Accessibility links

logo-print

ჟურნალისტებზე ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა შიდა ქართლში


ტელეკომპანია ”თრიალეთის” შენობა

ტელეკომპანია ”თრიალეთის” შენობა

შიდა ქართლში ჟურნალისტების შეურაცხყოფა გრძელდება. ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადამღებ ჯგუფს დაბა სურამში დაუდგენელმა პირებმა ქვები ესროლეს. ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის რაიონში მდინარე სურამულას ადიდებასთან დაკავშირებით რეპორტაჟის მოსამზადებლად იყვნენ ჩასულები.

მოულოდნელად ჟურნალისტ მალხაზ მიქელაძესთან ვერცხლისფერი მერსედესის მარკის ჯიპი (ნომრით WKW 737) გაჩერდა, მანქანაში მსხდომმა ადამიანებმა კი ჟურნალისტებს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, გადაღების შეწყვეტა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

გადამღებ ჯგუფთან ხუთამდე ადამიანი შეიკრიბა. ყველა სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული. „თრიალეთის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი აგრესიულად იქცეოდნენ, ითხოვდნენ გადაღების შეწყვეტას, იგინებოდნენ და ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ. მოგვიანებით მათ შორიდან ქვების სროლა დაიწყეს. საბოლოოდ, იმავე ჯიპში ჩასხდნენ და ტერიტორია დატოვეს.

„თრიალეთის” ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი პიროვნების ამოცნობა შეძლეს და ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შალვა ხაჩიძეა. მიქელაძის თქმით, ქვების სროლის დროს იძულებული გახდნენ ტერიტორია დაეტოვებინათ.

„თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გოჩა დავითაშვილი აცხადებს, რომ ხაშურის რაიონში ეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტის შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ არის, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მუდმივად აკვირდებიან და აკონტროლებენ ჟურნალისტების მოძრაობას. „თრიალეთი“ ამ ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს და პროკურატურას მიმართავს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ჟურნალისტებზე ზეწოლის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს. იურისტები მედიის წარმომადგენლებს სამართლებრივად იცავენ. ბებიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პროკურატურას ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის 5 შემთხვევაზე მიმართეს, მაგრამ არც ერთი საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის.

შიდა ქართლში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ სოფელ დიცში საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასეთი ქმედებებისთვის დღემდე არავინ დასჯილა. დაუსჯელობის განცდა უკვე ხელისუფლებასთან დაახლოებულ რიგით მოქალაქეებს უბიძგებს, რომ მედიის წარმომადგენლებს საქმიანობაში ხელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუშალონ. სისხლის სამართლის ნიშნების მქონე საქმეები კი ჯერჯერობით პროკურატურის თაროებზე იმტვერება.
XS
SM
MD
LG