Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზეწოლა რეგიონულ მედიაზე


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ხელისუფლებას სთხოვს რეაგირება მოახდინოს საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე. ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ზეწოლის ფაქტების გამოძიების შესახებ განცხადებით საბჭო საქართველოს მთავარ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს. განცხადებაში კი, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ უკანასკნელ დღეებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებენ ჟურნალისტებზე და ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში რამდენიმე რეგიონში შეეშალათ ხელი ჟურნალისტებს.
ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძეს მაგალითად მოჰყავს რეგიონალური გამოცემა ”გურია ნიუსის” ჟურნალისტებთან შორენა ღლონტსა და გიორგი გირკელიძესთან დაკავშირებული ინციდენტი. ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიგა ჯაფარიძემ, შენობის წინ გადაღებული ფოტოები წაუშალა, მანამდე კი მათ საქმიანობაში ხელს უშლიდა სამი პოლიციელი:

”თავად სამხარეო პოლიციის უფროსი გამოვიდა, როდესაც დაინახა, რომ ჟურნალისტები იღებდნენ ფოტოებს შენობის წინ და მოითხოვა მათი წაშლა და მერე თვითონ წაუშალა ფოტოაპარატიდან ის ფოტოები და იშველიებდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას. სხვათა შორის, ეს აუდიოჩანაწერი დევს „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე, სადაც ჟურნალისტების თხოვნაზე, გვაჩვენეთ რომელი ბრძანებაა ესო, მან თქვა, ეს მინისტრის ბრძანებაა და თქვენთვის საკმარისიაო.”

ეს კი გახლავთ ის აუდიოჩანაწერი, რომლის შესახებაც ზვიად ქორიძე საუბრობდა:

- განმიმარტეთ, ბატონო გიგა, რომელი კანონის საფუძველზე არ შეიძლება.
- რატომ მიყურებთ ასე?
- მინისტრის ბრძანებაა.
- რომელი ბრძანებაა? ნომერი მითხარით.
- ახლავე ჩამოგიტანთ.
- დიახ, ჩამომიტანეთ, თორემ ჩვენც დავუკავშირდებით თქვენს სამინისტროს.


რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე ამბობს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები რეგიონში მუდამ რეაგირების გარეშე რჩება და არც ახლა აქვს იმედი, რომ შესაბამისი უწყებები საქმის დეტალებში გარკვევას შეეცდებიან:

”ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც მუშაობაში ხელს უშლიან ჟურნალისტებს და ამას სულ უფრო მწვავე ხასიათი აქვს. თუკი გავიხსენებთ იმას, რომ არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის და კონკრეტული დამნაშავეები დასჯილები არ არიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ამ ფაქტებს მოჰყვება სათანადო რეაგირება.”
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავიწყეთ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ საგამოძიებო მასალების მომზადება, ზეწოლა გაძლიერდა...

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში ასევე მოყვანილია მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრის ჟურნალისტს, მანანა ქველიაშვილს, სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფით დაემუქრა დუშეთის რაიონის საკრებულოს წევრი ზურაბ ოტიაშვილი; ასევე ნათქვამია, რომ დაპატიმრებისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარის გამო ცენტრის რამდენიმე ადგილობრივმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილი დატოვა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის პროექტის დირექტორი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ცენტრი რეგიონში სულ 2 თვეა არსებობს. ამ ხნის მანძილზე რამდენიმე მწვავე ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება მოხერხდა, მაგრამ პრობლემაა საჯარო ინფორმაციის მოპოვება - ცენტრს 20-მდე განცხადებაზე პასუხი არ მიუღია.

” განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავიწყეთ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ საგამოძიებო მასალების მომზადება, ზეწოლა გაძლიერდა. ჩვენ ზურაბ ოტიაშვილის სახელით შემოგვითვალეს, ნუთუ არ გეშინიათ, რომ ოფისში გაზის ბალონი აგიფეთქდეთ ან მანქანას, რომლითაც გადაადგილდებით, მუხრუჭმა არ დაუჭიროს და ხევში გადაიჩეხოთო... ანუ ასეთი ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება პრაქტიკულად ყოველდღე და არ გვეძლევა საშუალება ნორმალურად ვიმუშაოთ. მეტიც, არა მარტო საჯარო და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს, კერძო სამსახურების თანამშრომლებსაც კი აკრძალული აქვთ ჩვენს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, გამოლაპარაკებაც კი.”
ცხადია, როცა ასეთი სიმწვავის ინფორმაციას მოიძიებ, პრობლემები გექნება ისეთ რაიონში, როგორიც არის დუშეთი, სადაც არასოდეს არავის უწარმოებია ჟურნალისტური გამოძიება...

რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა ზურაბ ოტიაშვილს კომენტარის მისაღებად, თუმცა მის თანაშემწეს მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ირმა ჯანგირაშვილსა და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარეს ცარო საძაგლიშვილს შეხვდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაანალიტიკოსი ლიკა ბასილაია-შავგულიძე და წარმომადგენლები კოალიციისა „მედიაადვოკატირებისთვის“. ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადებით, შეხვედრაზე უარყვეს სიცოცხლის ხელყოფის მუქარა ჟურნალისტების მიმართ, თუმცა ითქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და საინფორმაციო ცენტრს შორის საინფორმაციო დონეზე პრობლემები არის:

”ცხადია, როცა ასეთი სიმწვავის ინფორმაციას მოიძიებ, პრობლემები გექნება ისეთ რაიონში, როგორიც არის დუშეთი, სადაც არასოდეს არავის უწარმოებია ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ ჩვენი გზავნილი მათდამი იყო ის, რომ ძველი წესებით თამაში აღარ შეიძლება არსებულ რეალობაში.”

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლად აფასებს ზემოთ ჩამოთვლილ მუქარის ფაქტებს, გმობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ტენდენციას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG