Accessibility links

logo-print

დასუფთავების გადასახადის დაწესებამ ზუგდიდელების უკმაყოფილება გამოიწვია


ქალაქ ზუგდიდში, საკრებულოს დადგენილების თანახმად, იანვრიდან დასუფთავების მომსახურებაზე გადასახადი დაწესდა. ზუგდიდელებმა უკვე მიიღეს ნაგვის გადასახადი შუქის ქვითართან ერთად. საკრებულოს მიერ გასული წლის აგვისტოში მიღებული დადგენილების თანახმად, დასუფთავების საფასური ერთ სულზე 50 თეთრით განისაზღვრა და, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 2 ლარს. მოქალაქეები, რომლებსაც ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდათ, დასუფთავების სამსახურისგან ქვითრის მიღებამ დააბნია. გაუჩნდათ კითხვები, მაგალითად, გამოიწვევს თუ არა ნაგვის საფასურის გადაუხდელობა ელექტროენერგიის გათიშვას:

„არ არის სწორი მაგი. ამაზე ერთი ამბავი ატყდა თბილისში. დენი სულ სხვა არის, ნაგავი სულ სხვაა. რატომ უნდა იყოს ერთმანეთთან გადაბმული?“ - ამბობს ზუგდიდის მკვიდრი მიხეილ ძიძიგური.

„რაკი ეს ქვითარიც დენის ქვითარსაა მიბმული, ესე იგი ისიც ჩაიჭრება. ალბათ, უნდა გადაიხადო, რა ვიცი, სხვა რა გამოსავალია. ცალკე რომ ყოფილიყო, უკეთესია“, - მიიჩნევს ბესიკ პაპაშვილი.

„ნაგვის მანქანა რომ მოვა, იქნებ მაშინ სულ არ მექნა ეს ფული. ცალ-ცალკე რომ იყოს, ამას მაშინათვე გადავიხდი, როგორც სინათლეს ვიხდი, ისე“, - გვითხრა ჟუჟუნა აქუბარდიამ.

ზუგდიდელების კითხვებს დეპუტატებმა პასუხი გასცეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც გასულ წელს მიღებული დასუფთავების მოსაკრებლის წესი კიდევ ერთხელ დააზუსტეს. იურიდიული და სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას თქმით, დენის და ნაგვის გადასახადი ერთმანეთთან კავშირში არ არის და ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია:

„პროექტი შეთანხმების საფუძველზეა მომზადებული. მერიამ „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მონაცემებს ოჯახებისა და მათი წევრების ოდენობის შესახებ. ამ კომპანიას ყველა მონაცემი გააჩნია. ეს მოხდა ტექნიკურად იმისთვის, რომ ამის გაკეთება უფრო ადვილი ყოფილიყო და ერთის გადაუხდელობა მეორე მომსახურების შეწყვეტას არ იწვევს“.

მიუხედავად ამ განმარტებისა, დასუფთავების გადასახადის შემოღება მიზანშეუწონლად მიაჩნია საკრებულოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ :

„იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა და იმ ფონზე, როცა კეთილდღეობა მხოლოდ თქვენს ხელფასებს შეეხო და ხალხისთვის არაფერი შეცვლილა, მიზანშეუწონლად მიმაჩნია დამატებითი გადასახადის გაზრდა. ეს ნამდვილად არ შეესაბამება თქვენს წინასაარჩევნო დაპირებას“, - უთხრა საკრებულოს უმრავლესობას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.

მას არ ეთანხმება ქალაქის მერი. ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ზუგდიდში მოქმედი გადასახადი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მიზერულია და არ არის იმდენად დიდი, რომ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვეს:

„აქ ყველაზე დაბალი გადასახადია მთელ საქართველოში. აქ არ არის საუბარი მარტო თბილისზე, სადაც ორი ლარი და ოცდაათი თეთრია გადასახადი. ბათუმშია ლარი და ოცდაათი, ქუთაისში ლარია და ზუგდიდშია მხოლოდ ორმოცდაათი თეთრი“.

ქალაქის მერის მსგავსად, დეპუტატების უმრავლესობას მიაჩნია, რომ დასუფთავების გადასახადი ერთ სულზე 50 თეთრი ზუგდიდელებისთვის არ გახდება დამატებითი პრობლემა. საკრებულოში ამბობენ, რომ თუ მოსახლეობას კითხვები გაუჩნდება სიახლის დანერგვის პარალელურად, შეუძლიათ ისარგებლონ ცხელი ხაზის მომსახურებით და ქვითარზე მითითებულ ნომერზე დარეკონ.

XS
SM
MD
LG