Accessibility links

logo-print

ორგანიზაცია ხელისუფლების მონიტორინგისთვის


თენგიზ ჯგუშია

თენგიზ ჯგუშია

ყოფილმა პარლამენტარმა თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდში დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმა“, რომლის მთავარი მიზანი ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება იქნება. ჯგუშიას თქმით, რამდენიმე დღის წინ შექმნილ ორგანიზაციას უკვე 400-მდე წევრი ჰყავს. მისივე ცნობით, „სამეგრელოს ხმაში“ გაწევრიანებული არიან პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

თენგიზ ჯგუშიამ ორგანიზაციის სამომავლო მიზნები მოქალაქეებს “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

„ჩემთვის მთავარი ორიენტირი არის ბიძინა ივანიშვილის მიმართულებები და მესიჯები. ვინც არ ეძებს კრიტიკას და ოპონენტს, ის არის საკუთარი თავის მტერი. საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს ის ფილტრი, რომელიც უნდა გაიაროს ხელისუფლებამ“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

რაც შეეხება ორგანიზაციის ფინანსურ რესურსებს, ჯგუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მათ თანხები არ სჭირდებათ.

„მოქალაქეთა უფლებების გავრცობა რომ შევძლოთ, ამისთვის ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდება ფინანსები, მაგრამ იმისთვის, რომ გამგეობასთან და თვითმმართველობასთან ვიმუშაო, ნამდვილად არ მჭირდება ფინანსები. ამას ოცდაოთხსაათიანი მუშაობა სჭირდება“, - უთხრა თენგიზ ჯგუშიამ შეკრებილებს.

შეხვედრაზე კამათი გამოიწვია ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას მიერ დასმულმა კითხვამ. მან თენგიზ ჯგუშიას სთხოვა განემარტა, თუ რა ღირს მისი ავტომანქანა.

„თქვენგან განსხვავებით, მე ყველაფერს შრომით და წვალებით მივაღწიე. მე ვარ აბსოლუტურად გამჭვირვალე. ადრე პირველ არხზე რომ მიგავლინეთ, ჩაგაცვით, დაგახურეთ და ახლა ასე მიფასებთ“, - უპასუხა ჯგუშიამ „სამეგრელოს მედიაორგანიზაციის“ რედაქტორს მალხაზ ბასილაიას, რომლის ცნობითაც, ყოფილი დეპუტატის გაღიზიანება გამოწვეულია მისი მედიასაშუალების მუშაობით.

კერძოდ, ბასილაიას განცხადებით, ის მუშაობს მასალაზე, რომელიც თენგიზ ჯგუშიას პოლიტიკურ ცხოვრებას ეხება. ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ჯგუშიას ორგანიზაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფონდიდან ფინანსდებოდეს.

„მოკლე ხანში გაირკვევა თენგიზ ჯგუშიას ვინ უყიდა „პრადო“ და ვინ აფინანსებს. ჩემი - ჯერ კიდევ გადაუმოწმებელი - ინფორმაციით, ის ფინანსდება პრეზიდენტის მიერ. ჯერჯერობით ჩვენ ძიების პროცესში ვართ. სწორედ ასეთმა საქმიანობამ გააღიზიანა ის“, - ამბობს მალხაზ ბასილაია.

ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია 1955-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო პარტია „მოქალაქეთა კავშირიდან“, 1997 წელს გადავიდა ოპოზიციაში და გახდა „საქართველოს სოციალისტური პარტიის“ წევრი, რომელიც საარჩევნო ბლოკ „საქართველოს აღორძინებას“ შეუერთდა. 1999 წელის საპარლამენტო არჩევნებში თენგიზ ჯგუშია სწორედ ამ ბლოკიდან გახდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი.
XS
SM
MD
LG