Accessibility links

logo-print

მედია და არასამთავრობო სექტორი ზუგდიდში არჩევნებამდე 5 თვით ადრე


ზუგდიდი

ზუგდიდი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზუგდიდში პოლიტიკური სუბიექტის აქტიურობა იზრდება. პარალელურად აქტიურად უწევს მუშაობა მედიასაც. არჩევნებამდე 5 თვით ადრე ზუგდიდში პოლიტიკური პროცესების დაკვირვებას მეტნაკლებად ახერხებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. როგორც მათი ნაწილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, მიზეზი ორგანიზაციების მწირი შემოსავალია.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარის“ თავმჯდომარე ხათუნა ბეჭვაია ამბობს, რომ 2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, ზუგდიდში მხლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურობდა, რადგან დიდ ნაწილს დაფინანსებული პროექტები არ ჰქონდა. მისი თქმით, „თანაზიარმა“, არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე დონორ ორგანიზაციას შესთავაზა კოალიციური პროექტების განხორციელება, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაფინანსდა.

„მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით დაფინანსებას, მაგრამ თუ არ იქნება, ჩვენ მაინც ვაპირებთ აქტიურობას“, – ამბობს ხათუნა ბეჭვაია.
არასამთავრობო ორგნიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი მაკა კოდუა მიმდინარე საარჩევნო პროცესს რამდნიმე ფაქტორით განასხვავებს მისი წინამორბედებისგან.

„ ეს არის დაშინების ფაქტები, რომლებიც მაისის თვეში დაფიქსირდა, როგორც პირადად ჩემზე, ასევე „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მიმართ. ასევე სხვა ფაქტები, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები გვაწვდიან “, – ამბობს მაკა კოდუა.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აქტიურდებიან მედიასაშუალებებიც. ზუგდიდში მომუშავე ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი ცალსახად აცხადებს, რომ აპირებს აქტიურად გააშუქოს როგორც არჩევნების მიმდინარეობა, ასევე მისი წინა და შემდგომი პერიოდიც.
ტელეკომპანია „ოდიში“, რომლის მფლობელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახლო ნათესავია, 20 წელზე მეტია ზუგდიდში მაუწყებლობს. მოსახლეობის დამოკიდებულება ტელეკომპანიის მიმართ არაერთგვაროვანია. ტელეკომპანიის მისამართით ხშირად ისმის ბრალდებები, რომ ის პოლიტიკური სუბიექტების აქტივობებს ნაკლებად აშუქებს და რომ აქცენტი მხოლოდ „კარგ ამბებზე“ კეთდება.თავის მხრივ, „ოდიშის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ქობალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობა გაააქტიურა და აშუქებს განურჩევლად ყველა პოლიტიკური პარტიის აქტივობას.

„ ‘ოდიში’ აშუქებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ მონიტორინგის საშუალებით. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, სადაც არქივში დევს ყველა მასალა", - ამბობს ნანა ქობალია.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მუშაობის მეტად გააქტიურებას გეგმავს გაზეთ „ზუგდიდის“ რედაქტორი, ნანი მოსიძე. მისი თქმით, მიუხედავად გაზეთის „უკიდურესად მძიმე“ ფინანსური მდგომარეობისა, ის მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა პოლიტიკური პარტიის შესახებ. ნანი მოსიძე საარჩევნოდ მკითხველს სიახლეს სთავაზობს.

„ ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ ახალი საიტი - „ზუგდიდის ნიუსი“, ის პირდაპირ საარჩევნო დღეებისთვის გავაკეთე“, - გვითხრა ნანი მოსიძემ.

რადიო "ათინათის" ახალი ამბების რედაქტორის თეა შონიას თქმით, ორი თვეა, რაც წინასაარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა და თითქმის ყოველდღე სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ხალხთან შეხვედრებს მართავს. თეა შონიას თქმით, შესაბამისად, რადიო "ათინათიც" გააქტიურდა.

"ეს ინფორმაციები არის აბსოლუტურად დაბალანსებული, ყველა პარტიის წარმომადგენელს ეთმობა თანაბარი დრო",- ამბობს თეა შონია.

მიმდინარე წლის მაისიდან რეგიონში ტელეკომპანია მე-9 არხის ორმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. ჯგუფები ზუგდიდთან ერთად ჩხოროწყუს, წალენჯიხას და ხობს მოიცავენ. მე-9 არხის ერთ-ერთი რეპორტიორის, პაატა ლაგვილავას თქმით, ტელეკომპანია გეგმავს გააშუქოს ყველა ის თემა, რაც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის.

არჩევნებს პირველად გააშუქებს კიდევ ერთი ახალი მედიასაშუალება ზუგდიდში. ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“ 1 წელი მაისში შეუსრულდა. „ახალი ამბების“ რედაქტორის ნანა ხუბუტიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოცემა ახალია, აქ დასაქმებულ ჟურნალისტებს აქვთ არჩევნების გაშუქების გამოცდილება. მისი თქმით, „ლაივპრესმა“ უკვე დაიწყო პროცესების აქტიურად გაშუქება.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში თითქმის ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებიან და აშუქებენ მას მერე, რაც პოლიტიკური პარტიები გააქტიურდნენ. ჟურნალისტების თქმით, ისინი არჩევნების გასაშუქებლად სრულ მზადყოფნაში არიან.
XS
SM
MD
LG