Accessibility links

logo-print
დუშეთის რაიონის სოფელ ზემო მლეთის მოსახლეობა უკვე წლებია განსახლებას ითხოვს. სოფლის თავზე ჩამოწოლილი მეწყერი სიცოცხლისთვის საშიშია. მოხუცები და ბავშვები ფაქტობრივად მდინარის კალაპოტში ცხოვრობენ.

ზემო მლეთის თავზე ღვარცოფული კერა უკვე 40 წელია არსებობს. 2010 წლის 24 აპრილს სტიქია სოფელს განმეორებით დაატყდა თავს. ღვარცოფმა არაგვი გადაკეტა, რის შედეგადაც მდინარე ხალხს სახლებში შეუვარდა. რამდენიმე სახლის პირველი სართული მას შემდეგ საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

„არსებობს გეოლოგების დასკვნა, რომ 15 ოჯახი გასასახლებელია. ძალიან უცნაურია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამ ხალხის გასახლება ვერ ხერხდება. შესაძლოა უცებ აიწიოს წყლის დონემ“, - ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.
შარშან მდინარეში დაიხრჩო სამი წლის ხატია ნაზღაიძე.

გვითხრეს, რომ შვიდ-შვიდი ათასი ლარია ჩვენზე დარიცხული, მაგრამ ამ ფულს ჯერ ხელს არ ვკიდებთ. ჯერ ნაკვეთები გამოგვიყონ, სადაც გადაგვასახლებენ და მერე ფული მოგვცენ ...

დღემდე მოსახლეობას სოფელში რიგრიგობით სძინავს, რათა წყალმა მოულოდნელად არ აიწიოს და გაქცევა მოასწრონ.

„გვითხრეს, რომ შვიდ-შვიდი ათასი ლარია ჩვენზე დარიცხული, მაგრამ ამ ფულს ჯერ ხელს არ ვკიდებთ. ჯერ ნაკვეთები გამოგვიყონ, სადაც გადაგვასახლებენ და მერე ფული მოგვცენ“, - ამბობს სტიქიით დაზარალებული ჯიმი გაგაძე.

ზემო მლეთის მცხოვრებ ცისანა ზაქაიძეს დაპირების არ სჯერა. მისი თქმით, დაპირებებს მთავრობა ყოველი არჩევნების წინ იძლევა, მაგრამ მერე აღარ ასრულებს.

„სანამ არჩევნები დამთავრდება, მანამდე გამოგვიყონ ნაკვეთები“, - ამბობს ის.
ქვეშეთის თემის გამგებლის მოადგილე იოსებ ზაქაიძე აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის ფული მართლაც გამოყოფილია, მაგრამ სტიქიით დაზარალებულებს მისი აღება ჯერჯერობით არ სურთ.

„ამბობენ, ჯერ მიწები გამოგვიყონ და მერე ავიღებთ, ახლა რომ ავიღოთ, დაგვეხარჯებაო. ის მიწები ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ამჯერად ვმუშაობთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტს გადმოეცეს“, - ამბობს იოსებ ზაქაიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალოს“ წარმომადგენლის ილია გუჩმანიძის თქმით, სტიქიით დაზარალებულებთან დაკავშირებით პრობლემები სხვადასხვა მიზეზის გამო იქმნება. პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია კანონმდებლობის არარსებობა, კანონმდებლობისა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურებს დაარეგულირებს. ასევე პრობლემაა ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვისა და კონკრეტული გეგმის უქონლობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG