Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორსა და ზუგდიდში აგროვებენ ხელმოწერებს ქალაქებისთვის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით


გორში, ზუგდიდის და გორის საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.
გორში, ზუგდიდის და გორის საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.
გორსა და ზუგდიდში ამ ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე ხელმოწერები გროვდება. გორში ზუგდიდისა და გორის საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბორჯომის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ხელმოწერების შეგროვების საინიციატივო ჯგუფებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და კოორდინირებული მოქმედებები დაგეგმეს. გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე აცხადებს, რომ აუცილებელია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული თვითმმართველობის რეფორმის პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი თვითმმართველობის კონცეფციით უკვე განსაზღვრულია საქართველოში თვითმმართველ ქალაქთა რაოდენობის გაზრდა, საინიციატივო ჯგუფები მაინც აქტიურად მუშაობენ და ხელმოწერებს აგროვებენ. მათი აზრით, ეს პროცესი საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. ზუგდიდის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მერაბ ქვარაია ამბობს, რომ ზუგდიდელების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭებას. მისი აზრით, რეალური დეცენტრალიზაცია ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს.

ქალაქებისთვის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, გორში უკვე1500, ზუგდიდში კი 3000 ხელმოწერა შეგროვდა. მალე ანალოგიური აქცია ბორჯომშიც დაიწყება. საინიციატივო ჯგუფები ამ ხელმოწერებს მთავრობასა და პარლამენტში შეიტანენ. გორის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი შალვა ტლაშაძე აცხადებს, რომ დეცენტრალიზაციის შესახებ ხელისუფლების პოლიტიკური ნება თვითმმართველობის კონცეფციაში უკვე ჩანს, მაგრამ ამას კანონით უნდა განმტკიცება.

საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებმა გორის შეხვედრიდან სხვა ქალაქების სამოქალაქო სექტორსაც მოუწოდეს გააქტიურდნენ. მათი აზრით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ერთ დროს სტატუსჩამორთმეული ქალაქებისთვის ამ სტატუსის აღდგენის თაობაზე. თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი აცხადებს, რომ შეხვედრები მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაგრძელდება.

დღეს საქართველოში თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ 5 ქალაქს აქვს. ახალი კონცეფციის მიხედვით, მუნიციპალური ცენტრებიც ქალაქის სტატუსს მიიღებენ, ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კი რამდენიმე დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი შეიქმნება. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5 მუნიციპალიტეტის შექმნა იგეგმება. გორი იქნება ცალკე თვითმმართველი ქალაქი, ხოლო სოფლებისთვის ცალკე მუნიციპალიტეტები ჩამოყალიბდება.
XS
SM
MD
LG