩნდა. მარინა კოდუა იმ შიშებზე მიყვება, რომელიც კალათბურთელის დედას აქვს და ცნობილ კალათბურთელ მიხეილ ქორქიას დედის სიტყვებს იხსენებს:

„მიშა ქორქიას დედამ მითხრა, ეს ბავშვი ძალიან კარგი კალათბურთელი გამოვა და მეცოდებიო. მაშინ ვერ მივხვდი მის სიტყვებს და რატომ-მეთქი, ვკითხე და იმან მიპასუხა, სულ ცაში მოგიწევს ყურებაო. მე გამიკვირდა, რატომ, რა სჯობია ამდენ მოგზაურობას, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებას...არადა, თურმე, ეს მართლა ძალიან რთული ყოფილა. მართლა სულ ცას შევცქერი: როგორი ამინდია, როგორ იფრენს. და მე ვიცი, რა შრომა აქვს ჩემს შვილს. რასაკვირველია, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კარგია, მაგრამ სულ შიში სდევს ამ ჩემს სიხარულს: ცუდად არ წაიქცეს, არაფერი იტკინოს. პროფესიული სპორტი ძალიან დიდ ჯანმრთელობას მოითხოვს, ძალიან დიდი რესურსი მიაქვს“, - ამბობს ზაზა ფაჩულიას დედა, რომელმაც, მიუხედავად ამ შიშებისა, უდიდესი როლი შეასრულა იმაში, რომ დღეს ზაზა ასეთი წარმატებული სპორტსმენია.

ყველაფერი მოხდა ძალიან მოულოდნელად და ძალიან მალე, მთავრობის გადაწყვეტილებით. მათ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ჩემი სურვილის შესახებ, რომ მქონდა ინტერესი გამეხსნა ჩემი სკოლა, თუმცა ზუსტად არ ვიცოდი, როდის და როგორ...

„ორლანდო მეჯიქი“, „მილუოკი ბაქსი“, „ატლანტა ჰოუქსი“ - საქართევლოს ნაკრების კაპიტანი, ამ კლუბების შემდეგ, ახალ სეზონს „დალას მავერიკსში“ ხვდება.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი დღეს ახალი გამოწვევის წინაშე დგას. მისი დიდი ხნის ოცნება, ჰქონოდა საკუთარი აკადემია, სრულდება. დიდუბეში მდებარე სპორტული ბაზა, სადაც 22 წლის წინ ზაზამ პირველად ესროლა ფარს ბურთი, წარმატებულ კალათბურთელს 50 წლით გადაეცა. ზაზა ფაჩულია იქ NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გახსნას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. ზაზა ფაჩულიამ სპორტულ ბაზაზე სტუმრობისას თქვა, რომ აკადემია მოამზადებს ბავშვებს სხვადასხვა კლუბში, ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში, სათამაშოდ. გარდა ამისა, აკადემიაში, რომელსაც ზაზა ფაჩულიას სახელი დაერქვა, NBA-ს სტანდარტების მიხედვით ტრენინგებს გაივლიან ქართველი მწვრთნელები, ამერიკელი და თურქი მწვრთნელების მეთვალყურეობით.

„ყველაფერი მოხდა ძალიან მოულოდნელად და ძალიან მალე, მთავრობის გადაწყვეტილებით. მათ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ჩემი სურვილის შესახებ, რომ მქონდა ინტერესი გამეხსნა ჩემი სკოლა, თუმცა ზუსტად არ ვიცოდი, როდის და როგორ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავამართლო მოლოდინები და შევეცდები, რომ ეს იყოს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა“, - ამბობს ზაზა ფაჩულია.

დიდუბის საკალათბურთო სპორტული ბაზა 1982 წელს დაარსდა და ე. წ. „კალათბურთის სამჭედლოდ" იქცა. სწორედ ამ სკოლაში აღიზარდნენ ცნობილი კალათბურთელები ვახტანგ ნაცვლიშვილი, მიხეილ ახვლედიანი, მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე. სპორტული ბაზა 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო. ბაზაზე ფუნქციონირებს კალათბურთის 4 დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც განთავსდება ტრენაჟორები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი.

სპორტისა და ახალგაზრობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ზაზა ფაჩულიასათვის საკალათბურთო ბაზის გადაცემა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია სპორტის მიმართულებით:

„ჩვენი პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტი კერძო ინვესტორი შემოვიდეს. ამავდროულად, კვალიფიციური სპეციალისტები მოვიზიდოთ და საერთაშორისო სტანდარტებით დავიწყოთ პროფესიული სპორტის მშენებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ ზაზასაც ჰქონდა ამის სურვილი და ჩვენც, ეს სურვილები თანხვედრაში მოვიდა. ბუნებრივია, გამოვიყენე ეს შანსი და რაც შეიძლება ოპერატიულად გადავწყვიტეთ ეს საკითხი, რადგან ყველაზე მთავარია, რომ სახელმწიფომ მსგავსი გადაწყვეტილებები ოპერატიულად მიიღოს და სწორი მესიჯი მისცეს ყველას. ზაზას ეს ტერიტორია უსასყიდლოდ, უზურფრუტის წესით, 50 წლის ვადით გადაეცა და ყველა სხვა დანახარჯს, რაც ექსპლუატაციას სჭირდება და სამწვრთნელო პროცესს, ამას შემდეგ უკვე თვითონ განახორციელებს, როგორც კერძო ინვესტორი“.

მისივე თქმით, აკადემიაში მოზარდებისათვის სწავლის პროცესი ფასიანი იქნება, თუმცა გაიხსნება უფასო ჯგუფებიც განსაკუთრებით ნიჭიერი და სოციალურად შეჭირვებული ბავშვებისთვის:

„იქვე იქნება სასტუმრო და ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც შესაბამისად უზრუნველყოფილნი ვერ იქნებიან, მათ ხელფასიც კი დაენიშნებათ. ანუ მოდელი იქნება ის, რაც მთელ მსოფლიოში მიღებულია. ანუ გამორჩეული ნიჭის მქონე ბავშვებს დაენიშნებათ ხელფასი და პარალელურად იქნება კომერციული სექციები, სადაც ასევე იქნება შესაძლებლობა, რომ თუკი რომელიმე მოზარდი თავს გამოიჩენს, ისიც უფასო სექტორში გადავიდეს“.

ვაჟა სიმონიშვილი, გაზეთ „ლელოს“ კორესპონდენტი და კალათბურთის მკვლევარი, მაღალი დონის საკალათბურთო აკადემიის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთ დიალოგს იხსენებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართველ კალათბურთელ მანუჩარ მარკოიშვილთან შედგა:

„ასეთი რამ მითხრა, რომ მასაც და სხვა ბევრ ქართველ კალათბურთელსაც ჰქონდა გარკვეული შეფერხება. მანუჩარმა მითხრა, მე რომ ლიტველი ან სერბი ვიყოო, სხვანაირად შემომხედავდნენო, რადგან თუკი ხარ ლიტველი, ე. ი. კარგი სკოლა გაქვს გავლილი, ხოლო ქართველ კალათბურთელს კარგი სკოლა გაქვს გამოვლილი თუ არა, ეს კიდევ საკითხავია. და ეს ყოველთვის ქმნის პრობლემებს იმისა, რომ ქართველი კალათბურთელი ნორმალურ გუნდში მოხვდეს და იქ ითამაშოს. და თუ არ ითამაშებს, ვერც გვეყოლება მაღალი დონის კალათბურთელები და ვერც კალათბურთი გვექნება ძლიერი. და სწორედ ეს, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია, არის ნაბიჯი იქითკენ, რომ ხუთი, ათი წლის შემდეგ ევროპელებმა თქვან, რომ ეს საქართველოშია გაზრდილი, ფაჩულიას აკადემიაში, და ე.ი. კარგი მოთამაშე იქნება“.

ორი წლის წინ ზაზა ფაჩულიამ NBA-ის ცნობილი კლუბის, „მილუოკი ბაქსის“, ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, რომ მისთვის ძველი პარკეტი მიეყიდათ. სწორედ ვაჟა სიმონიშვილს უთხრა სულ ცოტა ხნის წინ ზაზა ფაჩულიამ, რომ გემზე დატვირთული „მილუოკის“ პარკეტი უკვე გზაშია და მალე საქართველოში ჩამოვა. როგორც ვაჟა ამბობს, ზაზას უთქვამს, მინდა ქართველი ბავშვები იმ მოედანზე თამაშობდნენ, რომელზეც სხვადასხვა დროს ლებრონ ჯეიმსსა და კობი ბრაიანტს დაუღვრიათ ოფლიო.

უკვე გამოითქვა ვარაუდი და სურვილი იმისა, რომ თბილისში რამდენიმე მსგავსი ტიპის აკადემია შეიქმნას. როგორც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ თბილისში საქართველოს ნაკრების სხვა კალათბურთელების სახელობის აკადემიებიც გაიხსნას:

„ასეთი ცენტრი, ალბათ, რამდენიმე იქნება, რადგან ჩვენს ბიჭებს აქვთ სურვილი, როგორც ზაზას, შექმნან თავიანთი საკალათბურთო სკოლები და ჩვენ ამაში, რა თქმა უნდა, ყველას დავეხმარებით და იმედი მაქვს, სამინისტროც დაგვიდგება გვერდში“.

ამჯერად ზაზა ფაჩულია საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან ერთად საფრანგეთში იმყოფება, სადაც ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში მორიგ საკონტროლო მატჩებს მართავს. ნაკრები ზაზა ფაჩულიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სექტემბერში ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ზაზა ფაჩულია უკვე აქტიურად ჩაებმება აკადემიის მზადების პროცესში, რომლის კარიც ბავშვებისთვის, მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაიხსნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG