Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კოალიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა


ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების სადავო შედეგების განხილვა გუშინ, 4 ოქტომბერს, შუაღამით დაასრულა. კომისიამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საჩივარი, ბათილად ეცნოთ ზუგდიდის 111–ივე უბანზე მიღებული არჩევნების შედეგები, არ დააკმაყოფილა. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფიფიამ განაცხადა, რომ ოლქის შედეგების ბათილად ცნობის იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ემზარ კაკულიამ კი განაცხადა, რომ იურიდიული საფუძველი წარდგენილია, თუმცა საჩივრები კომისიას არც განუხილავს.

„მე მესმის ამ ხალხის, რადგან ეს ხალხი ანგარიშვალდებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე. მე მესმის ამ ხალხის, რადგან იმყოფებოდნენ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ“, – განაცხადა ემზარ კაკულიამ.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტმა დავით ჯანდიერმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინა, მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის პირადობის ყალბი ასლები.

„ახლა მომაწოდეს ეს მასალა და დეტალებს შემდეგ გაგაცნობთ. ბატონი ახალაია, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ გამარჯვებულად... ბატონო, ეს არის საქართველოს პირადი მოწმობების ყალბი ასლები, რომელსაც ზემოდან აწერია ლაშა დამენია და ზაზა გოროზია. აი, ეს სია და ხმები, რომლებიც აქ გაქვთ და ამბობთ, თითქოს ბატონმა მიიღო, არის ყალბი. გთხოვთ შესაბამის რეაგირებას. ჩემი ქვეყნის პირადობის მოწმობები, აი, ასე არ უნდა იბნეოდეს. ეს არის ჩეპე, ეს არის დიდი ჩეპე“, – განაცხადა საოლქო კომისიის სხდომაზე დავით ჯანდიერმა.

ხმაური მხოლოდ იურისტის მიერ წარდგენილ მასალებს არ გამოუწვევია. საქმის განხილვა პირველი წუთიდანვე დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. კომისიის წევრთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა საოლქო კომისიის სხდომაზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბარამიძის მოულოდნელ გამოჩენას. მან „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის დამკვირვებელი ბართლომე შელია შეცვალა. კომისიის წევრების ნაწილმა განაცხადა, რომ გიორგი ბარამიძეს სხდომაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

გიორგი ბარამიძემ მოგვიანებით ჟურნალისტებს განუმარტა, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის ახალი უმრავლესობა ზეწოლას ახდენს საოლქო კომისიაზე. მან ჩამოსვლის მთავარ მიზეზად სწორედ ეს ფაქტი დაასახელა.

„აქ ეწყობოდა ძალიან დიდი მანიფესტაცია საოლქო კომისიის მიმართ ზეწოლის განსახორციელებლად, ამიტომ ჩვენმა პარტიამ გამომგზავნა მე, როგორც წარმომადგენელი. სახეზე არის ყველანაირი მცდელობა, რომ რამენაირად თავისი გაიტანონ, რამენაირად ხელი შეუშალონ კომისიის მუშაობას“, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის მსგავსად, ზუგდიდის საოქლო საარჩევნო კომისიაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან არსებული ზეწოლის გამო მოვიდა წუხელ სხდომაზე პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, შოთა მალაშხია.

სხდომაზე ასევე ხმაური მოჰყვა კომისიის დამკვირვებლის „ქართული ოცნებიდან“, ხათუნა ხოფერიას გაძევებას. ხათუნა ხოფერიასა და კომისიის თავმჯდომარე ნანა ოკუჯავას შორის მოხდა დაპირისპირება, რაც საკმაოდ ხმაურიან ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. შედეგად, კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტოლება, ხათუნა ხოფერია სხდომიდან გაეძევებინათ.

ვინაიდან ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა უბნების გაბათილების საკითხი, „ქართული ოცნება“ საქმის შეტანას ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში გეგმავს. კოალიციის წარმომადგენლების თქმით, თუ საჭირო გახდა, საქმეს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG