Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკური ზეწოლის მიუხედავად, ოპერატორმა მასალის გადარჩენა შეძლო


თორნიკე თიბილაშვილი
თორნიკე თიბილაშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტს და ოპერატორს გორის რაიონის სოფელ დიცში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გადამღები ჯგუფი სოფელში წყლის პრობლემის გასაშუქებლად იყო ჩასული. ჟურნალისტმა შორენა გონგლაძემ კომენტარისთვის სოფლის რწმუნებულს ზურაბ ბოლაშვილს მიაკითხა. თავიდან რწმუნებული კომენტარზე უპრობლემოდ დათანხმდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა „ინფო 9“-ის ლოგო შეამჩნია, კამერის გამორთვა და გადამღები ჯგუფისგან ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის ადმინისტრაცია და ადგილობრივი პოლიციის განყოფილება ერთ შენობაშია განთავსებული. იქვე მყოფი პოლიციელები მოითხოვდნენ, რომ ოპერატორს ეზოში არსებული სამხედრო ტექნიკის გადაღება შეეწყვიტა, თუმცა გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ოპერატორი ტექნიკის გადაღებას არ ცდილობდა და მხოლოდ რწმუნებულის დაფიქსირება სურდა. სოფლის თავკაცს მალე სამოქალაქოფორმიანი თანასოფლელები მიეხმარნენ და გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ყველაფერი კი პოლიციელების თვალწინ ხდებოდა, რომლებსაც ინციდენტის განმუხტვა არც უცდიათ.
მე კადრებს ვიღებდი და გამგებელი უნდა ჩამეწერა, მაგრამ გამგებელმა მითხრა, რომ კამერა გამომერთო და იქიდან წავსულიყავი. ამ დროს წამოვიდა აგრესია. გვემუქრებოდნენ ხელის მოტეხით, თავის გატეხით. თავში რაღაცა საგანი მართლა მომხვდა. არ მახსოვს რა მომხვდა და მცირე დაზიანება მივიღე...
თორნიკე თიბილაშვილი

ოპერატორი თორნიკე თიბილაშვილი იხსენებს, რომ შეხლა-შემოხლაში მოულოდნელად თავში რაღაც საგანი მოხვდა. დაზიანებულია ვიდეოკამერაც. ფიზიკური ზეწოლის მიუხედავად, მან კამერა არ გამორთო და კადრების გადარჩენა შეძლო.

„მე კადრებს ვიღებდი და გამგებელი უნდა ჩამეწერა, მაგრამ გამგებელმა მითხრა, რომ კამერა გამომერთო და იქიდან წავსულიყავი. ამ დროს წამოვიდა აგრესია. გვემუქრებოდნენ ხელის მოტეხით, თავის გატეხით. თავში რაღაცა საგანი მართლა მომხვდა. არ მახსოვს რა მომხვდა და მცირე დაზიანება მივიღე“, – ამბობს თორნიკე თიბილაშვილი.

„ინფო 9“-ის ჟურნალისტი შორენა გონგლაძე აცხადებს, რომ სოფლის რწმუნებული მას დაემუქრა. ჟურნალისტი ამ ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს, სამართალდამცავ და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

„გამგებელი ჩვენ დაგვემუქრა. პირადად მე მითხრა პრივატულ საუბარში, თქვენ აქ ვეღარ მოხვალთ და, თუ მოხვალთ, აქედან ვეღარ წახვალთო. ჩვენ ეს მუქარა რეალურად აღვიქვით, მაგრამ იქ კიდევ ჩავალთ, თუ ამის საჭიროება იქნება“, – აცხადებს შორენა გონგლაძე.

დიცის რწმუნებული ზურაბ ბოლაშვილი აცხადებს, რომ გადამღები ჯგუფი მას ოთახში შეუვარდა და გამომწვევად იქცეოდა. მისი თქმით, ჟურნალისტებზე არც ძალადობა ყოფილა, კადრები კი საპირისპიროს მეტყველებს.

ზურაბ ბოლაშვილი: „თვითონ შემოცვივდნენ, სიტყვაც არ უთქვიათ, ისე დაიწყეს კამერით გადაღება, თან პოლიციის შენობაში შემოვიდნენ და იქ მათი შემოსვლა არ შეიძლებოდა.“
მაგათთვის თითი არავის დაუდვია, არანაირი ძალადობა არ ყოფილა. თვითონ იყვნენ შარზე მოსულები და უნდოდათ, რომ რაღაც გამომწვევი სიტუაცია შეექმნათ...
ზურაბ ბოლაშვილი

რადიო თავისუფლება:ასეც რომ ყოფილიყო, ჟურნალისტის ცემა არ შეიძლებოდა.

ზურაბ ბოლაშვილი: „მაგათთვის თითი არავის დაუდვია, არანაირი ძალადობა არ ყოფილა. თვითონ იყვნენ შარზე მოსულები და უნდოდათ, რომ რაღაც გამომწვევი სიტუაცია შეექმნათ.“

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შიდა ქართლში ჟურნალისტებზე ზეწოლის და საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი ასეთ ფაქტებზე რეაგირებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მედიის წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყოს. რეგიონებში ჟურნალისტების შეურაცხყოფის ტენდენცია ისევ გრძელდება.
XS
SM
MD
LG