Accessibility links

logo-print

სამეგრელოში წელს თხილს მაღალი ფასი აქვს. ამ დროისთვის ქარხნებსა და მცირე პუნქტებში 1 კილოგრამის ფასი 6 ლარამდე აღწევს. მცირე მეწარმეები და გლეხები კაკლის ფასით კმაყოფილნი არიან, თუმცა მოსავლის სიმცირეზე ლაპარაკობენ.

კილოგრამ თხილზე ასეთი მაღალი ფასი არ ახსოვს ნუნუ წოწონავას. ის წლებია ქალაქის ცენტრში გახსნილ სავაჭრო ობიექტში თხილს გლეხებისგან ყიდულობს. ელოდება მისი თუნდაც ხუთი თეთრით გაძვირებას და გარკვეული ოდენობის დაგროვების შემდეგ თხილი რეალიზაციისთვის ქარხანაში მიაქვს. ამბობს, რომ, შარშანდელთან შედარებით, თხილის ფასი გაორმაგებულია, მაგრამ გლეხები მოსავლის ჩაბარებას ჯერ არ ჩქარობენ:

„ფასმა რომ მოიმატა, უკვე გაჩერდა ხალხი. ნაკლები როცა ღირდა, მაშინ უფრო მოჰქონდათ. ახლა მომატებას ელოდებიან. შარშან თხილის ფასი 4 ლარზე მეტი არ იყო, წელს 6 ლარიც ღირდა, მერე ცოტა დაიკლო და ახლა 5.80 ლარად ვყიდულობთ ჩვენ“.

სამეგრელოს სოფლებში თხილი ოჯახებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. სწორედ ამიტომ აგვისტოს თვეში დიდი თუ პატარა თხილის პლანტაციებში მუშაობს, მოსავალი რომ დროულად მოიწიონ. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. გლეხების ნაწილი აგრძელებს კაკლის დაკრეფა-მოგროვებას. სოფლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ გლეხმა ხეირი ვერც წელს თხილზე ფასის მომატებით ნახა, რადგან მოსავალი ცუდი ამინდების გამო ერთიორად შემცირდა.

„ყინვამ დააზიანა აპრილის თვეში და, შარშანდელთან შედარებით, მეოთხედიც არ არის. იქ, სადაც 6 უნდა ყოფილიყო, ტონა-ნახევარზე მეტი არ არის მოსული. არის ისეთი ადგილები, 2-3 ტონა რომ უნდა მოსულიყო და 100-150 კილოა. ამ მხრივ ძალიან ცუდადაა საქმე. ისე, რა თქმა უნდა, ფასი, შარშანდელთან შედარებით, ძალიან კარგია. ვნახოთ, იქეთ კიდევ რა იქნება, თხილის დაკრეფა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული“, - ამბობს ქეთევან ღვინჯილია, წალენჯიხის სოფელ მიქავას მკვიდრი. ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან ზუგდიდის სოფლებში. აქ თხილი ხანგრძლივ ყინვასთან ერთად სხვადასხვა დროს მოსულმა ძლიერმა ქარმაც დააზარალა. აი, რას ამბობენ ზუგდიდის სოფელ დარჩელში მცხოვრებნი:

„70%-ზე მეტი არ არის. შარშან მეტი იყო, მაღალ ადგილებში საერთოდ არ მოვიდა. ყინვებმა გააფუჭა“.

„რაც ნაკლებია პროდუქტი, მით მეტია ღირებულება, რაც მეტია - მით უფრო ნაკლები. ბაზრის წესებია ეს. უნდა დაფასდეს შრომა. მისი ფასი ადეკვატური უნდა იყოს, ე.ი. უკუგება მეტი უნდა იყოს ჩადებულ შრომაზე. თხილი რა შრომატევადიცაა, იმის ადეკვატური ფასი არ აქვს. 15-20 ლარი უნდა ღირდეს, იმდენ შრომას ითხოვს ის“.

გლეხების თქმით, ამ ეტაპზე თხილი მხოლოდ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფმა ოჯახებმა გაყიდეს. მათ, ვისაც რჩენის ალტერნატიული წყარო აქვს, მოცდა გადაწყვიტეს, რადგან ფასების კიდევ უფრო გაზრდის მოლოდინი აქვთ. ექსპერტების განცხადებით, თხილის ფასს ევროპის ბაზარი არეგულირებს, სადაც პროდუქტზე ფასის მატება ძირითად მიმწოდებელ ქვეყნებში მოსავლის ოდენობაზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG