Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის წინ გაშლილ კარავთან ინციდენტი მოხდა


პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის წინ გაშლილი კარავი

პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის წინ გაშლილი კარავი

პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის წინ გაშლილ კარავში მცხოვრები დევნილების თქმით, მათ წუხელ „ნაციონალური მოძრაობის“ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დევნილების განმარტებით, 22:00 საათზე კარავს მსუბუქი ავტომანქანა რამდენჯერმე მიუახლოვდა მაღალი სიჩქარით. მანქანაში მსხდომი პირები კარავში მყოფთ მოუწოდებდნენ შეეწყვიტათ ე.წ. კარვის აქცია:

„ათი საათი იქნებოდა, ოთხჯერ ჩაუარეს კარავს და გვეძახდნენ, აქ რა გინდათო, გამოდითო. გვაგინებდნენ. კინაღამ ბავშვი გაიტანეს“;

„გავიგეთ ჩვენ, ვინ იყვნენ ისინი. სახელი და გვარები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ნაციონალებისგან იყვნენ მოსული“, – ამბობენ კარავში მცხოვრები დევნილები.

მათივე განმარტებით, ინციდენტის შესახებ წუხელ დაუყოვნებლივ აცნობეს „დაიცავი საქართველოს“ წევრს კახა მიქაიას, რომელმაც, თავის მხრივ, შემთხვევის შესახებ პოლიციას აუწყა.

კახა მიქაია მომხდარს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თენგიზ გუნავას და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს უკავშირებს:

„ეს არის გუნავას მიერ დადგმული პროვოკაცია, რომლის მონაწილეებიც არიან გუნავა, ბათუკა შელია და მთელი გუბერნია - გუბერნია, რომელიც არის ერთადერთი ნავსაყუდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდში“, – განუცხადა კახა მიქაიამ ჟურნალისტებს კარავთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
არავინ დაუკავებიათ. ეს არასწორი ინფორმაციაა. იქ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა და არა ფიზიკური, ანუ შესაბამისი რეაგირება იქნება. მათზე გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული სანქციები...

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ბათლომე შელია კახა მიქაიას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მის განცხადებებს არასერიოზულად მიიჩნევს.

„ზონდერობისთვის და იმისთვის, რომ კახას ვსდიო, არ მცალია. მე ჩემი საქმეები მაქვს. კახა მიქაია თავისი განცხადებებით რეკლამას იკეთებს. შორიდანაც კარგად ჩანს, რისი გამკეთებელია. ის უაზრო ქმედებები, კუბოები რომ დააქვს და კარავი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაამთავროს მანაც და მისმა გარემოცვამაც. თუ კონსტრუქციულად შეუძლია ილაპარაკოს, კი, ბატონო, მოვუსმენთ, მაგრამ უაზრო აქციებს უნდა მოეშვას. ეს მხოლოდ მის პიარს ემსახურება“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.

დევნილების ცნობით, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებმა ინციდენტში მონაწილე პირები წუხელვე დააკავეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მცდარია. მისი თქმით, ამ დროისთვის დაკითხული არიან მხოლოდ ინციდენტისას კარავში მსხდომი დევნილები.

„არავინ დაუკავებიათ. ეს არასწორი ინფორმაციაა. იქ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა და არა ფიზიკური, ანუ შესაბამისი რეაგირება იქნება. მათზე გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული სანქციები. ის პიროვნებები დაბარებული იქნებიან დაკითხვაზე“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა და დევნილებისთვის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით, კარავი მეცამეტე დღეა პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის მოპირდაპირედ არის გაშლილი. კარავში ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრები დევნილები იმყოფებიან. მათი თქმით, კარავში მყოფთ შეშას, საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს, რიგით მოქალაქეებთან ერთად, „დაიცავი საქართველოსა“ და ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისთვის“ წევრები აწვდიან.
XS
SM
MD
LG