Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟვანიას საქმეში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გამართლდა


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამო სამსახურებრივ გულგრილობაში იყო ბრალდებული. მოსამართლე დავით მგელიაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარემ - მათ შორის, „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეომასალამ - ლევან ჩაჩუას ბრალეულობა ვერ დაადასტურა. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მართალი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მისივე სიტყვებით, ის არ აპირებს სამართლებრივი დავის გაგრძელებას მისთვის ჯერ პატიმრობის, ხოლო მოგვიანებით, პატიმრობის სანაცვლოდ, ათი ათასი ლარის გირაოს შეფარდების თაობაზე:

„მე ველოდი, ვიცოდი, რომ მართალი ვიყავი... ხდება, ყველგან ხდება შეცდომა. ადამიანები არინ ყველგან და ყველგან ხდება შეცდომა. არ არის ეს ქვეყნის დაქცევა. სამწუხაროდ, ასე მოხდა. რომ ვუჩივლო, მერე რა ვიცი და რას უნდა ვუჩივლო“.

საქმის მასალების გათვალისწინებით, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის იმედი ჰქონდა ლევან ჩაჩუას ადვოკატს, ზურაბ ტაბიძეს:

„სხვა გზა და გამოსავალი არ ჰქონდა მოსამართლეს, უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, იმიტომ რომ თითქმის არც ერთი მტკიცებულება და ის, რაც მე ერთი წლის წინ ლევანს ვუთხარი, რომ აქედან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შანსი არ არსებობს- მეთქი, ყველაფერი ეს გაიმეორა მოსამართლემთავის განმარტებაში. მე მიმაჩნია, რომ სამართლიანობამ, მართლაც, იზეიმა“.

ლევან ჩაჩუა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს. ლევან ჩაჩუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო, გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა...

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს ლევან ჩაჩუას ბრალდების მხარე ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების საქმეზე სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა.

"კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები, მაშინ როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით", - მიიჩნევდა პროკურატურა.

ამასთან, გასული წლის19 მარტს ინტერნეტითგავრცელდა ვიდეო, რომელიც შედგენილია ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტომასალებით. ფოტოებზე გარდაცვლილებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კი მხედველობაში არ მიიღო „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებული ვიდეომასალა:

„ლევან ჩაჩუა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს. ლევან ჩაჩუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო, გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ვიდეომასალასთან დაკავშირებით სასამართლო აქვე იტყვის, რომ იგი „ჰაკიმ ფაშას“ ვიდეოს საერთოდ არ შეაფასებს და არ გაიზიარებს, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, ვინ არის „ჰაკიმ ფაშა“, რას წარმოადგენს, რა ვითარებაში მოიპოვა მტკიცებულება, როგორ, სად ინახავდა და როდის და საიდან ატვირთა იგი ინტერნეტსივრცეში“.

სამწუხაროა, რომ მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ის ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომელიც შეამოწმებდა ობიექტურად იმ მტკიცებულებებს, რაც ჩვენ წარვუდგინეთ სასამართლოში და დარწმუნდებოდა ჩაჩუას ბრალეულობაში...
რევაზ ნოდია

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გამამართლებელ განაჩენს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურორ რევაზ ნადოისთვის გაუგებარია, რატომ გაუსვა მოსამართლემ ხაზი „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს ერთ-ერთ მტკიცებულებად არც გამოუყენებია და საქმეში არსებულ ძირითად ვიდეომასალას დაეყრდნო. „მოსამართლემ არ გაითვალისწინა და არ გაიზიარა დაზარალებულების, მოწმეებისა და ნეიროქირურგების ჩვენებები, საექსპერტო კვლევები და ამავე საქმეზე მეტი გამოცდილებისა და მეტი კვალიფიკაციის მოსამართლეთა მოსაზრებები", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.

„სამწუხაროა, რომ მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ის ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომელიც შეამოწმებდა ობიექტურად იმ მტკიცებულებებს, რაც ჩვენ წარვუდგინეთ სასამართლოში და დარწმუნდებოდა ჩაჩუას ბრალეულობაში. მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ მგელიაშვილმა არ გაიზიარა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მამხილებელ ჩვენებებს იძლეოდნენ. ჩვენ გვქონდა ძირითადი ვიდეომასალა და ამ ვიდეომასალას დავეყრდენით, რა შუაში იყო ხაზგასმა „ჰაკიმ ფაშასთან“ დაკავშირებით?! ბუნებაში არ არსებობს ის მოტივაცია, რომელიც გაამართლებს მგელიაშვილის დღევანდელ უკანონო გადაწყვეტილებას. მე მიმაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უკანონო იქნება და ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ“.

მედიასთან საუბარში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის უფლებამონაცვლე გოგლა ჟვანია, რომელიც, მისი თქმით, ლევან ჩაჩუას საქმეში კარგად არ იყო ჩახედული, ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ გაიზიარა მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ვიდეომასალა, რომელიც ექსპერტიზის პროცედურას აღწერს და რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორი იღებდა. ამ საკითხის თაობაზე გოგლა ჟვანია პროკურატურას მიმართავს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG