Accessibility links

logo-print
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა კვლავ გარემოსდამცავი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 ივნისს ადგილი ჰქონდა ქარხნის ერთ-ერთი გაზგამწმენდი მოწყობილობიდან მომწამვლელი ნივთიერების ზალპურ გაფრქვევას. მართალია, ამ ინფორმაციას უარყოფენ ფეროშენადნობთა ქარხნის მმართველი კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები, მაგრამ თავად ზესტაფონელები ამბობენ, რომ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია კვლავ ყვითელ ნისლშია გახვეული. რა ხიფათს უქმნის ზესტაფონელებს ფეროშენადნობთა ქარხანა და რა მოხდა 4 ივნისს?

ზესტაფონში შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა დიდი ხანია აშფოთებთ გარემოსდამცავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, ვითარების შეცვლის მოთხოვნით, პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავენ, თუმცა ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებით თავად ზესტაფონელები არიან შეწუხებული:

ქალი: „საშინელი სუნია, განსაკუთრებით ღამით. როგორც ჩანს, მაიმუნობენ და ფილტრებს რთავენ ღამით და ჩვენ გვგუდავენ.“

მამაკაცი: „ყველა ამას იტყვის - დილაობით ისეთი სუნია, გაგაბრუებს.“
დაფიქსირდა ვიზუალურად იმიტომ, რომ გაფრქვევა იყო ჰაერში და მთლიანად ნისლში იყო გახვეული მე-4 საამქრო. ლამის ყოველღამე უშვებენ „ზალპურს“, ფილტრებიც არ აქვთ. გამონაბოლქვი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რადგანაც ნედლეული ჩამოაქვთ მაროკოდან... ყველაფერი ეს იწვევს მჟავა წვიმებს...

ყვითელი ნისლი და გამაბრუებელი სუნი წლებია სიცოცხლეს უწამლავს ზესტაფონელებს, თუმცა, როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ამბობს, პერიოდულად ხდება ისეთი რამ, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ათობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობას - საუბარია ტოქსიკური ნივთიერებების ე.წ. „ზალპურ გაფრქვევაზე“, რასაც, ჩხობაძის მტკიცებით, უკანასკნელად ორიოდე დღის წინ ჰქონდა ადგილი:

„დაფიქსირდა ვიზუალურად იმიტომ, რომ გაფრქვევა იყო ჰაერში და მთლიანად ნისლში იყო გახვეული მე-4 საამქრო. ლამის ყოველღამე უშვებენ „ზალპურს“, ფილტრებიც არ აქვთ. გამონაბოლქვი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რადგანაც ნედლეული ჩამოაქვთ მაროკოდან... ყველაფერი ეს იწვევს მჟავა წვიმებს.“

გარემოსდამცავი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომლის მთავარი ინჟინრის ვასილ გველესიანის თქმით, ადგილი აქვს გაუგებრობას, რადგანაც თვითმხილველებმა მე-4 საამქროდან ამოსული წყლის ორთქლი ტოქსიკურ გამონაბოლქვად მიიღეს:

„იმ პერიოდში, რასაც ის ასახელებდა, მოხდა თხევადი წიდების ჩამოსხმა წყალში (ასეთი ტექნოლოგიური პროცესია) და აქედან წარმოიქმნა წყლის ორთქლი, რომელიც თავისი წონის ანდა ტემპერატურის გამო გარბის ზემოთ.“

ქარხნის მმართველმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა“, ეჭვების გაფანტვის მიზნით, ასევე გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

„4 ივნისს, 12:00 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში არც ერთ მწარმოებელ საამქროში ტექნოლოგიური ციკლი არ დარღვეულა და არც ერთი გაზგამწმენდი მოწყობილობიდან ზალპურ გაფრქვევას ადგილი არ ჰქონია.“

სამუშაო პროცესი ფეროშენადნობთა ქარხანაში

სამუშაო პროცესი ფეროშენადნობთა ქარხანაში

ამ ინფორმაციის შემოწმების მიზნით, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელს თამაზ დოლაბერიძეს:

„ქარხანაში დასაქმებულებს არაფერი სმენიათ, რომ 4 ივნისს რამე მოხდა, თუმცა ამბობენ, რომ 8 ღუმელიდან 3-ზე არ იყო ფილტრი. 2 ღუმელზე უკვე დააყენეს, მესამეზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.“

ამ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექციაც ადასტურებს. მთავარი ინჟინრის ვასილ გველესიანის თქმით, ფილტრების დაყენებას წინ უძღოდა მასშტაბური მონიტორინგი:

„როცა დავადგინეთ, რომ სამი ღუმელის ფილტრებსა და კამერაში იყო პრობლემები, სამივე ღუმელი გამოვრთეთ და ამით საკმაოდ სოლიდური დანაკარგი მივიღეთ, მაგრამ რას ვიზამთ, არავის ჯანმრთელობის ხარჯზე წინსვლა არ გვინდა. ორი ღუმელი უკვე ჩავრთეთ, მესამისთვის ფილტრი უკრაინიდან გამოვიწერეთ და მასაც რამდენიმე დღეში ავამუშავებთ“, – უთხრა ვასილ გველესიანმა რადიო თავისუფლებას.
შემოაქვთ არასერტიფიცირებული მანგანუმი მაროკოდან, იმდენად უხარისხო, რომ არც ერთი ევროპული ქარხანა არ იყენებს. ეს, ფაქტობრივად, ნაგავი შეიცავს დიდი რაოდენობით ტყვიას, რაც ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის...

თუმცა პასუხად ორგანიზაციაში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“ აცხადებენ, რომ ფეროშენადნობთა ქარხანაში ფილტრების შეცვლა ადრეც შეეძლოთ, მაგრამ, ნინო ჩხობაძის თქმით, ეს იმის გამო არ გააკეთეს, რომ ფილტრების მუშაობა კომერციულად მომგებიანი არ არის:

„ფილტრები ძვირი ღირს, მაგრამ, მაგის გარდა, ასევე ძალიან ძვირია მათი ექსპლუატაცია. დენის წყარო სჭირდება ფილტრებს. შესაბამისად, ყველა ქარხანა ცდილობს არ ჩართოს ფილტრი.“

გარემოსა და ზესტაფონელთა ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა ის ნედლეულიც, რომელსაც ფეროშენადნობთა ქარხანა მოიხმარს. ნიკოლოზ მჟავანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ამბობს:
ნიკოლოზ მჟავანაძე

ნიკოლოზ მჟავანაძე


„შემოაქვთ არასერტიფიცირებული მანგანუმი მაროკოდან, იმდენად უხარისხო, რომ არც ერთი ევროპული ქარხანა არ იყენებს. ეს, ფაქტობრივად, ნაგავი შეიცავს დიდი რაოდენობით ტყვიას, რაც ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.“

ქარხანაში კი დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ფილტრების დაყენებით გარემოზე მიყენებული ზიანი მინიმალური იქნება. მთავარი ინჟინრის ვასილ გველესიანის თქმით, ატოსფეროში მოხვდება მაქსიმალურად გაწმენდილი აირი:

„თუმცა ბახმაროს ჰაერს, რა თქმა უნდა, ვერ შევქმნით, მაგრამ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს კი დააკმაყოფილებს.“

ასეთი გამოსავალი სავსებით აკმაყოფილებთ ზესტაფონელებს, რომელთა დიდი ნაწილი სწორედაც რომ ფეროშენადნობთა ქარხანაშია დასაქმებული. ფეროს ასევე მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ოფიციალური სტატისტიკით, ექსპორტის მოცულობაში ფეროშენადნობებს, 10, 5 პროცენტით, მეორე ადგილი უკავია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG