Accessibility links

logo-print

„ენის ხელოვნება“ - ზუგდიდელი ახალგაზრდების პროექტი ბარბარიზმების წინააღმდეგ


ზუგდიდელი ახალგაზრდების პროექტის წარდგენა

ზუგდიდელი ახალგაზრდების პროექტის წარდგენა

ქართული ენის პოპულარიზაციის, ენიდან ბარბარიზმებისა და სლენგების ამოღების მიზნით ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა ახალი პროექტი, „ენის ხელოვნება“, წამოიწყეს. მასში სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეები ჩაერთვებიან, რომლებიც დავალებებს შეასრულებენ ფლეშმობების, სიტყვებით თამაშის, პრეზენტაციებისა თუ სხვადასხვა აქტივობების სახით. პროექტის ორგანიზატორები არიან ახალგაზრდული ორგანიზაცია „ოქროს ხელები“ და „კომუნა“.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, დიმიტრი ძიმცეიშვილის, თქმით, ქართული მდიდარი ენაა და მას არ სჭირდება დამახინჯება ბარბარიზმებით. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია ენის გაფრთხილება და მასზე ზრუნვა.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები გეგმავენ სატელევიზიო გადაცემების მომზადებას შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. ორგანიზატორების განმარტებით, დავალებების შესრულებისას ყურადღება გამახვილდება მეტყველებაზე, გრამატიკაზე, სწორ, გამართულ საუბარზე.

„სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან და მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა დავალებებში. ეს დაეხმარება მათ გამოავლინონ სუსტი და ძლიერი მხარეები. თითოეული დავალების მიზანი იქნება ქართული ენის პოპულარიზაცია და თანატოლებისთვის იმის ჩვენება, რომ ცოდნა და სწავლა აუცილებლად გამოადგებათ მომავალში“, - აღნიშნა დიმიტრი ძიმცეიშვილმა.

ახალგაზრდების ინიციატივა სპონსორების დახმარებით ხორციელდება, მათ შორის ძირითადად მათ მიერვე მოძიებული კომპანიები არიან.

ორგანიზაცია „კომუნის“ თავმჯდომარის, დათა აქუბარდიას, განცხადებით, გასაუბრების წესით უკვე შერჩეულია პროექტის ექვსი მონაწილე. ისინი სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დავალებებს შეასრულებენ, მიღებულ შედეგებს კი სპეციალური ჟიური შეაფასებს:

„პროექტი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ყოველკვირა თითო მონაწილე დატოვებს პროექტს. ჟიურის წევრები ქულების მიხედვით შეაფასებენ მონაწილეებს“.

საგანმანათლებლო პროექტში ჩართული მოსწავლეების განმარტებით, კონკურსში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია საკუთარი თავის გამოცდაა.

„მოვედი გასაუბრებაზე და აღმოვჩნდი ექვსეულში, რაც ძალიან გამიხარდა. ეს პროექტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მივიღებ დიდ გამოცდილებას. ეს პროექტი მომცემს საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების აღმოჩენის საშუალებას“, - ამბობს მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ანასტასია თოდუა.

ახალი პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა და მუშაობაც დაიწყო. ერთი თვის თავზე გამოვლინდებიან გამარჯვებული ახალგაზრდები, რომლებსაც ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობა საჩუქრებით დააჯილდოებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG