Accessibility links

logo-print
”სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე” - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების რიგით მეორე კოლექტიურ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება პოლიტიკურ მოსაზრებებს და მის მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება შეურაცხმყოფელია. განათლების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები საერთაშორისო და უფლებადამცავ ორგანიზაციებს სთხოვენ ყურადღება მიაქციონ მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების ფაქტებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გადაყენების მეორე დღეს, 29 მაისს, დაწერა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათმა ნაწილმა გადაწყვეტილება შეცვალა. გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხო ენების ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ივა მინდაძე არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ეს ნებაყოფლობით არ მომხდარა:

ჩვენ, ვინც ტესტს ვქმნიდით, ვინც ვასწორებდით, ვინც გამოცდებს ვატარებდით. თუ ვინმე მოსახსნელი იყო ამ ცენტრში საქმის გამო, პირველ რიგში, ჩვენ ვართ მოსახსნელები ...
”რიცხვებს ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ არ ვიცი, უბრალოდ. ვერ გეტყვით რამდენი დაბრუნდა, მაგრამ მგონია, რომ ზეწოლის ფაქტებიც იყო ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ანუ იყო გარკვეული სახის ზეწოლა, დაშინება, რამაც ადამიანებს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება ყველა ჩვენი თანამშრომლის, არის ჩვენთვის სრულებით მისაღები და გასაგები და ჩვენ ვართ და ყოველთვის ვიქნებით თანამშრომლები, კოლეგები და მეგობრები.”

ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია კი, თავის მხრივ, ამბობს, რომ კონკრეტულად მისი დაშინება არავის უცდია:

”ორჯერ შევხვდი მე მინისტრს, ერთხელ მინისტრის პირველ მოადგილეს და ძალიან თავაზიანად შემომთავაზეს დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთმა მე მიზეზი ვერ მითხრა, რატომ მოხსნეს დირექტორი, ვერ განმიმარტეს, როგორ შეიძლება ის წავიდეს და მე დავრჩე, თუ საქმეს ცუდად ვაკეთებდით. ამ საქმეს ვაკეთებდით, პირველ რიგში, ჩვენ, ვინც ტესტს ვქმნიდით, ვინც ვასწორებდით, ვინც გამოცდებს ვატარებდით. თუ ვინმე მოსახსნელი იყო ამ ცენტრში საქმის გამო, პირველ რიგში, ჩვენ ვართ მოსახსნელები.”

კახა ჯამბურია პასუხისმგებლობის დირექტორისთვის გადაბარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამით ხსნის სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მართებულობასაც. თუმცა ამის მიღმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ერთობლივი განცხადების იმ ნაწილში, რომელიც დაშინებასა და ზეწოლას შეეხება, საგანგებოდაა ხაზგასმული, რომ ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა და სწორედ ამის აღსაკვეთადაა აუცილებელი უფლებადამცავი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

იმ პირებს, ვის მიმართაც მიმდინარეობს ზეწოლა და მუქარა, ეშინიათ, იმიტომ რომ ზეწოლა და მუქარა იცით, ალბათ, როგორი ფორმებითაც მიმდინარეობს. ეს არის მათი ოჯახის წევრებზე, დაზე, ძმაზე, შვილზე მუქარა ...

უფლებადამცავი ორგანიზაციებიდან გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე მოვლენებს ერთ-ერთი პირველი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოეხმაურა. ორგანიზაცია ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ფიქრობს, რომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკურადაა მოტივირებული. რაც შეეხება ცენტრის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს, საია ფლობს იმის დამადასტურებელ მასალებს, რომ დაშინება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ხორციელდებოდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ნებისმიერ თანამშრომელს გაუწიოს იურიდიული დახმარება, საადვოკატო მომსახურების ჩათვლით, თუმცა ამ ეტაპზე მას ამის შესაძლებლობა არ ეძლევა. თუ რატომ, ამას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე განგვიმარტავს:

”იმ პირებს, ვის მიმართაც მიმდინარეობს ზეწოლა და მუქარა, ეშინიათ, იმიტომ რომ ზეწოლა და მუქარა იცით, ალბათ, როგორი ფორმებითაც მიმდინარეობს. ეს არის მათი ოჯახის წევრებზე, დაზე, ძმაზე, შვილზე მუქარა და მათ თავიანთი კონკრეტული გვარების და სახელების გაცხადებისაც კი ეშინიათ. თუ მოითხოვენ კონკრეტულად, თუ დაგვრთავენ ნებას, რომ გავასაჯაროოთ ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებთ, მივმართავთ კონკრეტულად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და მოვითხოვთ კონკრეტულ ქმედებებს.”

ჯერჯერობით კი პოლიტიკური მოტივით ადამიანთა სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არაპირდაპირ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე გამოეხმაურა.

”დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება, მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულების გამო. ეს არის ცალსახა და შემთხვევები, სადაც ასეთი ნიშნები შეიძლება იკვეთებოდეს, უნდა გახდეს შესწავლის საგანი”, განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ 31 მაისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათშორისი კომისიის ”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის“ სახელით. მანვე დასძინა, რომ გასათვალისწინებელია რამდენიმე სფეროში მიმდინარე ლეგიტიმური ოპტიმიზაციის პროცესიც, რის გამოც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა რთული იყოს იმის იდენტიფიცირება, თუ რა ნიშნით მოხდა კონკრეტული ადამიანის შემცირება. ეკა ზღულაძისვე თანახმად, ვინაიდან ხელმძღვანელი პირი სამუშაოსთან დაკავშირებულ პრინციპულ შეუთავსებლობაზე აკეთებს აქცენტს, მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი არ განეკუთვნება იმგვარი საქმეების რიგს, რომელზეც იგი საუბრობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა კი ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების უკვე დასახელებულ, მათ შორის, პოლიტიკურ მოტივებს 1 ივნისის განცხადებით კიდევ ერთი დაუმატეს, კერძოდ, რომ განათლების სამინისტრო საგამოცდო ქულებით მანიპულირებას გეგმავდა. საქმე ეხება სამინისტროს მიერ ცენტრისათვის მიწოდებული ცვლილებების პროექტს, რომელიც კომისიას აპელაციების შედეგების გადახედვის უფლებას აძლევს ნაშრომებზე აპელანტის სახელისა და გვარის ღიად მითითებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG