Accessibility links

logo-print
ამ ცოტა ხნის წინათ გამომცემლობა "დიოგენეში“ ირანელი მწერალი ქალის ზოია ფირზადის ახალგამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც თავი ლიტერატურის მოყვარულმა უამრავმა ადამიანმა მოიყარა. პრეზენტაციაზე მოხერხდა მწერლის პირდაპირი ჩართვა ინტერნეტის მეშვეობით. ფირზადმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და იმედი გამოთქვა, რომ მისი წიგნი საქართველოშიც პოპულარული გახდება.

ეს იმედი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წიგნზე ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ჩინებულმა მთარგმნელებმა მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ იმუშავეს.
რამდენად შეიძლება თანაარსებობდეს სხვადასხვა კონფესია ერთ ქვეყანაში და ამ პირობებში - წარმოსახვითი თუ გარეგნული თავისუფლებისა და მეგობრული თანაცხოვრების პირობებში - აქვთ თუ არა მაინც გარკვეული პრობლემები. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა, რომელიც შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც ძალიან დელიკატურად აქვს გახსნილი ზოია ფირზადს...

ფირზადის კრებული ამ მთარგმნელების მესამე ერთობლივი ნამუშევარია. ბურჯანაძემ და შურღაიამ რამდენიმე წლის წინათ გამოსცეს გოლი თარაყის მოთხრობების კრებული, ამას მოჰყვა ირანელ მწერალთა მოთხრობები - "თოთხმეტი სევდიანი ამბავი“ და აი, ახლა ზოია ფირზადის რომანი და რამდენიმე მოთხრობაც ერთი წიგნად , რომელსაც, რომანის კვალად, "შევეგუებით“ ეწოდება.

თუნდაც გოლი თარაყისა და ზოია ფირზადის წიგნებით რომ შევაფასოთ, შეიძლება ვთქვათ, რომ დღევანდელ ირანში ქალთა მწერლობა მეტად დინამიკურად და საინტერესოდ ვითარდება. ირანელი მწერალი ქალები არ ერიდებიან არცერთ საკითხს და თამამად, თითქმის შეუნიღბავად წერენ ყველა იმ პრობლემასა და გამოწვევაზე, რაც მათთვის და მათი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვნად ეჩვენებათ.

ირანისტი თეა შურღაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ საკითხზე ამბობს:

"თანამედროვე ირანში საკმაოდ ძლიერი ლიტერატურა შექმნეს ქალებმა და არაერთი საინტერესო სახელი გამოჩნდა ბოლო წლებში. მათ შორის არის ზოია ფირზადი, რომელიც თავის დროზე, როდესაც წავიკითხე, საინტერესო ავტორად მომეჩვენა და შემდეგ უკვე შევუდექით თარგმანებს მზია ბურჯანაძე და მე“.

ზოია ფირზადის მოთხრობები და რომანები სხვა ყველაფერთან ერთად სპეციფიკურად ერთ კონკრეტულ საკითხს - ირანში სომხური დიასპორის ცხოვრებას ასახავს. საქმე ისაა, რომ მწერალი ქალი დედით სომეხი, მამით კი ირანელია და ამიტომ გარემოსა და პრობლემებს, რომელზედაც წერს, ზედმიწევნით კარგად იცნობს.

მთარგმნელმა მზია ბურჯანაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

„მართალი გითხრათ, ის სამი ერთმანეთზე გადაბმული მოთხრობა, რომელიც მე ვთარგმნე და რომელსაც ჰქვია ,,აღდგომამდე ერთი დღე რჩება“, ჩემთვის სწორედ ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, თუ როგორ აღიქვამს მწერალი სომხური დიასპორის ცხოვრებას ირანში. ჩემთვის ეს იყო სრულიად მოულოდნელი, რაც იქ წავიკითხე, რაც იქ შემხვდა, იმიტომ რომ მართლაც, არ შემხვედრია აქამდე ერცერთი ირანელი მწერალი, რომელსაც ეს ფაქიზი და რთული თემა ანუ კონფესიების ურთიერთობა ექნებოდა განხილული. მოგეხსენებათ, ირანი არის ისლამური ქვეყანა მაინც და ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ასე თავისუფლად ლაპარაკი იმაზე, როგორ ცხოვრობენ იქ სხვა კონფესიების წარმომადგენლები. მართალი გითხრათ, სრული მოულოდნელობაა და მე მგონი, საინტერესო იქნება მკითხველისთვისაც, იმიტომ რომ საქართველოშიც სომხური დიასპორა ძალიან დიდია, ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე და პრაქტიკულად მათ სამშობლოდაც იქცა საქართველო. ზუსტად ასევე აღმოჩნდა ირანშიც.“
ზოია ფირზადთან ვერ შეხვდებით პერსონაჟის რაიმენაირ დახასიათებას. მასთან არის ერთი დეტალი, ერთი მოკლე წინადადება, რომელიც მთლიანად ხსნის პერსონაჟის ბუნებას, მის ხასიათს და იმდენად მეტყველია ხოლმე ეს ერთი დეტალი, რომ ფაქტობრივად ძალიან ვრცელ, რამდენიმე ასეული გვერდის მსჯელობას და განმარტებას იტევს...

ოღონდ თავისთავად საგულისხმოა ის გარემოება, რომ სომხური დიასპორის ყოფა დღემდე ქართული მწერლობის თემად არასოდეს ქცეულა, ის რამდენიმე პერსონაჟიც, რომელიც აქა-იქ გაიელვებს ხოლმე ქართულ მწერლობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ გარკვეულ კლიშეებს ასახავს და საკითხის არსს სიღრმისეულად არ გადმოსცემს.

მით უმეტეს, არ შექმნილა ამ თემის ამსახველი რაიმე სერიოზული ტექსტი.

მზია ბურჯანაძის თქმით, „ზოია ფირზადი, რამდენადაც ნახევრად, ანუ დედით, გახლავთ სომეხი, მან ძალიან კარგად იცის ეს პრობლემები და ძალიან საინტერესო იყო იმის დანახვა, რომ სომხურ დიასპორას აბსოლუტურად არათუ არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება მუსლიმ საზოგადოებაში, არამედ პირიქით, შეიძლება ითქვას, ისინი ცხოვრობენ იქ იმდენად თავისუფლად, რომ საკუთარ თავს მიიჩნევენ სომხეთში მცხოვრებ სომხებად. აი, ეს არის რაღაც უცნაური პარადოქსი, რომელიც სწორად დაინახა მწერალმა და ამის ჩვენება უნდოდა. ანუ რამდენად შეიძლება თანაარსებობდეს სხვადასხვა კონფესია ერთ ქვეყანაში და ამ პირობებში - წარმოსახვითი თუ გარეგნული თავისუფლებისა და მეგობრული თანაცხოვრების პირობებში - აქვთ თუ არა მაინც გარკვეული პრობლემები. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა, რომელიც შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც ძალიან დელიკატურად აქვს გახსნილი ზოია ფირზადს, რომელსაც ჰქონდა ამაზე ლაპარაკის უფლება, რადგან თვითონაც გარკვეულწილად წარმომადგენელია ამ დიასპორისა“.

აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემები, რაც ზოია ფირზადის ტექსტებში დაისმის, არასოდეს არის დეკლარაციული, მწერალი არაფერს გვვაწვდის მტკიცებითი ფორმით. პირიქით, ის განსჯისათვის გვიწვევს და ყოველთვის უტოვებს ადგილს მკითხველის წარმოსახვას, რომელიც ამ ტექსტებში ერთგვარი მამოძრავებლის ფუნქციითაც გამოდის. მწერლის მანერა დაწურულია და თითქმის მთლიანად განძარცული ხატოვანებისაგან. ის დეპეშური სტილით გადმოგვცემს სათქმელს, მხატვრულობა კი სწორედ ამ დაწურულ ფრაზებშია კონდენსირებული.

წიგნში შესული მწერლის რომანის თარგმანი ქართულად თეა შურღაიამ შეასრულა. მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა:

„თავისთავად, ეს რომანი, ზოია ფირზადის მეორე რომანი, ენობრივად გამორჩეულია. და სათარგმნელად ძალიან რთულია, იმიტომ რომ სამი სხვადასხვა თაობის მეტყველება გვხვდება რომანში. ჩემთვის, როგორც მთარგმნელისათვის, ერთ-ერთი საინტერესო ამოცანა სწორედ ის იყო, რომ ეს ენობრივი მრავალფეროვნება დამეძლია. შევძელი თუ არა ეს, მკითხველმა განსაჯოს.“

მკითხველის პოზიციიდან კი შეიძლება ითქვას, რომ ზოია ფირზადის ეს ბრწყინვალე კრებული ქართულად ძალდაუტანებლად იკითხება და ეს მხოლოდ იმის დამსახურება არ არის, რომ პრობლემატიკა, რაზეც მწერალი გვესაუბრება, მზია ბურჯანაძე, თეა შურღაია

მზია ბურჯანაძე, თეა შურღაია

საქართველოსთვისაც ასე თუ ისე ახლობელი და ნაცნობია. ამაში ლომის წილი სწორედ მთარგმნელებს უდევთ, რომელთაც მოახერხეს ზოია ფირზადის სტილური მანერა ჩვენამდე უდანაკარგოდ მოეტანათ და შეექმნათ მისი მრავალფეროვანი და რთული მწერლური სამყაროს ქართული ადეკვატი.

თეა შურღაიას განმარტებით, „საერთოდ, ზოია ფირზადი მიიჩნევს, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი ლიტერატურა, ანუ ელიტარული და ვთქვათ, უფრო მასებზე გათვლილი ლიტერატურა. მისი აზრით, ნებისმიერი ლიტერატურა, რომელიც მკითხველს იზიდავს, გარკვეულ პატივისცემას იმსახურებს. მთავარი ზოია ფირზადისთვის არის ის, რომ ნაწარმოები, ლიტერატურული ტექსტი (როგორც ახლა იტყვიან) არ იყოს მოსაწყენი. შემიძლია ვთქვა, რომ არც ეს რომანი და არც ფირზადის რომელიმე ნაწარმოები მოსაწყენი არ არის.“

ეს უპირველესად, ცხადია ფირზადის მწერლური სტილის დამსახურებაა, რომელიც საერთო ფონიდან სრულიად გამორჩეულია, რამდენიმე თვალსაზრისით. ამის შესახებ თეა შურღაია ამბობს:

„ერთი მხრივ, თითქოს ყოველდღიურობაზე წერს ძალიან მარტივად. განსაკუთრებული თითქოს იქ არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად ეს არის კარგი ფსიქოლოგი ავტორის მიერ დაწერილი. ზოია ფირზადს არა აქვს სხვა ირანელი ავტორებივით გადატვირთული ლიტერატურული მხატვრული ხერხებით თავისი ნაწარმოებები, იქ არის სადა, ერთგვარად მშრალი სტილი, დიალოგების სიჭარბით, მაგრამ ძალიან ღრმა ქვეტექსტით. ზოია ფირზადთან ვერ შეხვდებით პერსონაჟის რაიმენაირ დახასიათებას. მასთან არის ერთი დეტალი, ერთი მოკლე წინადადება, რომელიც მთლიანად ხსნის პერსონაჟის ბუნებას, მის ხასიათს და იმდენად მეტყველია ხოლმე ეს ერთი დეტალი, რომ ფაქტობრივად ძალიან ვრცელ, რამდენიმე ასეული გვერდის მსჯელობას და განმარტებას იტევს.“

სასიხარულოა, რომ მზია ბურჯანაძისა და თეა შურღაიას წყალობით, დღეიდან ქართველ მკითხველს ზოია ფირზადის ნაწარმოებების გაცნობის საშუალება ძალზე მაღალმხატვრული და ყოველმხრივ ადეკვატური თარგმანით მიეცემა.
XS
SM
MD
LG