Accessibility links

სამეგრელოს ნაწილში პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა არ გამართულა


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ორგანიზაციების დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც საქართველოს რეგიონებში 29 იანვარს უნდა გამართულიყო, სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაურკვეველი დროით გადაიდო.

დამფუძნებელი ყრილობა წალენჯიხაში ჩაიშალა. „ქართული ოცნების“ წევრმა ბერდია კალანდიამ, რომელიც ყრილობაზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატად იყო წარდგენილი, ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ს განუცხადა, რომ ადგილი ჰქონდა დაგეგმილ პროვოკაციას:

„ხალხი პირდაპირ დარბაზში შემოვარდა. ეს ადამიანები თავს ზვიადისტთა ფრთას უწოდებენ. ასევე, მათ შორის იყო ოთარ ბელქანია, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მან თქვა, ჩვენ ჩვენი კანდიდატურა გვყავსო, თუმცა ვინაობა არ დაუსახელებია. ისეთი ადამიანები შემოვარდნენ დარბაზში, რომლებიც გვერდით ედგნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს იყო პროვოკაცია მათი მხრიდან“.

ბერდია კალანდიას თქმით, პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე დარბაზში შემოსულებს და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, თუმცა უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრმა ოთარ ბელქანიამ ბერდია კალანდიას ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ მას დარბაზში ყოფნის სრული უფლება ჰქონდა, როგორც დამფუძნებელი ყრილობის დელეგატს და „ქართული ოცნების“ წევრს.

„ბერდია კალანდია თუ ამბობს, რომ მე შევიჭერი დარბაზში, მე ვარ დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი, პარტიის წევრი. ის თვითონ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. იგი ამ მოძრაობიდან გამოვიდა დაახლოებით ექვსი თვის წინ. წესდებით, მე ყველანაირი უფლება მაქვს რეკომენდაცია გავუწიო ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ვიცი, რომ კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ‘ქართულ ოცნებას’ “, - განაცხადა ოთარ ბელქანიამ.

ბერდია კალანდიას ცნობით, წალენჯიხაში პარტიის დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარე კვირას აუცილებლად გაიმართება. რესპონდენტის განმარტებით, მას ჰქონდა მოლაპარაკებები პარტიის წევრებთან და იმედოვნებს, რომ ამჯერად სხდომა არ ჩაიშლება.
რომ გაკვირდებით, ნახევარ საქართველოს დააკომპლექტებთ კერძო თუ საჯარო სამსახურების მიმართულებით, მაგრამ სანამ ეს პიროვნება თქვენ გაგიცნობთ, სამი გაზაფხული კი გავა...

უცნობია სხდომის ჩატარების თარიღი ხობში. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თენგიზ აბაკელიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სხდომა აუცილებლად ჩატარდება, თუმცა არ იცის, როდის.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ნუგზარ შუშანიამ და ედიშერ წურწუმიამ რადიო თავისუფლებას ყრილობის გადადების მიზეზები განუმარტეს. მათი ცნობით, ყრილობის გადადების მიზეზი იმ საზოგადოების პროტესტია, ვინც უნდობლობას უცხადებს „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის მომავალ წევრებს. კერძოდ, ნუგზარ შუშანიას თქმით, გადაწყვეტილია, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტდეს.

რაც შეეხება ზუგდიდს, აქ სხდომა დანიშნულ დღეს, 29 იანვარს, ჩატარდა, თუმცა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლაშა გოგიას არჩევას ყრილობის დელეგატთა მცირე ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გონელი პაპავამ განაცხადა, რომ მას ლაშა გოგიას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ, მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუ პარტიას არა ახალი სახე, არამედ მისი ყოფილი თავმჯდომარე ედიშერ თოლორაია უხელმძღვანელებდა, რომელიც ახლა ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელია.

„რომ გაკვირდებით, ნახევარ საქართველოს დააკომპლექტებთ კერძო თუ საჯარო სამსახურების მიმართულებით, მაგრამ სანამ ეს პიროვნება თქვენ გაგიცნობთ, სამი გაზაფხული კი გავა“, - განაცხადა გონელი პაპავამ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2006 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყრიდა კენჭს, იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მაგრამ 2007 წელს თანამდებობა დატოვა. გოგიას თქმით, მას შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონია.
XS
SM
MD
LG