Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიას ოჯახი აჟიოტაჟის შეწყვეტას ითხოვს


ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების პრესკონფერენცია
ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების პრესკონფერენცია
გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახი, მისი საქმის ძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აჟიოტაჟისა და ყველანაირი სპეკულაციების შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, დედამ და ძმამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. პრესკონფერენცია ოჯახმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემული ინტერვიუს საპასუხოდ მოიწვია. რაზე ისაუბრა ყოფილმა პრეზიდენტმა და რატომ აღარ აპირებს ზურაბ ჟვანიას ოჯახი გამოძიების დასრულებამდე განცხადებების გაკეთებას?

„ოჯახი თავს შეგნებულად იკავებდა კომენტარებისგან მას შემდეგ, რაც ინტერნეტით ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზის ამსახველი კადრები გავრცელდა“, - თქვა პრესკონფერენციის დასაწყისში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ გოგლა ჟვანიამ, ვინაიდან, მისი სიტყვებით, გამოძიება შესულია საქმის ძიების ძალიან მნიშვნელოვან, დასკვნით ფაზაში და, შესაბამისად, ნებისმიერი კომენტარი გამოძიებისთვის შეიძლება საზიანო იყოს, თუმცა 25 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ ოჯახი აიძულა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო: „გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა მორიგი უზნეო განცხადება, რომელსაც ნამდვილად ვერ დავტოვებდით უპასუხოდ“.

ზურაბ ჟვანიას მეუღლის ნინო ქადაგიძის განცხადებით, ხელოვნურად გამოწვეული აჟიოტაჟით ერთი, რომ გამოძიებას ეშლება ხელი, მეორე, ხდება ყურადღების გადატანა სკანდალებზე, რითაც ხდება საკითხის პოლიტიზაცია:
ნინო ქადაგიძე
ნინო ქადაგიძე
„რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანის შინაარსი იყო ერთი და იგივე. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით გამოძიებაზე. მე შემიძლია შევაჯამო ეს შეხვედრები მიშას სიტყვებით: მიშამ მითხრა, მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ. ეს არის მისი სიტყვები. რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როცა მე თანხაზე მქონდა ლაპარაკი, იყო მხოლოდ იმ კონტექსტში, როცა მე ვცდილობდი, რომ სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა. ერთ-ერთი ვერსია ჩემი იყო, რომ იქნებ, რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები და გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც. შეიძლება ეს მკვლელობა მოხდა იმის გამოც, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაცა მოიპარა. შეიძლება თანხაც ყოფილიყო. მე ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც იყო სეიფში, იყო დაკარგული. ეს იყო სულ, თანხაზე რაც იყო ლაპარაკი“.

ნინო ქადაგიძის თქმით, ოჯახი ყოველთვის იყო დამოუკიდებელი ექსპერტიზის მომხრე, თუმცა ამის საშუალებას ქართული მხარე არ იძლეოდა. ამასთან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ოჯახი ექსჰუმაციის მომხრეც არის. ნინო ქადაგიძის სიტყვებით, ასევე არსებობს სერიოზული კითხვები გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გამოგზავნილ დასკვნებთან დაკავშირებით:

„უბრალოდ, არის ძალინ სერიოზული ეჭვი იმისა, რომ იმ მასალების გადაგზავნისას, რომელიც მიდიოდა ფედერალურ ბიუროში და იქიდანაც დასკვნების ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია ხდებოდა. ამის ეჭვი არსებობს“.
როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა ბელადებმა არ იცოდნენ, იმიტომ რომ ეს დაზიანებები იყო დაფიქსირებული იმ ვიდეოკასეტაზე, რომელიც, როგორც ჩანს, ყურადღებით არ გააანალიზეს და რომელიც ინახებოდა სეიფში. ამიტომაც არიან შეშფოთებულები...
გოგლა ჟვანია

გოგლა ჟვანიას განმარტებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ექსპერტიზის ამსახველი ფოტოების გამოჩენა ინტერნეტში „მოულოდნელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადებისთვის“:

„მთავარია, რატომ არის ეს აჟიოტაჟი და რატომ არის შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გამოძიებაში ძალიან ბევრი ახალი მტკიცებულება არსებობს და ის მასალა, რომელიც არსებობს გამოძიებაში და რომელმაც გაჟონა, იყო სრულიად მოულოდნელი ბევრისთვის, იმიტომ რომ იქ არის დაფიქსირებული ისეთი დაზიანებები და ის კადრები, რომლის არსებობა, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა ბელადებმა არ იცოდნენ, იმიტომ რომ ეს დაზიანებები იყო დაფიქსირებული იმ ვიდეოკასეტაზე, რომელიც, როგორც ჩანს, ყურადღებით არ გააანალიზეს და რომელიც ინახებოდა სეიფში. ამიტომაც არიან შეშფოთებულები, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ ხსნის ეს კადრები იმ სულელურ ვერსიებს, რომლებზეც ისინი საუბრობენ“.

ზურაბ ჟვანიას დედის, რემა ჟვანიას თქმით, გამოძიების დასრულებამდე უნდა შეწყდეს აჟიოტაჟი ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან ეს ოჯახს და ზურაბ ჟვანიას შვილებს წლების განმავლობაში აყენებს ტკივილს:

„ახლა გამოძიება მიმდინარეობს და ნუ შეუშლით ხელს. როცა იქნება დასკვნა, თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და პიროვნებას ექნება ეჭვი, რომ არ არის გამოძიებული ობიექტურად, აქვს საშუალება იჩივლოს სტრასბურგის სასამართლოში. გთხოვთ, ნუღარ აგრძელებთ კამპანიას, ეს არის საშინელი ტრავმა ზურას შვილებისთვის".

ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების ეს გამოხმაურება მოჰყვა 25 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ გასულ ინტერვიუს ყოფილ პრეზიდენტთან. მიხეილ სააკაშვილმა ნინო ქადაგიძესთან საუბრის ერთი ეპიზოდი გაიხსენა და ჟვანიას ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზები ახსნა:
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
„როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის, თუ... არა, არა მგონიაო, თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო. მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია, ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრაო, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო. ალბათ, იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი, ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ, ხომ, ჩვენ... ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-მეთქი. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს, ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანიას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად, იმიტომ რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას მასთან ოფისში. ისე, როგორც ყველა ოლიგარქს, უნდოდა ამ თემის აგორება. ახალმაც, ივანიშვილმაც, იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე, რა თქმა უნდა, ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ იგი მართლა შეურაცხყოფილი იყო.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG